დღეში ხუთწუთიანი აქტივობა, რომელსაც დამანატისა და მკურნალობის ეფექტი აქვს

ჯანმრთელობისთვის ფიზიკური აქტივობისა და ვარჯიშის სარგებლის შესახებ ბოლო ათწლეულში დაგროვილი მტკიცებულებები უზარმაზარია. მეტაანალიზებისა და საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტების თანმიმდევრული დასკვნები აჩვენებს, რომ ფიზიკური აქტივობა ამცირებს ყველა მიზეზით გამოწვეულ სიკვდილიანობასა და ძირითადი არაგადამდები დაავადებების რაოდენობას.

Advertising

თემაზე სტატიას გამოცემა weforum.org აქვეყნებს და წერს, რომ ბოლო დროს, სხვადასხბა მოწყობილობით (ჭკვიანი საათები, პედომეტრები) გაზომილი ფიზიკური აქტივობის ანალიზმა აჩვენა, რომ ყველაზე ნაკლებად აქტიურ პირებში ზომიერიდან ენერგიულ ფიზიკურ აქტივობამდე მცირე ზრდაც კი დაკავშირებულია ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან ზემოქმედებასთან და სიკვდილიანობის რისკის შემცირებასთან.

ჟურნალ „The Lancet“-ში გამოქვეყნებულ ბოლოდროინდელ კვლევას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ მიმართულებით, რადგან აფასებს ფიზიკური აქტივობის ზომიერი ზრდისა და უმოძრაო ცხოვრების დროის შემცირების შედეგად პოპულაციის დონეზე სიკვდილიანობის შემცირებას. მისი მთავარი გზავნილია, რომ ფიზიკური აქტივობის დღეში ხუთწუთიანმა ზრდამაც კი შეიძლება თავიდან აგვაცილოს გარდაცვალების შემთხვევების ნაწილი. ეს დასკვნა ძალიან იმედისმომცემია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით. თუმცა, საჭიროა ამ შედეგების ფრთხილად ინტერპრეტაცია.

კერძოდ, საუბარია MVPA-ზე (ფიზიკური ვარჯიში საშუალოიდან ინტენსიურამდე შუალედში. ეს ტერმინი მოიცავს ისეთ აქტივობებს, რომლებიც გულისცემას და სუნთქვას შესამჩნევად აჩქარებს – სწრაფი სიარული, სირბილი, ველოსიპედი, ცურვა, აერობიკა, სპორტული თამაშები) და არა დაბალი ინტენსივობის ან შემთხვევით მოძრაობაზე.

ისეთი აქტივობები, როგორიცაა სწრაფი სიარული, ან სირბილი, საკმარის ფიზიოლოგიურ სტიმულს წარმოქმნის ცენტრალური მექანიზმების გასააქტიურებლად, მათ შორის ახალი მიტოქონდრიების (უჯრედების „ძრავების“) განვითარებისთვის, სისხლში შაქრის დონის რეგულირების გაუმჯობესებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროცესებისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობის ხელშეწყობის ბოლოდროინდელ მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომები ხელს უწყობს ამ პრინციპების პრაქტიკაში გამოყენებას. ინტეგრირებულს ეკოსისტემებს, რომლებიც აერთიანებს შეფასებას, პერსონალიზაციას და მუდმივ ჩართულობას, შეუძლია ხელი შეუწყოს ინდივიდუალური პროფილების საფუძველზე მორგებულ სავარჯიშო პროგრამებს, რაც ეხმარება ადამიანებს ზოგადი აქტივობიდან უფრო ზუსტ და ეფექტიან მოქმედებებში გადასვლაში.

„ლანცეტის“ კვლევა დამაჯერებლად აჩვენებს, რომ საშუალოდან ენერგიულამდე ფიზიკური აქტივობის მცირე ზრდასაც კი შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს სიკვდილიანობის რისკი, განსაკუთრებით ყველაზე ნაკლებად აქტიურ პირებში. ეს არც წამალია, არც დანამატი, არც მკურნალობა, რომელიც მაღალკვალიფიციურ ჯანდაცვის სპეციალისტს მოითხოვს – მხოლოდ ხუთი წუთი საშუალოდან ენერგიულამდე ფიზიკური აქტივობა დღეში.

კვლევების ავტორები აღნიშნავენ, რომ მიღებული დასკვნები მოითხოვს კოორდინირებულ, მრავალფუნქციურ სტრატეგიებს, რომლებიც ქმნიან დამხმარე გარემოს და საშუალებას აძლევენ ადამიანებს, თანდათანობით ჩაერთონ სტრუქტურირებულ, მაღალი ხარისხის ფიზიკურ აქტივობაში. შესაბამისად, საბოლოო გზავნილი უნდა იყოს როგორც ინკლუზიური, ასევე ამბიციური: დაიწყეთ მეტი მოძრაობით – ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია – მაგრამ შეეცადეთ უკეთ ივარჯიშოთ.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

თუ კისრის ან მხრის ტკივილი გაწუხებთ, გააკეთეთ ეს სამი მარტივი მოძრაობა

ხართ თუ არა ადამიანი, რომელსაც მუდმივად აწუხებს კისრის დაჭიმულობა ან მხრების ტკივილი? პილატესის ინსტრუქტორი ამბობს, რომ გაჭიმვა ან მასაჟი ყოველთვის გამოსავალი არ არის და სამ მარტივ ვარჯიშს გვთავაზობს.