მსოფლიოში ზრდასრულთა მეოთხედზე მეტი ვერ აღწევს ფიზიკური აქტივობის რეკომენდებულ დონეს. ამიტომ, ლიფტის ნაცვლად კიბით სარგებლობა შესაძლოა ბევრად უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. ამის შესახებ “ევრონიუსი” წერს.
აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტისა და ნორფოლკისა და ნორვიჩის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად ადიოდნენ კიბეზე, 39%-ით ნაკლები ჰქონდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გარდაცვალების და 24%-ით ნაკლები — ნებისმიერი მიზეზით გარდაცვალების რისკი, იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც კიბეს უფრო იშვიათად იყენებდნენ.
მათ ასევე ნაკლებად უვითარდებოდათ გულ-სისხლძარღვთა სერიოზული დაავადებები, მათ შორის ინფარქტი, ინსულტი და გულის უკმარისობა.
„კიბეზე ასვლა ფიზიკური აქტივობის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვის პრაქტიკული და ხშირად უგულებელყოფილი გზაა“, — განაცხადა აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის ნორვიჩის სამედიცინო სკოლის მკვლევარმა, ვასილიოს ვასილიუმ.
მკვლევარებმა გააანალიზეს 480 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები. მონაწილეთა ასაკი 35-დან 84 წლამდე იყო. დაკვირვების საშუალო პერიოდი 14 წელს შეადგენდა.
„სპორტდარბაზში სიარულის ან სპეციალური ვარჯიშისგან განსხვავებით, კიბეზე ასვლა მარტივად შეგიძლიათ ჩართოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში — სახლში, სამსახურში ან გარეთ ყოფნისას. ეს კარგი ვარიანტია მათთვის, ვისაც ბევრი დრო ან ვარჯიშისთვის მარტივი წვდომა არ აქვს. ამიტომ, თუ კიბესა და ლიფტს შორის არჩევანის გაკეთება შეგიძლიათ, კიბე აირჩიეთ — ეს თქვენს გულს დაეხმარება,“ — განაცხადა აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის ნორვიჩის სამედიცინო სკოლის მკვლევარმა სოფი პადოკმა.
კვლევის თანახმად, კვირაში რამდენჯერმე კიბეზე სულ რამდენიმე წუთით ასვლაც კი აუმჯობესებს გულ-ფილტვის მუშაობას და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
„ჩვენ მიერ განხილულმა ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ კიბეს ადიხართ, მით უფრო დიდია ჯანმრთელობის სარგებელი. თუმცა მცირე ცვლილებებსაც კი შესამჩნევი გავლენა ჰქონდა“, — აღნიშნა პადოკმა.
მკვლევარების თქმით, კვლევის შედეგები ხაზს უსვამს ყოველდღიური ფიზიკური აქტივობის წახალისების მნიშვნელობას, მათ შორის სამუშაო ადგილებსა და სახლებში, რათა ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში დაეხმარონ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული რისკები შეამცირონ.
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”
ჯანსაღი ცხოვრების პორტალი