რაც უფრო ასაკში შედიან ადამიანები, მით მეტად აფასებენ „ნათელ გონებას“ და ჯანმრთელობას.
მკვლევარებმა სპეციალური ტერმინიც კი შექმნეს იმ ხანდაზმული ადამიანების დასახასიათებლად, რომელთა ტვინი 80 წლის ასაკის შემდეგ 50 წლის ადამიანისას შეესაბამება. ამის შესახებ გამოცემა Huffpost-ი წერს. ექსპერტები ასეთ ადამიანებს „სუპერეიჯერებს“ უწოდებენ. ეს მხოლოდ დღეგრძელი ადამიანები არ არიან – კვლევების თანახმად, „სუპერეიჯერების“ ტვინი გაცილებით ახალგაზრდა ასაკის ადამიანების ტვინს გავს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს მოვლენა მხოლოდ ბუნებრივი მოცემულობა არაა და ასაკში „სუპერეიჯერობა“გარკვეული ძალისხმევის შედეგადაა შესაძლებელი.
ფაინბერგის სამედიცინო სკოლის დოცენტი, კოგნიტური ნევროლოგიის სპეციალისტის, თამარ ჰეფენის თქმით, არ არსებობს არანაირი „ტრიუკი,“ რომ „სუპერეიჯერები“ გახდნენ. ესაა ბიოლოგიის, საცხოვრებელი გარემოსა და პირადი ფაქტორების ერთობლიობა.
თუმცა არის რამდენიმე სასარგებლო ჩვევა, რომელთა ცხოვრებაში დანერგვაც დაგვეხმარება, ვიყოთ ენერგიულები ხანდაზმულ ასაკშიც.
იმოძრავეთ რეგულარულად
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის დოცენტის, გერონტოლოგ ჯენიფერ ეილშირის თქმით, სხეულის ყოველდღიური მოძრაობა უკავშირდება როგორც დიდხანს სიცოცხლეს, ისე ჯანმრთელ დაბერებას. იგულისხმება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა მებაღეობა, ხელსაქმე, სახლის საქმეები და სხვა.
მოძრაობად მიიჩნევა სიარულიც, მთავარია ცხოვრების მჯდომარე სტილზე ვთქვათ უარი.
მიიღეთ მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობებში
ადამიანები ერთმანეთთან მუდმივად ურთიერთობენ, იქნება ეს ურთიერთობა მეგობრებთან თუ ოჯახთან, კოლეგებთან თუ უბრალო ნაცნობებთან.
კვლევები აჩვენებს, რომ მყარი სოციალური კავშირების მქონე ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ და უკეთესი კოგნიტური და ფიზიკური ჯანმრთელობა აქვთ.
გააკეთეთ ყველაფერი სტრესის შესამცირებლად
სამსახური, ფული, ჯანმრთელობის და ოჯახის პრობლემები – ცხოვრება სტრესითაა სავსე. თუმცა ჯანსაღი გონებისა და სხეულის შენარჩუნებისთვის აუცილებელია, არასაჭირო სტრესი ნებისმიერ ფასად შეამციროთ.
გაუკეთეთ გამოწვევა თქვენს გონებას
ეილშირის თქმით, კოგნიტური სტიმულაცია ასევე ძალიან დიდ როლს ასრულებს ჯანმრთელ დაბერებაში. არსებობს ბევრი საშუალება, რათა ასაკის მატებასთან ერთად საკუთარ გონებას გამოწვევები შეუქმნათ.
„თქვენ არასდროს იქნებით ზედმეტად მოხუცი იმისთვის, რომ ახალი ენა შეისწავლოთ, ისწავლოთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ან ისეთი რამის კეთება, რაც მართლაც გამოწვევა იქნება თქვენთვის კოგნიტური და გონებრივი კუთხით,“ – განაცხადა სპეციალისტმა.
გამოძებნეთ დრო იმისთვის, რაც მოგწონთ
ეილშირის თქმით, სუპერეიჯერები არიან ჯანმრთელი, ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც აკეთებენ იმას, რაც მათ ბედნიერების და კმაყოფილების განცდას ანიჭებს. ასაკი არ არის ის, რის გამოც თქვენ ამაზე უარი უნდა თქვათ.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”