„იოგა მეხმარება ურთიერთობებში სამსახურში, შვილებთან, ქმართან და მეგობრებთან, პირველ რიგში კი – საკუთარ თავთან“

სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი მაია ჩიტაშვილი ცხოვრების აქტიური, ჯანსაღი წესით ცხოვრობს. ამ არჩევანის გაკეთებაში მას ბავშვობაში მამა დაეხმარა, დროთა განმავლობაში კი მისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესი კიდევ უფრო გააზრებული გახდა. ეძებდა სიახლეებს, ნერგავდა ახალ პრაქტიკებს, რათა საკუთარ თავთან მეტი ჰარმონიულობისთვის მიეღწია. ამ ძიებამ კი ის იოგასთან მიიყვანა.

Advertising

საკუთარ გამოცდილებას ის ის Goodlife.ge-ს უზიარებს.

როდის დავიწყე ფიზიკური აქტივობა?

ზუსტად როდიდან – არ მახსოვს. ალბათ, პატარა ასაკიდანვე, როცა მამამ ჯანსაღი ცხოვრებისკენ მიმაჩვია. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კარატეში გვავარჯიშებდა. საკმაოდ ტანსრული ვიყავი, მახსოვს, არც ღამით ჭამაზე ვამბობდი უარს, მაგრამ ეს ხელს არ მიშლიდა, მამას მიერ გაწერილი ფიზიკური აქტივობების განრიგს დილა-საღამოს მივყოლოდი.

იოგა ჩემს ცხოვრებაში მოგვიანებით შემოვიდა, თუმცა თავიდან მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშის დონეზე. სკოლის პერიოდში წიგნებით ვცდილობდი, შემდეგ სადღაც 35 წლის ასაკში იოგის ცენტრს PR კონსალტინგში ვეხმარებოდი და პარალელურად ვვარჯიშობდი კიდეც. თუმცა ეს არ იყო სიღრმისეული გაგება. მაშინ იოგა ჩემთვის მხოლოდ ახალი გამოცდილება იყო, რომელიც დროებით შვებას მაძლევდა და მომენტურად მოქმედებდა.

5-6 წლის წინ კი სრულიად სხვა დონეზე მივუდექი ამას. გავაცნობიერე, რომ სხეული და სული განუყოფელია. სხეული თავად გვკარნახობს, რაზე უნდა ვიმუშაოთ – სად გვაქვს ე.წ. ბლოკები, რა უნდა დავამუშავოთ, სად უნდა მოვადუნოთ ან გავაძლიეროთ. ეს პროცესი საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი, მისი სურვილები და მიზნები.

დღეს ჩემი ძირითადი სწავლა უკრაინის იოგის ფედერაციაში მიმდინარეობს, სადაც მეხუთე წელია ვსწავლობ ჩემს მასწავლებელ ანა დევიატასთან ერთად. მიხარია, რომ საქართველოში ანა ავრცელებს იმ ღრმა და ფუნდამენტურ სწავლებას, რაზეც ეს ფედერაცია უკვე მრავალი წელია მუშაობს. ამ მხრივ ანა ერთგვარი პიონერიც კია. უცხო ქვეყანაში სწავლების პროცესი მარტივი არ არის, განსაკუთრებით იქ, სადაც სიახლეების მიღება ყოველთვის გამოწვევაა. მაგრამ მისი ძალისხმევა და ცოდნა უდიდეს წვლილს შეიტანს იმ ადამიანების განვითარებაში, ვინც იოგის გზას ადგას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – სტუდია 9-ში, სადაც ვვარჯიშობ, სწავლება მხოლოდ ფიზიკურ დონეზე არ ხდება. აქ მუშაობა სულიერ განვითარებასაც მოიცავს, რაც ცვლილებების პროცესს ბევრად ღრმა და ეფექტიანს ხდის.

