როცა გამოფიტულები ხართ, გადაიწვით ან ცოტა დრო გაქვთ, სპორტული ტანსაცმლის ჩაცმისა და ვარჯიშის დაწყების ძალებს, ალბათ, ვეღარ პოულობთ.
თუმცა მსუბუქი სეირნობა ან გაწელვა შესაძლოა, ამ მდგომარეობაშიც კი არც ისე რთული აღმოჩნდეს.
ამ ზე-დაბალინტენსივობის ვარჯიშებს ახალი სახელწოდება აქვს: „ნულოვანი ზონა.“ ეს ტერმინი აღნიშნავს ფიზიკურ აქტივობებს პულსის ზონაში – ესაა ვარჯიშები, რომლებიც სხვადასხვა დონის აერობულ აქტივობებს მოიაზრებს.
როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, „ნულოვანი ზონის“ ვარჯიშები იმდენად მსუბუქი უნდა იყოს, რომ, პრაქტიკულად, ძალისხმევასაც არ უნდა მოითხოვდეს. აქ იგულისხმება ნებისმიერი აქტივობა, რომლის დროსაც პულსი მაქსიმალურის ნახევრის ქვემოთ რჩება (მაქსიმალური პულსის განსაზღვრისთვის, 220-ს თქვენი ასაკი გამოაკელით).
წარმოიდგინეთ: გასეირნება ვახშმის შემდეგ, მსუბუქი გასეირნება ველოსიპედით, ბავშვებთან ერთად თამაში ან საოჯახო სამუშაოების შესრულება.
ნაკლებად აქტიური ადამიანებისთვის ნულოვანი ზონა სასარგებლოა როგორც სამედიცინო ცენტრ Cedars-Sinai-ს სპორტული კარდიოლოგიის პროგრამების ხელმძღვანელი ელი ფრიდმანი ამბობს, თუ თქვენ დროის დიდ ნაწილს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებთ, მცირე მოძრაობაც კი დღის განმავლობაში დაგეხმარებათ ჯანმრთელობის ძირითადი მაჩვენებლების გაუმჯობესებაში, როგორიცაა სისხლის მიმოქცევა, არტერიული წნევა და სისხლში შაქრის დონე.
„ადამიანები, რომლებიც არაფრისკეთებიდან რაიმის კეთებაზე გადადიან, მაქსიმალურ შედეგს იღებენ,“ – განაცხადა ფრიდმანმა. მისივე თქმით, დროთა განმავლობაში აქტივობისა და ინტენსივობის ზრდა გაგიუმჯობესებთ წონასწორობას და ამტანობას, ასევე გაზრდის კუნთოვან მასას.
როგორც ამ საკითხის მკვლევრები აღნიშნავენ, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ცხოვრების არააქტიური წესით ცხოვრობენ, გარდაცვალების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე მათ შორის, ვინც მცირედით მეტს მოძრაობს.
თუკი „ნულოვან ზონაში“ აქტივობა თქვენს ცხოვრებაში ერთადერთი მოძრაობაა, ექსპერტების რჩევაა, ის დღის განმავლობაში რაც შეიძლება ხშირად გაიმეოროთ. ეს ასევე დაგეხმარებათ, უფრო ინტენსიურ ვარჯიშებზე გადახვიდეთ.

ნულოვანი ზონის ვარჯიშით ინტენსიურ აქტივობებს ვერ ჩაანაცვლებთ
თუ სპორტით რეგულარულად ხართ დაკავებული და ზომიერ ან მაღალინტენსივობის ვარჯიშებს აკეთებთ, ზონა 0-ში ვარჯიში, შესაძლოა, სასარგებლო დამატება გახდეს თქვენს ფიტნეს-პროგრამაში. თუმცა ის მათ ვერ ჩაანაცვლებს.
ცხადია, დიდ დატვირთვებს, იქნება ეს აერობული თუ ძალოვანი, შეუძლია მეტი სარგებელი მოუტანოს თქვენს ჯანმრთელობასა და ფიზიკურ ფორმას, ვიდრე მოძრაობებს ნულოვან ზონაში. ზონა „0“ ვერ გაგხდით უფრო რელიეფურს, თუმცა დაგეხმარებათ ინტენსიურ ვარჯიშებში.
ამასთან, შესვენების დღეებში ვარჯიშის ეს ფორმა შესაძლოა იყოს აქტიური დასვენების ან აღდგენის შესანიშნავი ფორმა, რასაც კუნთების ტკივილებისგან თქვენი დაცვა შეუძლია.
ნულოვან ზონაში ვარჯიში შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყოს მათთვის, ვინც შაბათ-კვირას ვარჯიშობს ან სპორტდარბაზში სიარულს კვირაში მხოლოდ ერთხელ ახერხებს, თუმცა დროის დიდ ნაწილს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებს.
ზედმეტად არ გაართულოთ
ყოველდღიური ვარჯიშებისთვის ფორმალური დასახელებებისა და პარამეტრების მინიჭება ზოგიერთი ადამიანისთვის მამოტივირებელია. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვისაც ეშინოდა ინტენსიური ვარჯიშების კეთების. ფრიდმანი ამბობს, რომ მთავარია, ყოველდღიური აქტივობა ნებისმიერი ხელმისაწვდომი და მდგრადი მეთოდით გავზარდოთ.
ზოგიერთ დღეებში შესაძლოა, ნულოვან ზონაში აქტივობა ავტომობილის დანიშნულების ადგილისგან მოშორებით დაპარკინგება, ან კიბეზე ასვლა იყოს. სხვა დროს ეს შეიძლება, ნიშნავდეს ბაღში მუშაობას ან კარადის დალაგებას.
იმოძრავეთ ისე, როგორც თქვენთვის კომფორტულია. მთავარია იმოძრაოთ!
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”
ჯანსაღი ცხოვრების პორტალი