თაობა-Z პაბებსა და ჭარბ ალკოჰოლზე უარს ამბობს და ბუნებაში აქტივობებს ირჩევს

მსოფლიოში, რომელიც კონტაქტების სხვადასხვა მეთოდს ეძებს, ჩუმი ძვრები მიმდინარეობს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Independent-ი წერს და აღნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს „მთვრალ უიქენდებზე“ და უფრო მშვიდ დასვენებას – ბუნებაში ფხიზელ შეხვედრებს ირჩევს. ესაა ჯანსაღი ცხოვრების წესის უახლესი ტრენდი, რომელიც ყველა თაობას ეხება და არა მხოლოდ Z-ს, რომელიც, ზოგადად, უფრო მეტად ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე.

Advertising

ავტორი წერს, რომ თანამედროვე ადამიანები  სულ უფრო ხშირად ეძებენ დასვენებისა და აქტივობის ისეთ ფორმებს, როგორიცაა მორბენალთა კლუბებში სიარული და რეტრიტები ტელეფონების გარეშე. ესაა სოციალური ცხოვრების ახალი ტიპი, სადაც დროის გატარება აუცილებლად დილის ნაბახუსევით არ მთავრდება და ამ მდგომარეობას აწმყოს ნათელი გააზრება ცვლის.

სტატიის ავტორს მაგალითად მოჰყავს პროექტი Hike Society კოლუმბიიდან, რომელიც ლაშქრობასა და მუსიკას აერთიანებს. ეწყობა შეხვედრები, გასეირნებები, რომლის დროსაც ადამიანები ერთმანეთს იცნობენ.

„მქონია ღამეები, რომელთა მხოლოდ ნახევარი მახსოვს, და დღეები, რომლებიც ამ ღამეების შედეგად დავკარგე. ახლახანს დავიწყე ფიქრი იმაზე, რეალურად რა ავსებს ჩემს „თასს“, სოციალური ურთიერთქმედებების სახეობებზე, რომლებიც თავს გამდიდრებულად მაგრძნობინებს,“ – წერს სტატიის ავტორი. მისი თქმით, ესაა ურთიერთობების ახალი ტალღა, რომელიც მოიცავს ვარჯიშებსა და კეთილდღეობისკენ სწრაფვას. ეს არის ალკოჰოლზე არა სრულად უარის თქმა, არამედ მისი დეცენტრალიზაცია.

გამოცემის თანახმად, „ფხიზელი ცნობისმოყვარეობის“ შეხვედრებზე დასწრება გასულ წელს 92%-თ გაიზარდა.

„თაობა Z-ს წარმომადგენლებს შორის ბოლო წლებში ძვრა მოხდა: ისინი ნაკლებად ინტერესდებიან პაბებითა და ღამის კლუბებით. ისინი ერთმანეთში კონტაქტობენ ისე, რომ საკუთარი ჯანმრთელობა და ზოგადი კეთილდღეობა გაიუმჯობესონ.“ – ამბობს დიდ ბრიტანეთში Columbia-ს მარკეტინგის მენეჯერი ეოინ ტრეისი.

მისი თქმით, ახალგაზრდები (და არა მხოლოდ ისინი) სხვა ფორმის შეხვედრებს ანიჭებენ უპირატესობას – ესაა ლაშქრობებში სიარული, ჯგუფური სირბილი, ველურ ბუნებაში ცურვა და სხვა. მათი ინტერესის სფეროა ასევე სუფთა ჰაერზე სეირნობა, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, რაც მათ ფსიქიკურ და ზოგად ჯანმრთელობაზე დადებითაც აისახება.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ლაშქრობისას ადამიანები პრაქტიკულად არ იყენებენ მობილურ კავშირს – მათმა მეგობრებმა და ნათესავებმა იციან, რომ არ უნდა ჰქონდეთ მათთან კომუნიკაცია, რადგან მობილური კავშირის სიგნალი გარკვეული დროის განმავლობაში არ ექნებათ.

ასეთ გარემოში გატარებული ერთკვირიანი ლაშქრობის შემდეგ ადამიანები შინ სიმსუბუქის განცდით ბრუნდებიან და ეს განცდა მათ მომდევნო დღეების განმავლობაშიც მიჰყვება.
რაც შეეხება ალკოჰოლს, დროის გატარების აღნიშნული სტილი ალკოჰოლის მიღებას არ გამორიცხავს, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება: სოციალური რიტუალები იქმნება სიმშვიდის, გონების სიცხადისა და კონტაქტების გარშემო, სასმელი კი ამ ყველაფრის ფონია და არა – ფოკუსი.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

ჩვევები და გარემო, რომლებიც თავისა და კისრის ტკივილს იწვევს  –  ფიზიოთერაპევტის რეკომენდაციები

ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ ხანგრძლივი ჯდომა შესაძლოა ტანადობაზე უარყოფითად აისახოს, თუმცა სხვადასხვა ყოველდღიური ფაქტორი, ასევე შესაძლოა იყოს რისკის შემცველი. ფიზიოთერაპევტი მელორი ბეჰენა საკუთარ პაციენტებს შორის გავრცელებულ, ცხოვრების წესის 4 თვისებას აღნიშნავს, რომლებიც ტანადობის გაუარესებას იწვევს.