თანამედროვე ადამიანებს ხშირად უწევთ მთელი დღის მჯდომარე მდგომარეობაში გატარება, რის შემდეგაც ისინი თავს შებოჭილად და გაღიზიანებულადაც კი გრძნობენ.
როცა ერთ პოზაში დიდი ხნის განმავლობაში ხართ, იმისდა მიუხედავად, რამდენად სწორად გიჭირავთ ზურგი, ტკივილის დიდი რისკის წინაშე დგახართ.
ამ პრობლემიდან ძალიან მარტივი გამოსავალი არსებობს. დღის განმავლობაში, პერიოდულად გაწელვები აკეთეთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მაგიდასთან მუშაობას დაასრულებთ.
პილატესის სერტიფიცირებული პედაგოგი ჰუანიტა ფრანტე გვთავაზობს გაწელვების სამ სწრაფ ვარჯიშს, რომლებიც მხოლოდ 10 წუთს წაგართმევთ, თუმცა დაძაბული კუნთების „განმუხტვაში“ ეფექტიანად დაგეხმარებათ.
ამისთვის მხოლოდ ხალიჩა დაგჭირდებათ. საკმარისია უბრალოდ გასწიოთ სკამი და მაგიდასთან დადგეთ.
კატა-ძროხა
დადექით „ოთხზე“, გაშლილი ხელებით. თუ ეს პოზა მაჯებში ტკივილს იწვევს, დაეშვით წინამხარზე, იდაყვებით მხრების ქვეშ. ნელა დაამრგვალეთ ზურგი ისე, რომ მენჯები მკერდს მიუახლოვდეს. შემდეგ უკუმოძრაობა შეასრულეთ და ზურგი შეზნიქეთ, თან თავი, შემდეგ კი მხრები და ბოლოს ზურგი ნელი მოძრაობით ასწიეთ,
ქალთევზა
დაჯექით იატაკზე, ფეხები გადააჯვარედინეთ, ხელები კი იატაკზე დადეთ. თუ მუხლებში ან თეძოებში დისკომფორტს იგრძნობთ, შეგიძლიათ გამართული ფეხებით დაჯდეთ ან საჯდომის ქვეშ ბალიში ამოიდოთ.
შემდეგ მთელი ტანით მარცხნივ გადაიხარეთ, თან მარჯვენა ხელი ასწიეთ და თავზე, მარცხენა მხარეს გადაიტარეთ. შეეცადეთ, გახსნათ გულმკერდის კედლის მარჯვენა მხარე. შემდეგ იგივე მოძრაობა მეორე მხარეს გააკეთეთ. ამ მოძრაობის დროს კისერი და თავი მოდუნებული უნდა გქონდეთ.
ხერხი
დაჯექით იატაკზე, ფეხები თეძოებთან შედარებით ფართოდ გაშალეთ. სხეულის წონა თეძოებზე თანასწორად გადაანაწილეთ, შემდეგ კი ტანით მარჯვნივ შემობრუნდით.
შემობრუნების შემდეგ შეგიძლიათ წინ დაიხაროთ და მარცხენა ხელის ნეკა თითი მარჯვენა ფეხის ნეკა თითს მიაწვდინეთ. შეგიძლიათ გაწელვა კიდევ უფრო გააძლიეროთ იმით, რომ ვარჯიშის დროს მარცხენა ხელს უყუროთ.
ამის შემდეგ მოძრაობა უკუ მიმართულებით შეასრულეთ და საწყისი მდგომარეობის მიღწევის შემდეგ, მეორე მხარეს გაიმეორეთ.
სამივე ჩამოთვლილი ვარჯიში 3-6-ჯერ უნდა გაიმეოროთ.
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”
გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის