ველოსიპედით გადაადგილება ტვინისთვის უფრო სასარგებლო აღმოჩნდა, ვიდრე – ფეხით სიარული – ახალი კვლევა

ველოსიპედით სიარულის დადებითი მხარეები კარგადაა ცნობილი. ამ თემაზე უცხოური გამოცემები ხშირად წერენ. დღეს აღნიშნულ საკითხზე სტატია გამოჩნდა ავსტრალიურ გამოცემა The Sydney Morning Herald-ში. სტატიის ერთ-ერთი რესპონდენტი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. ელისონ მაკ კორმაკი ამბობს, რომ ლონდონიდან მელბურნში გადასვლის შემდეგ მან ავტომობილი ველოსიპედით ჩაანაცვლა, რომლითაც ყველგან, მათ შორის სამსახურშიც, ნებისმიერ ამინდში დადის.

Advertising

ის ამბობს, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობით არასდროს ყოფილა დაკავებული, ველოსიპედზე გადასვლამ კი მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა.

„ეს მოგზაურობის მხიარული საშუალებაა, რადგანაც თქვენ ყოველთვის ახლანდელ მომენტში იმყოფებით,“ – ამბობს იგი.

კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ველოსიპედთან დამეგობრების გამოცდილება აქვს, კირან ბერნსია, რომელიც საკუთარი ფიზიკური ფორმის გაუმჯობესების მეთოდებს ეძებდა და ამ პროცესში შეამჩნია, რომ სიდნეიში, მის სამუშაო სივრცეში, სარდაფში ველოსიპედების შესანახი ადგილი იყო. ამიტომ მან სამსახურში ველოსიპედით სიარული დაიწყო და მას შემდეგ ოფისში მისასვლელად მხოლოდ ამ ტრანსპორტს იყენებს.

„მე არ მაქვს იმდენი ნებისყოფა, რომ სპორტდარბაზში ვიარო,“- აცხადებს ორი შვილის 47 წლის მამა, – ველოსიპედი კი უკეთესი ვარიანტია, რადგან მას ჩემს ყოველდღიურობაში ვარჯიში შემოაქვს.  ეს კარგი საშუალებაა, არ ვიჯდე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, და უკეთესი ვარიანტია, ვიდრე სამსახურში ფეხით მისვლა. თქვენ აღარ გაქვთ პრობლემები, რომლებიც ავტომობილის მართვისას გექმნებათ – ისეთები, როგორიცაა პარკირებით ან საწვავის ღირებულებით იმედგაცრუება.“

გამოცემის თანახმადვე, ველოსიპედით სიარულის დადებითი გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე კარგადაა ცნობილი, უახლესმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ველოსიპედით სამსახურში სიარულს შესაძლოა გრძელვადიანად კოგნიტური უპირატესობები ჰქონდეს, განსაკუთრებით დემენციის დადგომისას.

კერძოდ, საუბარია კვლევაზე სახელწოდებით Active Travel Mode and Incident Dementia and Brain Structure, რომელიც სიდნეისა და ჩინეთის Huazhong University of Science and Technology-ს უნივერსიტეტების მიერ ჩატარდა და რომელმაც 500 ათასამდე ადამიანის მონაცემი 13-წლიან დინამიკაში გააანალიზა. მათ შორისაა ბრიტანეთის ბიობანკის მონაცემებიც.

კვლევის ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ველოსიპედით სამსახურში სიარული ან „შერეული სიარული“ – ველოსიპედითა და სხვა ტრანსპორტით სარგებლობის კომბინაცია – დაკავშირებულია  ყველა მიზეზით გამოწვეული დემენციის დაბალ სიხშირესთან. ეს გულისხმობს როგორც ადრეულ, ისე გვიანდელ დემენციასაც. საინტერესოა, რომ ამ კუთხით ფეხით სიარული, კვლევის თანახმად, უფრო ნაკლებ ეფექტიანი აღმოჩნდა.

გამოცემა უბრუნდება მაკ კორმაკის გამოცდილებას, რომელიც ამბობს, რომ სამსახურში ველოსიპედით სიარული არის გონებრივი შესვენება ოფისსა და სახლს შორის.
„თქვენ საკმაოდ ყურადღებიანი უნდა იყოთ, რადგან გარემოს, წონასწორობას და მოძრაობას უნდა აკვირდებოდეთ,“ – განმარტავს იგი.

ამდენი მეცნიერული არგუმენტის მოსმენის შემდეგ, ველოსიპედზე არჩევანის გაკეთება ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

 

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

 

Check Also

კიბეზე ასვლა, ფიზიკური ჯანმრთელობის გარდა, ტვინისთვისაც სასარგებლოა

გონებასა და სხეულს შორის ურთიერთკავშირის შესახებ ცოდნის გაფართოებასთან ერთად, სულ უფრო ნათლად იკვეთება ფიზიკური აქტივობის გავლენა კოგნიტურ პროცესებზე. ამ მიმართულებით, კიბეზე ასვლა თითქოს ძალიან დამაჯერებელ არგუმენტს გვთავაზობს.