ბრიტანეთის სპორტული მედიცინის ჟურნალში გამოქვეყნებული რეკომენდაციების თანახმად, ახალბედა დედებმა, მშბიარობიდან 3 თვის განმავლობაში, კვირაში ორი საათი მაინც უნდა დაუთმონ ზომიერ ან ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას, ისეთებს, როგორიცაა სწრაფი სიარული და კუნთების გაძლიერების ვარჯიშები.
თემას medicalxpress.com აშუქებს და წერს, რომ ექსპერტები ახალნამშბიარევ ქალებს ასევე დაჟინებით ურჩევენ, ყოველდღე მენჯის ვარჯიშები აკეთონ, რათა შეამცირონ შარდის შეუკავებლობის რისკი. ეს ძილის ხარისხსა და ხანგრძლივობასაც გაზრდის.
როგორც ცნობილია, მშობიარობიდან კვირების და თვეების განმავლობაში ქალებში იზრდება დეპრესიის, ძილის დარღვევების, დიაბეტისა და სისხლძარღვების დაავადებების რისკი, განსაკუთრებით კი – გართულებული ორსულობის შემთხვევაში. თუმცა საკმაოდ მცირეა მკაფიო რეკომენდაციები იმის შესახებ, რა სახის ვარჯიშები უნდა აკეთოს ქალმა ამ პერიოდში.
ამ ხარვეზის გამოსასწორებლად, ექსპერტებისა და ექიმების ჯგუფმა გადაწყვიტა თანამედროვე, ფაქტობრივ მონაცემებზე დაფუძნებული გაიდლაინების მომზადება ფიზიკური აქტივობის შესახეგ, რომლებიც მშობიარობის შემდგომი ერთი წლის განმავლობაშია რეკომენდებული.
რეკომენდაციები 574 კვლევას ეფუძნება და განკუთვნილია ნებისმიერი ახლად ნამშობიარები ქალისთვის მიუხედავად იმისა, ბუნებრივ კვებაზე ყავთ მათ შვილი თუ არა, ასევე მიუხედავად მათი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და შეზღუდული შესაძლებლობებისა. შედეგად, ჯგუფმა შეადგინა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, მშობიარობიდან 12 კვირის განმავლობაში, ქალებმა, რომლებსაც არ აქვთ ფიზიკური აქტივობისთვის ხელისშემშლელი დაავადება ან სიმპტომი, აერობული და ძალისმიერი ვარჯიშები ერთმანეთს უნდა შეუთავსონ. ასეთია, მაგალითად, სწრაფი სიარული, ველოსიპედით სიარული და კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები, არანაკლებ 120 წუთისა კვირის განმავლობაში. ეს დრო შესაძლოა გადანაწილდეს 4 ან მეტ დღეზე.
რაც შეეხება გარკვეული დაავადებების მქონე ქალებს, მათ ფიზიკური აქტივობის დასაგეგმად ექიმს უნდა მიმართონ.
თუმცა, სპეციალისტების უნივერსალური რეკომენდაციაა, რომ მშობიარობის შემდეგ ყველა ქალმა უნდა აკეთოს თუნდაც მსუბუქი ვარჯიშები, მაგალითად უბრალოდ, იაროს.
ვარჯიშების გარდა, რეკომენდაციებში შედის ძილის რეჟიმის მოწესრიგება, მათ შორის ეკრანზე დამოკიდებულების შემცირება და ძილის წინა პერიოდის სიმშვიდეში გატარება. ეს მნიშვნელოვანია ქალების არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც.
ექსპერტების განცხადებით, ამ რეკომენდაციების შესრულების შედეგად ქალები იგრძნობენ დეპრესიის ნიშნების, შარდის შეუკავებლობისა და წელის ტკივილების შემცირებას. ამ რჩევების გათვალისწინება ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის და დაღლილობის შემცირებასაც ისე, რომ ეს არც რძის ხარისხზე ახდენს ნეგატიურ გავლენას და არც ტრავმების რისკს ზრდის.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, თუმცა მცირე აქტივობასაც კი შეუძლია ქალის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
ექსპერტების შეფასებით, ამ რეკომენდაციების შესრულება ადამიანებისთვის მინიმალურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სამაგიეროდ, ისინი მათ ჯანმრთელობის გაცილებით სერიოზულ პრობლემებსა და დიდ ხარჯებს ააცილებს თავიდან.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”
გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის