„პლანკა“ – რა უპირატესობები აქვს ამ ხანმოკლე ვარჯიშს

ბოლო წლებში გამოქვეყნებული კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ე,წ, „ხიდი“ („პლანკა“ – როგორც ამ აქტივობას ყველაზე ხშირად უწოდებენ) სხეულისთვის ძალიან ეფექტიანი ვარჯიშია. პირველ რიგში, ის აძლიერებს  სხეულის ცენტრალურ კუნთებს.

Advertising

ვარჯიში გულისხმობს იდაყვებზე და ტერფებზე დაყრდნობით სხეულის გაჩერებას რამდენიმე წამის განმავლობაში.

თემას ეხმაურება გამოცემა verywellhealth, რომელიც წერს, რომ მსგავსი ვარჯიში, შესაძლოა, არტერიული წნევის შესამცირებლად უფრო ეფექტიანი იყოს, ვიდრე მაღალი ინტენსივობის ზოგიერთი ვარჯიში.

კერძოდ, გამოცემის თანახმად, მეცნიერებმა 2023 წელს ჩატარებული მრავალი კვლევის ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ იზომეტრიული ვარჯიშები, რომელთა დროსაც კუნთები იჭიმება, მაგრამ სახსრები არ მოძრაობს, ხელს უწყობს როგორც ზედა (სისტოლური), ისე ქვედა (დიასტოლური) არტერიული წნევის შემცირებას.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ასეთი ვარჯიშები დროთა განმავლობაში აუმჯობესებს სისხლძარღვების ფუნქციას, გულს კი სისხლის უფრო ეფექტურად გადატუმბვაში ეხმარება. „პლანკის“ კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მისი შესრულება მარტივია, არ საჭიროებს სპეციალურ ინვენტარს და რამდენიმე წუთიც საკმარისია. კვლევის მიხედვით, კარგი შედეგისთვის რეკომენდებულია 2-წუთიანი პლანკის 3–4 გამეორება, თითოეულ მათგანს შორის მოკლე შესვენებით.

კვლევების თანახმადვე, „პლანკის“ სხვადასხვა ვარიანტი, განსაკუთრებით არასტაბილურ ზედაპირზე შესრულებული, უფრო მეტად ააქტიურებს მუცლისა და მხრების კუნთებს, ვიდრე ჩვეულებრივი „ხიდი.“ ეს ნიშნავს, რომ ვარჯიშის მცირე გართულებაც კი კუნთებს დამატებით დატვირთვას აძლევს და მათ უფრო ეფექტურად ავითარებს.

არასტაბილურ ზედაპირზე შესრულებული ნიშნავს, რომ ვარჯიში სრულდება ისეთ ზედაპირზე ან ინვენტარზე, რომელიც მოძრაობს ან ბალანსის შენარჩუნებას ართულებს. ასეთ დროს სხეულს მეტი ძალისხმევა სჭირდება წონასწორობის შესანარჩუნებლად და მუშაობაში მეტი კუნთი ერთვება.

რაც შეეხება კუნთებს, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ვარჯიშის რეგულარული შესრულება აუმჯობესებს მუცლის, ზურგისა და მხრების კუნთების გამძლეობას, რაც ხელს უწყობს სწორ პოზას და ამცირებს წელის ტკივილის განვითარების რისკს.

გარდა ამისა, თანამედროვე კვლევები მიუთითებს, რომ იზომეტრიული ვარჯიშები, რომელთა ჯგუფშიც „პლანკაც“ შედის, დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. რეგულარულად შესრულების შემთხვევაში ისინი შეიძლება დაეხმაროს არტერიული წნევის შემცირებასაც, თუმცა სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ მან არ უნდა ჩაანაცვლოს აერობული ვარჯიშები, არამედ მათთან ერთად უნდა შესრულდეს.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

წონის კლების მედიკამენტების გამოყენებამ, შესაძლოა, ფიზიკური აქტივობის შემცირება გამოიწვიოს

ენდოკრინული საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე წარდგენილმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებიც ამ მედიკამენტებს იღებენ, ნაკლებად არიან მიდრეკილნი რეგულარული ვარჯიშისკენ.