ფიტნეს სახტუნაო იაფფასიანი, მსუბუქი და მცირე ზომის ინსტრუმენტია, რომელიც სწრაფი და ინტენსიური აერობული ვარჯიშების შესრულებაში დაგეხმარებათ.
გამოცემა runnersworld.com-ი აქვეყნებს სტატიას იმ უპირატესობების შესახებ, რომლებიც აღნიშნულ ვარჯიშებს მოაქვს.
გამოცემას მოჰყავს კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, დღის განმავლობაში აქტივობის მოკლე „აფეთქებებს“ სხეულისა და გონებისთვის საოცარი შედეგების მოტანა შეუძლია. სულ რაღაც 10-წუთიანი მოძრაობაც კი დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზსა და ადამიანის განწყობაზე. სწრაფი და ეფექტიანი ვარჯიშის ერთ-ერთი შესანიშნავი მეთოდი სწორედ ფიტნეს-ლახტით ვარჯიშია.
სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის წარმომადგენლის, ჯეიმს ბეგლის თქმით, რომელიც კინეზიოლოგიის სპეციალისტია (ესაა მედიცინის დარგი, რომელიც იკვლევს და მკურნალობს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემათა პათოლოგიებს და მათ გამომწვევ მიზეზებს), ფიზიკური აქტივობის ეს ფორმა, მშვიდ მდგომარეობასთან შედარებით, მეტაბოლიზმს 10-12-ჯერ ზრდის და ეფექტიანობის კუთხით ის 9-10 კმ/სთ სიჩქარით სირბილის ტოლფასია.
თუ თქვენ ცოტა დრო გაქვთ, არის ზამთარი, წვიმს ან ღამეა, ლახტით ხტომა კარდიოვარჯიშების იდეალური ალტერნატივაა. თანაც, არც დიდი ოთახი და არც რაიმე განსაკუთრებული მოწყობილობა არ დაგჭირდებათ.
ისევე როგორც სირბილის დროს, ლახტით კარდიოვარჯიშების ინტენსივობა თქვენზეა დამოკიდებული.
„ლახტით ხტომა შესაძლოა ისეთივე რთული იყოს, როგოც სწრაფ ტემპში სირბილი, თუმცა თქვენ ასევე შეგიძლიათ ტემპის დაგდება და ლახტის გამოყენება მხოლოდ „გახურებისთვის“, – განაცხადა ჯგუფური ფიტნესის სპეციალისტმა არნოლდ გონსალესმა, რომელიც ამავდროულად მოკრივეცაა.
მისივე თქმით, ეს ვარჯიშები ამაგრებს ფეხების კუნთებს, რაც უფრო სწრაფ სირბილში გეხმარებათ.
თუმცა, ამ აქტივობასაც აქვს გარკვეული წესები. როგორც გონსალესი ამბობს, ხტომის დროს თქვენი სხეული სწორ მდგომარეობას უნდა ინარჩუნებდეს და ფეხებს უკან არ უნდა სწევდეთ.
გარდა ამისა, რადგან ლახტით კარდიო-ვარჯიშების შესრულება მაღალნტენსიურ აქტივობას მიეკუთვნება, სპეციალისტი გვირჩევს დავრწმუნდეთ, რომ ეს ჩვენთვის უსაფრთხო ვარიანტია. სახსრების რაიმე პრობლემების შემთხვევაში მოძებნეთ ხტომისთვის უფრო რბილი ზედაპირი – მაგალითად გაზონი.
* * *
უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქრონიკული დაავადებების ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შემთხვევაში, უმჯობესია, კონსულტაციები ექიმთან გაიაროს, რათა ფიზიკური დატვირთვა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი იყოს.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”