ფიზიკური ვარჯიშის დადებით მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობაზე უკვე მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. რა გავლენა აქვს ამ დადებითი გავლენის ხარისხზე ვარჯიშის ადგილსა და დროს. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია გაზაფხულის დადგომასთან ერთად, როცა გვეძლევა არჩევანი – დახურულ დარბაზში ვივარჯიშოთ თუ სუფთა ჰაერზე?
ტეხასის A&M უნივერსიტეტის ცენტრის „Center for Health & Nature“ დირექტორის ჯეი მედოკის კვლევა, რომლის შესახებაც გამოცემა verywellhealth.com წერს, ფოკუსირებული იყო ფიზიკურ აქტივობაზე ბუნებრივ გარემოში (PANS), რაც გულისხმობს ვარჯიშს ან ფიზიკურ აქტივობას, რომელსაც თქვენ ბუნებრივ გარემოში ახორციელებთ. მედოკის თქმით, ეს მოიცავს პარკებს, ბილიკებსა და ტყეებს. PANS-ში ასევე შედის „ლურჯი სივრცეები“, ანუ წყლის ობიექტებთან ახლოს მდებარე ტერიტორიები, როგორიცაა ტბები, პლაჟები ან ოკეანეები.
ბუნებრივ გარემოში ფიზიკური აქტივობა შეიძლება მოიცავდეს როგორც აერობულ აქტივობას, ასევე ძალისმიერ ვარჯიშს, მაგალითად, პარკში აზიდვების შესრულებას.
PANS-ის სხვა მაგალითებია ტყის ბილიკზე ლაშქრობა, პარკში სირბილი, თვალწარმტაც ბილიკზე ველოსიპედით სიარული, ტბაში ცურვა, პლაჟზე იოგას ვარჯიში ან ოკეანეში კაიაკით სეირნობა.
„კვლევა ცხადყოფს, რომ ბუნებრივი გარემო შეიძლება იყოს ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის კარგი ადგილი. ადამიანებს ზოგადად მოსწონთ გარეთ ყოფნა, პარკები, ბილიკები და საზოგადოებრივი ბაღები კი ყველაზე პოპულარული ადგილებია,“ – განაცხადა კვლევის ავტორმა ჯეი მედოკმა.
მაგრამ რა ხდის გარე აქტივობას ასე უკეთესს თქვენი ჯანმრთელობისთვის?
მედოკის თქმით, ბუნებრივ გარემოში ვარჯიში გარკვეულ სარგებელს გვთავაზობს, რასაც შენობაში ვარჯიშისგან ვერ იღებთ. კერძოდ, კვლევები აჩვენებს, რომ მოკლევადიანმა აქტივობებმა, როგორიცაა მცირეხნიანი სეირნობა ან ველოსიპედით სიარული, შეიძლება განწყობის გაუმჯობესებას და სტრესისა და შფოთვის შემცირებას შეუწყოს ხელი.
სპეციალისტების თქმით, ბუნებაში ვარჯიში ასევე ხელს უწყობს გულისცემის და არტერიული წნევის შემცირებას, რამაც შეიძლება გულის დაავადებების რისკის კლება გამოიწვიოს.
„აშშ-ში ადამიანები დროის დაახლოებით 90%-ს შენობაში ატარებენ. დროის უმეტესი ნაწილი სხედან – უმოძრაო ცხოვრების წესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. გარდა ამისა, შენობაში ჰაერი შეიძლება ორ-ხუთჯერ უფრო დაბინძურებული იყოს, ვიდრე გარეთ ჰაერი“ – ამბობს ერთ-ერთი ექსპერტი და აღნიშნავს იმასაც, რომ ღია სივრცეში ვარჯიში ასევე დაგეხმარებათ სუფთა ჰაერისა და მზის სხივების მიღებაში, რაც გაძლევთ D ვიტამინის აუცილებელ დოზას – საკვებ ნივთიერებას, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი ძვლების შესანარჩუნებლად, იმუნური ფუნქციის მხარდასაჭერად და კუნთებისა და ტვინის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

