„გაჭიმვები“ – როგორ ვიყოთ უფრო მოქნილები და სტრესისგან თავისუფლები

ფიზიკურ აქტივობას სხვადასხვა ფორმა აქვს. ერთ-ერთი ეფექტიანია ე.წ. გაჭიმვები.

Advertising

თემას CNN.com აშუქებს და ექსპერტების რეკომენდაციებს გვიზიარებს.

Cruz Chiropractic Wellness-ის დამფუძნებელი, ეშლი კრუზი გამოცემასთან საუბარში განმარტავს, რომ ჩვენი კუნთები არის ის, რასაც სახსრები მოძრაობაში მოჰყავს.

„რეალურად, ჩვენი სხეულის თითოეულ მოძრაობას უნდა ჰქონდეს მოქნილობა, ასევე ელასტიურობა, რომელმაც ეს კუნთი, გაწელვის შემდეგ, სიმშვიდის ნორმალურ მდგომარეობაში უნდა დააბრუნოს,“ – ამბობს კრუზი.

კრუზის თქმითვე, ადამიანებს სურთ უფრო მოქნილები იყვნენ და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორისაა ტრავმების თავიდან აცილება, რაც ასევე მოითხოვს კუნთოვანი მასის გაზრდასა და შენარჩუნებას ვარჯიშის საშუალებით.

„ტრავმების მიღების რისკის შემცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკთან ერთად. მოქნილობა იკლებს კოლაგენის გამომუშავების შემცირების გამო. იზრდება ტროტუარზე დაცემის საფრთხე. ისეთი ქმედებები, როგორიცაა დახრა დავარდნილი ნივთის აღების მიზნით, სულ უფრო პრობლემური ხდება, ვიდრე ახალგაზრდობაში. ხანდაზმულ ასაკში მოქნილობის შენარჩუნება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა კოლაგენის დაკარგვის გამო ამის მიღწევა რთულია,“ – განმარტავს სპეციალისტი.

მისი თქმით, თუ ადამიანი მკვეთრ მოძრაობას აკეთებს, ეს მისი სხეულისთვის უცხოა და სხეული ამაზე რეაგირებს, როგორც წითელი ალამი, რადგან ესაა ტრავმის გამომწვევი შესაძლო მიზეზი.

მოქნილობის გაზრდა კი, როგორც წესი, გაჭიმვების გზით ხდება, რაც, თავის მხრივ, ნერვულ-კუნთოვან „გადამზადებაზე“ გადის. ესაა პროცესი, როცა ნერვული სისტემა კუნთებს გადასცემს სიგნალს გარკვეული მოძრაობების შესასრულებლად.

ხოლო რაც უფრო ხშირად აკეთებს ადამიანი ამ მოძრაობებს, მისი ნერული სისტემა სულ უფრო მეტად „იაზრებს,“ რომ თქვენ ამის კეთება უსაფრთხოდ, ყოველგვარი შედეგების გარეშე შეგიძლიათ.

არის უფრო სახალისო მიზეზები, რომელთა გამოც ზოგიერთ ადამიანს მოქნილობის შენარჩუნება სურს. მაგალითად, ესაა ბავშვებთან თამაშის ან გარკვეული ილეთების, მაგალითად შპაგატის შესრულების სურვილი. სხვებს სექსში სურთ მეტი მოქნილობა, რათა ის მეტად მრავალფეროვანი გახადონ და ტრავმები აიცილონ თავიდან.

ამერიკელი ექიმის რაშელ რიდის თქმით, კარგი ამბავი იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ პრაქტიკის დაწყებას გეგმავს, არის ის, რომ სპეციალური აღჭურვილობა საჭირო არ არის. არ არის საჭირო არც ჰანტელები, არც სარბენი ბილიკი.

ექსპერტების თქმით, მენჯის „გაჭიმვები“, მათ შორის იოგის პოზა „კატა-ძროხა“ და სხვა, გავლენას ახდენს არა მხოლოდ კუნთების რამდენიმე ჯგუფზე, არამედ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაგიდასთან მომუშავე ადამიანებისთვის.

კრუზის თქმით, ბევრ ადამიანს მენჯის ზონა ქრონიკულად დაჭიმული აქვს. ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად კი საუკეთესოა „ბედნიერი ბავშვის“ პოზა (ხალიჩაზე დაწოლილი მდგომარეობა, როცა მუხლები გაშლილია და ისინი ადამიანს მკერდთან ან იღლიებთან მიაქვს მიბჯენილი, ხოლო ტერფები ხელით უჭირავს).


კრუზის თქმით, სხეულის ზედა ნაწილის მოქნილობისთვის ეფექტიანია „გადაშლილი წიგნის“ პოზა, როცა ადამიანის ზურგი ხალიჩაზე მაქსიმალურად სწორადაა მოთავსებული, ბარძაყები კი გვერდითაა გადახრილი.

ექსპერტების თქმით, ადამიანმა კვირაში რამდენიმე „გაწელვა“ უნდა გააკეთოს, თუმცა საუკეთესო ვარიანტი ყოველდღიური გაჭიმვებია.

როგორც ექსპერტები ამბობენ, სტრესის მოხსნა „გაჭიმვების“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
კრუზის თქმით, ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას, რაც ჟანგბადის შემცველობას ზრდის და მეტი კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს.

გაჭიმვები, მოძრაობა და ფიზიკური ვარჯიშები ასევე აუმჯობესებს ლიმფის მოძრაობას, რაც წმენდს ჩვენს სისხლძარღვთა სისტემას.

წყარო: cnn.com

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

უარი თქვით გაჭიმვებზე – გაიგეთ, რეალურად რა მოგიხსნით მხრების დაჭიმულობას

როცა მხრები დაძაბული გვაქვს, გაჭიმვა შესაძლოა ყველაზე ლოგიკური პასუხი იყოს. თუმცა ბევრ შემთხვევაში გაჭიმვები პრობლემის …