ყინვა და ფიზიკური აქტივობა – სპეციალისტების რეკომენდაციები

საქართველოში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზამთარია. დიდთოვლობის გარდა, ზამთრის ბოლო დღეებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი მის დასავლეთ ნაწილში, ძლიერი ყინვები დადგა. ზოგადად, ზამთარში ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება მარტივი არაა, ძალიან დაბალი ტემპერატურის პირობებში კი ეს სულ უფრო რთული ხდება.

Advertising

ყინვებმა, შესაძლოა, ის ადამიანებიც კი შეაშინოს, ვინც ერთგულად მისდევს ფიზიკური აქტივობის გრაფიკს. თუმცა, თუკი სპეციალისტების რეკომენდაციებს გაითვალისინებთ, ფიზიკური ფორმის შენარჩუნება ამინდის ექსტრემალურ პირობებშიც შესაძლებელია. ფიზიკური ფორმის გარდა, ამით კარგ განწყობასაც შეიქმნით.

ამ საკითხზე საინტერესო ინფორმაციას შეიცავს სამხრეთ დაკოტას ჯანდაცვის დეპარტამენტის საიტი healthysd.gov. საიტის თანახმად, ყინვის პირობებში ვარჯიშების დაწყებამდე მათი დაგეგმვით უნდა დავიწყოთ. ამასთან, რაიმე დაავადების არსებობის შემთხვევაში, ექიმს უნდა გავესაუბროთ.

სხვა რეკომენდაციები კი ასეთია:

არ ჩაიცვათ ძალიან თბილად. ვარჯიშის დროს ბევრი ოფლი გამოიყოფა, რომლის გაშრობის შემდეგაც შესაძლოა გაცივდეთ. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ჩაიცვათ ფენებად, მსუბუქი ტანსაცმელი, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი თანდათანობით გაიხადოთ. ამასთან პირველი ფენა თხელი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული, რათა სხეულს ოფლი მოაცილოს. ამ დროს ბამბის ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმლის ტარება რეკომენდებული არ არის, რადგან ის ხელს უწყობს ოფლის სხეულზე დაგროვებას.

შემდეგი რჩევაა ყურების, ხელებისა და ფეხების გადაციებისგან დაცვა. ამისთვის კარგი იქნება, თუ ქუდზე შარფს მოიხვევთ – ამით ყურებს დაიცავთ. ასევე რეკომენდებულია სქელი ხელთათმანის ქვეშ უფრო თხელი ხელთათმანის ჩაცმა. ეს დაგეხმარებათ, ხელების ოფლიანობის შემთხვევაში, სქელი ხელთათმანი მოიხსნათ და ვარჯიში ასე გააგრძელოთ.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წყურვილს არ გრძნობთ, ბევრი წყალი უნდა სვათ, რადგან ცივი ჰაერი ორგანიზმზე გამოშრობის ეფექტს ახდენს.

რაც შეეხება ფეხსაცმელს, აუცილებელია, მას კარგი მოჭიდების ძირი ჰქონდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ვარდნა. ასევე რეკომენდებულია, ფეხსაცმელი თქვენი ფეხის ზომაზე ნახევარი ზომით დიდი იყოს. არ დაგავიწყდეთ მზის დამცავი კრემის წასმაც, თვალების მზისგან დაცვისთვის კი მზის სათვალის ტარებაა აუცილებელი.

უნდა ვიცოდეთ გადაციების სიმპტომების ამოცნობა, რომლის რისკიც ცივ და წვიმიან ამინდში ვარჯიშისას განსაკუთრებით მაღალია. ყველაზე ფრთხილად ხანდაზმული ადამიანები უნდა იყვნენ. გადაციების სიმპტომებს შორისაა კანკალი, კოორდინაციის დაკარგვა და დაღლილობის შეგრძნება.

და კიდევ ერთი: სავარჯიშოდ გასვლამდე გაიგეთ თქვენი რაიონის ამინდის პროგნოზი. თუ ამინდის პირობები ექსტრემალურია, ჯობია, თავი შეიკავოთ ღია ცის ქვეშ ვარჯიშისგან და ფიზიკური აქტივობა შენობაში გადაიტანოთ.

* * *
უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქრონიკული დაავადებების ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შემთხვევაში, უმჯობესია, კონსულტაციები ექიმთან გაიაროს, რათა ფიზიკური დატვირთვა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი იყოს.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

უარი თქვით გაჭიმვებზე – გაიგეთ, რეალურად რა მოგიხსნით მხრების დაჭიმულობას

როცა მხრები დაძაბული გვაქვს, გაჭიმვა შესაძლოა ყველაზე ლოგიკური პასუხი იყოს. თუმცა ბევრ შემთხვევაში გაჭიმვები პრობლემის …