ბევრისთვის ვარჯიში დროთა განმავლობაში სასიამოვნო აქტივობიდან ყოველდღიურ მოვალეობად იქცევა. სწორედ ასე მოხდა გამოცემა Eatingwell-ის სტატიის ავტორის ვიქტორია უიტინგტონის შემთხვევაშიც.
მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ის რეგულარულად ვარჯიშობდა, ფიტნესის სფეროშიც მუშაობდა და პირადი ტრენერის გამოცდილებაც ჰქონდა, ვარჯიშისადმი მოტივაცია ნელ-ნელა დაკარგა. როგორც ის სტატიაში წერს, ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც შემთხვევით მინი-ბატუტზე (rebounding) ჩატარებულ ჯგუფურ ვარჯიშს დაესწრო.
პირველი ვარჯიშის შემდეგ ავტორმა იგრძნო, რომ ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო გასართობი – ბატუტზე ხტომა – კვლავ აღმოაჩინა. განსხვავებით ტრადიციული კარდიოვარჯიშებისგან, ეს აქტივობა მასზე არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც დადებითად მოქმედებდა. ვარჯიში აღარ იყო მხოლოდ კალორიების დაწვის ან ფორმაში ყოფნის საშუალება – ის ნამდვილ სიამოვნებად იქცა.
რა არის Rebounding?
Rebounding არის კარდიოვარჯიში სპეციალურ, მცირე ზომის ფიტნეს-ბატუტზე. ვარჯიშის დროს სრულდება სხვადასხვა ტიპის ხტომები, მსუბუქი აერობული მოძრაობები და ძალოვანი ელემენტები, რაც ერთდროულად ავარჯიშებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ფეხების, მუცლისა და სხეულის ღრმა სტაბილიზატორ კუნთებს.
ამ ტიპის ვარჯიშის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ბატუტის ელასტიკური ზედაპირი ამცირებს დატვირთვას მუხლებზე, ტერფებსა და სხვა სახსრებზე. სწორედ ამიტომ, ის ბევრისთვის უფრო კომფორტული ალტერნატივაა სირბილთან ან სხვა მაღალი დატვირთვის კარდიოვარჯიშებთან შედარებით.
რა სარგებელი აქვს?
კვლევების მიხედვით, მინი-ბატუტზე რეგულარულ ვარჯიშს არაერთი დადებითი ეფექტი აქვს. ის აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ზრდის გამძლეობას, ავითარებს ბალანსსა და კოორდინაციას, ამაგრებს ღრმა კუნთებს და ხელს უწყობს სხეულის უკეთეს კონტროლს.
გარდა ამისა, ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ მსგავსი აქტივობა დადებით გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციებზე, კონცენტრაციასა და მეხსიერებაზე. ასევე აღინიშნება, რომ რეგულარულმა ვარჯიშმა შესაძლოა შეამციროს დაცემის რისკი უფროსი ასაკის ადამიანებში და ხელი შეუწყოს ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
ვარჯიში, რომელსაც მოუთმენლად ელოდები
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მინი-ბატუტზე ვარჯიშის დაწყებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იმდენად შეუყვარდა ეს აქტივობა, რომ საკუთარი ბატუტიც შეიძინა და ვარჯიში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქცია. შედეგმაც არ დააყოვნა – გაუუმჯობესდა ფიზიკური ფორმა, გამძლეობა და აღმოაჩინა, რომ სირბილშიც ბევრად უკეთესი შედეგების მიღწევა შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურად არ ვარჯიშობდა.
მთავარი გზავნილი
იდეა მარტივია: საუკეთესო ვარჯიში ის არის, რომლის კეთებაც გიხარიათ. ფიზიკური აქტივობა არ უნდა ასოცირდებოდეს მხოლოდ მძიმე დატვირთვასთან ან ვალდებულებასთან. თუ ისეთი მოძრაობის ფორმას იპოვით, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ, დიდი ალბათობით, მას რეგულარულადაც გააგრძელებთ. ავტორისთვის ეს აღმოჩენა მინი-ბატუტზე ვარჯიში გახდა — აქტივობა, რომელმაც მოძრაობის სიყვარული და ბავშვური სიხარული კვლავ დაუბრუნა.
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”
ჯანსაღი ცხოვრების პორტალი