სარბენი ბილიკი ოფისში – სპეციალისტები ფიზიკური აქტივობის ამ ფორმას სკეპტიკურად უყურებენ

სამსახურში დიდი ხნის განმავლობაში გიწევთ ჯდომა? იქნებ უკვე ფიქრობთ სარბენი ბილიკის შეძენაზე, რომელიც ტრადიციულთან შედარებით შემცირებული და მსუბუქი ვერსია იქნება?
თუმცა ექსპერტების თქმით, ეს არ არის ჯადოსნური მეთოდი ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის.

Advertising

გამოცემა sciencenorway.no-სთან საუბარში სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტის პროფესორი სოლფრიდ ბრატლანდ-სანდა ამბობს, რომ სარბენ ბილიკს გარკვეული სარგებლის მოტანა შეუძლია.

„თუკი სარბენი ბილიკი დაგეხმარებათ, რომ მეტად იმოძრაოთ და ნაკლებად იჯდეთ, ასეთ შემთვევაში ჯანმრთელობისთვის იმავე უპირატესობებს მიიღებთ, რასაც სხვა დროს, მსუბუქი სიარულისას,“ – აღნიშნა სპეციალისტმა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ამ ტრენაჟორის სამუშაო პროცესში მოხმარებას ჯანმრთელობისთვის რაიმე მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა არ შეუძლია, რადგან სიარულის სიჩქარე ძალიან დაბალია.

„თუ ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება გსურთ, ლიფტის ნაცვლად კიბით სარგებლობა და სუფთა ჰაერზე სეირნობა შესაძლოა ასეთივე ეფექტური იყოს,“ – განაცხადა ბრატლანდ-სანდამ.

2021 წელს ჩატარდა იმ ადამიანების კვლევა, რომლებიც სარბენ ბილიკს სამუშაო პროცესში იყენებდნენ. მკვლევარებს აინტერესებდათ, რა გავლენას ახდენს ეს სავარჯიშო მოწყობილობები ენერგიის დახარჯვაზე, ჯდომის ხანგრძლივობასა და მჯდომარე სამუშაოს მქონე ადამიანების ჯანმრთელობაზე.

კვლევა 6 სამუშაო ადგილას ჩატარდა და ჯამში მასში 351-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

კვლევამ აჩვენა, რომ სარბენი ბილიკით სარგებლობის შედეგად შესაძლოა, ენერგიის ხარჯვის ტემპმა საათში 105 კალორიით მოიმატოს, სამუშაო ადგილზე ჯდომის ხანგრძლივობა კი საათში ორი წუთით შემცირდეს.

თუმცა მკვლევარებმა ვერ დაადგინეს რაიმე გავლენის არსებობა სხეულის მასის ინდექსზე, არტერიულ წნევასა და ჭარბ წონაზე. ამიტომ კვლევების გაგრძელება აუცილებელია.
კიდევ ერთი ნორვეგიელი სპეციალისტის, პროფესორ ულფ ეკელუნდის თქმით, სარბენ ბილიკს რეალუად შეუძლია ენერგიის ხარჯვის ინტენსივობის გაზრდა, თუმცა ის ამ მეთოდის გრძელვადიან ეფექტს სკეპტიკურად უყურებს.

„სარბენმა ბილიკმა ჩვენს ჯანმრთელობას რომ სარგებლობა მოუტანოს, საჭიროა, ზომიერი ან სწრაფი ტემპით ვიაროთ. ეს კი საოფისე სამუშაოსთან ყოველთვის თავსებადი არაა,“- აღნიშნა მან.

ეკელუნდს მიაჩნია, რომ სარბენი ბილიკი უნდა განვიხილოთ როგორც სხვა ფიზიკური აქტივობის დამატება და არა მისი ჩანაცვლება.

მას მიაჩნია, რომ უმჯობესია, ასეთი სარბენი ბილიკი სახლში გამოვიყენოთ.
„თუ სარბენი ბილიკით ფილმის ყურებისას სარგებლობთ, ტემპის დარეგულირება უფრო გაგიმარტივდებათ და ის უფრო ეფექტიანი იქნება. ეს თქვენ საშუალებას მოგცემთ, იმოძრაოთ,“ – ამბობს ის.

თუმცა სოლფრიდ ბრატლანდ-სანდას თქმით, ნებისმიერ მოძრაობას მნიშვნელობა აქვს, მათ შორის – სარბენ ბილიკზე.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

უარი თქვით გაჭიმვებზე – გაიგეთ, რეალურად რა მოგიხსნით მხრების დაჭიმულობას

როცა მხრები დაძაბული გვაქვს, გაჭიმვა შესაძლოა ყველაზე ლოგიკური პასუხი იყოს. თუმცა ბევრ შემთხვევაში გაჭიმვები პრობლემის …