უახლოეს დღეებში საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს და, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 გრადუსსაც კი გადააჭარბებს. გაზაფხულის დადგომა და მზიანი ამინდები დამატებითი, ძლიერი მოტივაციის მიმცემია ადამიანებისთვის, რომლებსაც აქტიური ცხოვრების დაწყება ან მისი კიდევ უფრო გააქტიურება სურთ.
გაზაფხული, ესაა დრო, როცა D ვიტამინის ბუნებრივი გზით მიღების შესაძლებლობა გვექნება, რასაც ზამთრის პერიოდში მოკლებულები ვიყავით. შედეგად, ჩვენი იმუნიტეტი მყარდება, განწყობა გვიუმჯობესდება და გარეთ დიდი ხნით ყოფნისა და აქტიური ცხოვრების სურვილიც გვიჩნდება.
მზის შუქი ჩვენს ორგანიზმში სეროტონინის გამომუშავებას განაპირობებს – ესაა ბედნიერების ჰორმონი, რომელიც თავს ბედნიერად, პოზიტიურად და ენერგიულად გვაგრძნობინებს.
ზის შუქი ძილსაც აუმჯობესებს და დილით გაღვიძებას ამარტივებს.
გვეზრდება მოტივაცია – გაზაფხული ახალი წამოწყებებისა და ცვლილებებისკენ გვიბიძგებს. საკუთარ თავს ახალ ამოცანებს ვუსახავთ და მათი მიღწევისთვის მეტ მოტივაციას ვგრძნობთ.
თუ გაზაფხულმა თქვენში ვარჯიშის დაწყების სურვილი წარმოშვა, გაითვალისწინეთ, რომ ამის კეთებას ეტაპობრივად და ნელი ტემპებით უნდა შეუდგეთ. ინტენსიური ვარჯიშები ერთბაშად არ დაიწყოთ. ჯერ სუფთა ჰაერზე სეირნობა, დილის ვარჯიშები და მსუბუქი გარბენები დაიწყეთ.
კარგი იქნება, თუ ვარჯიშისას პარტნიორ მოძებნით, რადგან ოჯახის ან მეგობრების კამპანიაში ფიზიკური აქტივობის დაწყება (ან განახლება) კიდევ უფრო გაგიმარტივდებათ.
გამოიყენეთ ბუნების შესაძლებლობები. მაგალითად, გაზაფხული მშვენიერი დროა ველოსიპედით სეირნობისთვის.
დაისახეთ მიზანი. განსაზღვრეთ, რისი მიღწევა გსურთ და ვარჯიშების გეგმებიც შეადგინეთ. მთავარია, საკუთარ სხეულს მოუსმინოთ და ზედმეტად არ დატვირთოთ. მიეცით მას აღდგენის შესაძლებლობა.
აქციეთ ფიზიკური აქტივობა თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად. იარეთ კიბით ლიფტის ნაცვლად, სამსახურში ან შესვენებაზე ყოველთვის ფეხით იარეთ, თუ მანძილი ძალიან დიდი არ არის.
ამავდროულად, შესაძლოა, ამინდის ცვლილებამ, მზიანი დღეების სიმრავლემა და ჰორმონულმა ცვლიოლებებმა განწყობის ცვალებადობაც გამოიწვიოს. ამ პერიოდს ასევე ახლავს გადაღლა და სეზონური დეპრესიებიც კი. ამ საფრთხეების თავიდან აცილების საუკეთესო შესაძლებლობა კი სწორედ ფიზიკური აქტივობაა.
გამოიყენეთ გაზაფხულის ენერგიის მოზღვავება საკუთარი ჯანმრთელობისთვის, განწყობის გაუმჯობესებისა და ფიზიკური აქტივობისთვის.
* * *
უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქრონიკული დაავადებების ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შემთხვევაში, უმჯობესია, კონსულტაციები ექიმთან გაიაროს, რათა ფიზიკური დატვირთვა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი იყოს.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”