ფიზიკური აქტივობა ბავშვებში თამბაქოს მოხმარების რისკს ამცირებს. ისინი სიგარეტის მოწევას, დიდი ალბათობით, არასდროს დაიწყებენ, თუკი მცირეწლოვნობის ასაკიდან იქნებიან დაკავებულები ზომიერი ან აქტიური ფიზიკური აქტივობით. ასეთი შედეგები აჩვენა ახალმა კვლევამ, რომელიც ბრისტოლისა და ექსეტერის, ასევე აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტების თანამშორმლობით ჩატარდა.
არსებული კვლევების თანახმად, ფიზიკური აქტივობა მოზრდილ ასაკში თამბაქოს მოხმარების შემცირებას იწვევს, ბავშვებში კი იგივე კვლევის ჩატარება პრობლემური იყო, რადგან ამისთვის საკმარისი დრო და მონაცემები არ არსებობდა.
უკანასკნელი ნაშრომი კი ამ მიმართულებით ჩატარებული უმსხვილესი და ხანგრძლივი კვლევაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, 2503 ბავშვზე დაკვირვებას ეფუძნება. ისინი დახასიათებულები არიან, როგორც „90-იანელების ბავშვები“ და მათზე დაკვირვება 11-დან 24 წლის ასაკამდე პერიოდში მიმდინარეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ 13, 15 და 24 წლის ასაკში დაკვირვების ქვეშ მყოფი ბავშვების 1,5%, 13,5% და 26,6% (შესაბამისად) მოიხმარდა თამვაქოს.
კვლევის შედეგების თანახმად, 1000 ბავშვიდან 6-მა, რომლებიც 11 წლის ასაკში იყვნენ დაკავებულები ზომიერი და ინტენსიური აქტივობით, 13 წლის ასაკისთვის სიგარეტის მოხმარება დაიწყო მაშინ, როცა ამ ასაკობრივ ჯგუფში მოწევის მაჩვენებელი 1000-დან 15-ია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თამბაქოს მოწევის დაწყების რისკი 13 წლის ბავშვებში 60%-ით შემცირდა.
„ზრდასრულ ასაკში მოწევაზე უარის თქმა კარგია, მაგრამ დაგვიანებულია, რადგან ჯერ კიდევ რჩება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი მომდევნო 30 წლის განმავლობაში. ამიტომ, თამბაქოს მოხმარებისგან ბავშვობის ასაკში დაზღვევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანის ჯანმრთელობაზე. შეიძლება ამ შედეგების ექსტრაპოლირება ვეიპებისა და ელექტრონული სიგარეტების მოხმარებაზე, რამდენადაც როგორც კვამლში, ისე უკვამლო თამბაქოში არის საერთო აქტიური ნივთიერება – ნიკოტინი,“ – აცხადებს ერთ-ერთი მკვლევარი.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”