დღეს, თუ ოდნავ მაინც ვგრძნობ ჩემს განვითარებას, თუ ჩემს გარშემო ადამიანები იცვლებიან – ეს ჩემი მასწავლებლის, ფედერაციის და საკუთარ თავზე მუშაობის დამსახურებაა, რომელსაც არ ვწყვეტ.

შეცვლილი ადამიანი კი სხვებსაც ცვლის გარშემო…

იოგის გარდა, სხვა აქტივობებსაც ვუთმობ დროს:

დროისა და განვითარების მიხედვით მეც და სხვებსაც ალბათ ეცვლებათ დამოკიდებულებები. ხან ერთით ვართ დაინტერესებულები და ხან მეორეთი. ამ ეტაპზე რამდენიმე აქტივობა უფრო მგონია რომ საჩემოა და ესენია:
• იოგა ჰამაკებზე – სხეულის გაწელვას, ბალანსს და შინაგან სიმშვიდეს მიწყობს ხელს.
• ბანჯი ფიტნესი – ენერგიის დახარჯვა, აგრესიის განტვირთვა, კუნთების ტონუსში მოყვანა და კალორიების დაწვა.
• აუზი და აკვა აერობიკა – დისციპლინა და თვითგამორკვევა, რაც დილით წყლის ენერგიით იწყება.
• High heels ცეკვა – მოძრაობების დახვეწა, ქალურობის გააქტიურება, შინაგანი თავისუფლების აღმოჩენა.
• SUP Yoga – თანამედროვე იოგის პრაქტიკა, რომელიც წყალზე დაფის (SUP board) გამოყენებით ტარდება. თავდაპირველად მეშინოდა, რომ ქარიან ამინდში წონასწორობას ვერ შევინარჩუნებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს წარმოუდგენლად მოტივაციური გამოცდილება იყო. ბუნებაში ვარჯიში, წყლის სიახლოვე და სხეულის ბალანსის გაძლიერება – ეს ყველაფერი საოცარ ენერგიას გაძლევს!

მაგრამ ამ ყველაფრისთვის აუცილებელი არ არის დარბაზში იაროთ ან სადმე თოკებით ეკიდოთ. დღეში სულ რაღაც 5-10 წუთიც საკმარისია: სუნთქვითი ვარჯიში, გაწელვა, მარტივი მოძრაობები – და უკვე სხვა განწყობით დაიწყებთ დღეს!

რატომ ავირჩიე ეს ფორმები?

იოგაზე აღარ გავჩერდები – დღეს, როგორც ვარ და როგორიც ვარ, ეს მთლიანად იოგის დამსახურებაა. იოგა მეხმარება სამსახურში, ოჯახში, ადამიანებთან ურთიერთობაში, შვილებთან, ქმართან, მეგობრებთან… პირველ რიგში კი – საკუთარ თავთან.

ჰამაკებზე იოგა ბალანსსა და სიმშვიდეს მაძლევს. თუმცა ძალის გარეშე აქაც რთულია საკუთარი სხეულის მინიმუმ რამდენიმე მეტრზე აწევა.


ბანჯი ფიტნესით ზედმეტ ენერგიას ვხარჯავ – და ხანდახან აგრესიასაც კი დარბაზშივე ვტოვებ.
ცეკვა მხოლოდ ცეკვა არაა – ეს შინაგანი ტრანსფორმაციაა, ქალურობის კიდევ უფრო დახვეწაა.
აუზზე სიარული დისციპლინას მასწავლის, რადგან დილით წყალში შესვლა ჩემთვის გამოწვევაა.
SUP Yoga – კიდევ უფრო ძლიერს მხდის, მასწავლის როგორ დავძლიო სხვადასხვა გამოწვევა, როგორ შევინარჩუნო ბალანსი თუგინდ ქარიან ამინდში და როგორ ვხვდები ზოგადად გამოწვევებს.

