ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას დღეში 5-წუთიანი ვარჯიშიც აუმჯობესებს – რას ნიშნავს ექსცენტრიული მოძრაობები

ჯანმოსა და სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციაა, რომ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ადამიანმა კვირაში, ჯამში მინიმუმ 150 წუთის განმავლობაში ივარჯიშოს.

Advertising

თუმცა არაერთი ადამიანისთვის ამ დროის გამოძებნაც რთულია. მათთვის კარგი ინფორმაცია გავრცელდა: ახალი კვლევის თანახმად, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საათობით ვარჯიში არაა აუცილებელი და, თუკი სხვა შესაძლებლობა არ არსებობს, დღეში სულ რამდენიმეწუთიანი ფიზიკური აქტივობაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება.

საუბარია  ექსცენტრიულ ვარჯიშებზე. მათი ყოველდღიურად, 5 წუთის განმავლობაში კეთებას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობა.

​ექსცენტრიული ვარჯიშები მოიცავს კუნთების დაჭიმვას და დატვირთვით გაწელვას. ეს შეიძლება იყოს სიმძიმეების დაწევა ან ჩაჯდომა. ექსცენტრიული ვარჯიშები ხელს უწყობს კუნთების ზრდას და გულის მუშაობის გაუმჯობესებას.

როცა კუნთი იკუმშება, ის სიგრძეში ან მცირდება ან იზრდება. ფაზას, რომელშიც ის იკუმშება, კონცენტრიული ეწოდება, გაწელვის ეტაპს კი – ექსცენტრიული. მარტივი მაგალითი: როცა ხელში ჰანტელებს იღებთ და ხელებს ხრით, ეს კონცენტრიული ვარჯიშია, ხოლო როცა შლით – ექსცენტრიული.

ექსცენტრიულ მოძრაობებს მიეკუთვნება: შტანგის იატაკიდან აწევა და მისი ნელ ტემპში დაწევა, აზიდვების დროს სხეულის ნელა დაშვება და სხვა.

ჟურნალ European Journal of Applied Physiology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ასეთ ვარჯიშებს შეუძლია ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობის, მოქნილობის და ზოგადი ძალის გაუმჯობესება. მკვლევრები ასევე დაინტერესდნენ, რა გავლენას ახდენს ასეთი ვარჯიშები ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ექსცენტრიული ვარჯიშების მოკლე სეანსები კარგი ვარიანტია ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც რთულია ცხოვრების გადატვირთულ რეჟიმში უფრო ხანგრძლივი ვარჯიშების ჩასმა.

ავსტრალიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ობიექტები ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც დღეში 5-წუთიან ექსცენტრიულ ვარჯიშებს აკეთებდნენ საკუთარი წონის გამოყენებით, სახლის პირობებში.  დაკვირვების მეორე ჯგუფში შედიოდნენ ადამიანები, რომლებსაც მჯდომარე ცხოვრების წესი აქვთ.

4-კვირიანი პერიოდის განმავლობაში, კვლევის მონაწილეები ყოველდღიურად ასრულებდნენ ვარჯიშებს, რომლებიც მოიცავდა სკამზე 10-ჯერ ჩაჯდომას, კედლიდან აზიდვას და ტერფებით დაშვებას. აქცენტი კეთდებოდა ექსცენტრიულ მოძრაობებზე, მაგალითად, სკამზე ნელა დაშვებაზე, რომლის დროსაც თეძოების კუნთები იჭიმება და სხეულის წონას იჭერს.

„ჩვენ ვნახეთ კუნთების მნიშვნელოვანი გაძლიერება, მოქნილობისა და ფიზიკური ამტანობის გაუმჯობესება, ასევე დადებითი გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ყოველდღიურად მცირე რაოდენობის მოძრაობებსაც კი შეუძლია  სტაბილური და შესამჩნევი უპირატესობა მოუტანოს ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრების ნაკლებად აქტიური წესი აქვთ,“ – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა კენ ნოსაკამ.

მისივე თქმით, ექსცენტრიული ვარჯიშები ძალიან ეფექტიანია ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებისთვის და ამასთან, ისინი ხელმისაწვდომია ადამიანების უმრავლესობისთვის, რამდენადაც სხეულის წონას იყენებს და სპორტდარბაზში სიარულის აუცილებლობა არ დგას.

„ასაკთან ერთად თქვენი ფიზიკური მომზადების დონე წელიწადში საშუალოდ 1-2%-ით მცირდება. შესაბამისად, 50 წლის ადამიანს ფიზიკური მომზადების დონე 20 %-ით ნაკლები აქვს, ვიდრე 30 წლის ასაკში,“ – განმარტა მან და აღნიშნა, რომ ვარჯიშების რეგულარული კეთება აუცილებელია, განსაკუთრებით ასაკის მატებასთან ერთად. ეს ამცირებს ქრონიკული დაავადებების, ტრავმებისა და დაღლილობის რისკს და ასევე დადებითად მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

 

Check Also

ფიზიკური აქტივობა და აქტიური მოგზაურობა ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში – რეკომენდაციები

განსაკუთრებული ყურადღება მართებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცხელ ქვეყნებში მოგზაურობენ და მოგზაურობის აქტიურ ფორმებს ირჩევენ. სპეციალისტები მათ სხვადასხვა რეკომენდაციას უზიარებენ, რაც ჯანმრთელობის საფრთხეებს აარიდებთ თავიდან.