დახურულ სივრცეში აქტიური ყოფნა ნიშნავს, რომ თქვენ გამოტოვებთ ბუნებრივ გარემოში გარეთ ყოფნის დამატებით სარგებელს. ბუნებრივ გარემოში აქტიუი ყოფნას ჩვენი ჯანმრთელობისთვის სამმაგი სარგებელი მოაქვს. თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რამაც შეიძლება გარე ვარჯიში რთული ან სახიფათო გახადოს.
კერძოდ, გარე ვარჯიშთან დაკავშირებული ზოგიერთი სირთულე, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ, ასეთია:
ამინდი:
ღია ცის ქვეშ აქტიურობა ნიშნავს, რომ შეიძლება მოხვდეთ წვიმაში, უკიდურეს სიცხეში ან სიცივეში, მაღალ ტენიანობაში. ამ გარემო და ამინდის პირობებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც თქვენს უსაფრთხოებაზე, ასევე კომფორტზე. მიუხედავად იმისა, რომ მზის ზემოქმედება უზრუნველყოფს D ვიტამინს, მზის სხივების ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება ჯანმრთელობისთვის რისკებს შეიცავს, მზის დამწვრობიდან დაწყებული, სითბური დარტყმით გაგრძელებული და კანის კიბოთი დამთავრებული.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ ალერგენების და მავნებლების საფრთხე: შეიძლება შეშფოთების მიზეზი იყოს მტვერი, თუ ის იწვევს რესპირატორულ სიმპტომებს, ხოლო ტკიპები ან კოღოები სხვადასხვა დაავადების გადამტანები არიან.

ამასთან, წვდომა გარე სივრცეზე, რომელიც უსაფრთხოა ვარჯიშისთვის, ყველას არ აქვს. მაგალითად, შესაძლოა, თქვენს სახლთან ახლოს პარკები და ბილიკები გქონდეთ, მაგრამ თუ ისინი კარგად არ არის მოვლილი, შესაძლოა ვარჯიშისთვის უსაფრთხო არ იყოს.
იზოლირებულ ან ცუდად განათებულ ადგილებში ვარჯიში შეიძლება უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენდეს მანქანების, არათანაბარი რელიეფის და ცხოველებთან შეხვედრების გამო.
ზოგიერთი ადამიანისთვის, სპორტული დარბაზი ან სახლის ვარჯიში შეიძლება უფრო ხელმისაწვდომი ან მოტივაციური იყოს, ვიდრე გარეთ ვარჯიში.
დახურულ სავარჯიშო სივრცეებს, როგორიცაა სპორტული დარბაზები, ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ იმ კუთხით, რომ იქ შექმნილია საერთო ატმოსფერო, ხელი ეწყობა საზოგადოების განცდას და ხშირად მოიცავს ისეთ კომფორტს, როგორიცაა ოჯახებისთვის ბავშვზე ზრუნვა. ეს სივრცეები ასევე გვთავაზობენ აღჭურვილობას, რომელიც გარეთ შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი.
თუ გსურთ გაზარდოთ თქვენი გარე აქტივობები, დაიწყეთ მწვანე სივრცეების – პარკების, ბილიკების ან ნაკრძალების მოძიება თქვენს ირგვლივ. მედოკის თქმით, არსებობს მრავალი აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ ადგილობრივი ბილიკები და მწვანე სივრცეები თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს.
ამასთან, თუ კვირაში რამდენიმე დღე ვარჯიშობთ, დაიწყეთ მინიმუმ ერთი დღის ვარჯიშით ღია ცის ქვეშ.

ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გეგმის შედგენა. დაიწყეთ თქვენს ტერიტორიაზე უსაფრთხო, ხელმისაწვდომი ბუნებრივი გარემოს პოვნით, შემდეგ შეამოწმეთ ამინდი და ჰაერის ხარისხის პირობები. შემდეგ, გადაწყვიტეთ ფიზიკური აქტივობების ტიპები, რომელთა შესრულებაც გსურთ. ასევე უნდა იფიქროთ თქვენს მიერ არჩეულ ადგილებში მისვლის დროზე და ტრანსპორტირებაზე, ასევე იმაზე, გსურთ ვარჯიში დამოუკიდებლად თუ სხვებთან ერთად.
ასევე ადამიანებმა უნდა იზრუნონ კანის დაცვასა და შესაბამის ტანსაცმელზე.
ზაფხულში, როცა ცხელა, მნიშვნელოვანია სიფრთხილის დამატებითი ზომების მიღება და სიცხესთან დაკავშირებული დაავადებების სიმპტომების ცოდნა, როგორიცაა კუნთების სპაზმები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და გულისრევა. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა სიმპტომები გქონდეთ, შეწყვიტეთ აქტივობა და გადადით გრილ ადგილას.
გაცნობიერება უსაფრთხო და სასიამოვნო გარე ვარჯიშის გამოცდილების გასაღებია.
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”
გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის
ჯანსაღი ცხოვრების პორტალი