ყველა ადამიანს განსხვავებული გზა აქვს. ვერ იტყვი, რომ ყველასთვის სირბილი ან 2 ლიტრი წყლის დალევა ერთნაირად მოქმედებს. ვერც იმას, რომ ყველა ტიპის ცეკვა ერთნაირ შედეგს იძლევა. ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია. მეც სწორედ ეს მჭირდებოდა, როდესაც უფრო სიღრმისეულ ცოდნას ვეძებდი.

როგორ შევიცვალე?

ალბათ, ამას ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები უკეთ შეამჩნევენ. თუმცა, რაც ნამდვილად ვიცი, არის ის, რომ დღეს უფრო მეტს ვუსმენ საკუთარ ემოციებს. შემიძლია ვაკონტროლო, რამ არ უნდა “წამიღოს”, როგორ მივაღწიო მიზანს და როგორ არ მოვექცე გარემოს გავლენის ქვეშ (ან საჭიროების შემთხვევაში – პირიქით, თავად მოვახდინო გავლენა).

ინდივიდუალური მიდგომა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჩემს ცხოვრებაშიც ასეთი ეტაპი იდგა. მახსოვს, მაშინ ციგუნითა და ტაიჩით ვიყავი გატაცებული, მაგრამ მჭირდებოდა უფრო მეტი — ფუნდამენტური და მეცნიერული ცოდნა, ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც იოგის, როგორც მეცნიერების, ცოდნასთან დამაახლოვებდა. ძალიან გამიმართლა, რომ იოგის უკრაინელმა მასწავლებელმა მირჩია, მის პირად პედაგოგთან გამევლო გასაუბრება, რათა იოგაზე ავეყვანე. ასე მარტივად არ იღებდნენ ჯგუფში მოსწავლეებს. პანდემია იდგა და მაშინ გამონაკლისი დაუშვეს — პირველად აიყვანეს ჯგუფში 40+ ასაკის ადამიანები. ახლა ვხვდები, ეს რამხელა სირთულეა, როცა იოგაზე, იქ, სადაც შენს უამრავ „ბლოკთან“ და კომპლექსთან ერთად მიდიხარ და გგონია, რომ ყველაზე მაგარი ხარ, მიგიღოს მასწავლებელმა და მეტიც, გახდეს შენი სულიერი მეგზური. გასაუბრების გავლის შემდეგ კიდევ ვყოყმანობდი, დამეწყო თუ არა სწავლა უკრაინელ მასწავლებელთან, ანა დევიატასთან, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და უკვე მოსწავლეებიც ჰყავდა. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ გამიჭირდა პირველ რიგში საკუთარი ეგოსა და ამბიციების მართვა, როცა ჯგუფში მივედი. უამრავი ჭიდილი და ბრძოლა მქონდა საკუთარ თავთან. არაერთხელ მიტირია და მიბრძოლია, როცა ბავშვობის ტრავმებთან მიწევდა მუშაობა, მაგრამ უფრო ბევრჯერ მიზეიმია კიდეც, როცა სოციუმის ნორმები ჰარმონიულად დამირღვევია, სიახლე აღმომიჩენია ჩემს თავში, სხვებისთვის მაგალითი მიმიცია, მიზეიმია საკუთარ თავზე გამარჯვება და ის ცვლილება, რასაც ჩემი სული და სხეული ერთად განიცდის.
მთავარი ისაა, რომ ცვლილებების გზა უსასრულოა. წინა წელს მეგონა, რომ უკვე შეცვლილი ვიყავი, მაგრამ ახლა ვხვდები – ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ კიდევ უფრო დიდი ტრანსფორმაცია მელოდება!

რას ვფიქრობ ახალი საიტის – Goodlife-ის მისიის შესახებ?

ჩვენ ყველანი მასწავლებლები ვართ – თუნდაც საკუთარ გარემოში. ჩემთვის საბჭოთა კავშირის დროინდელი წითელი იოგის წიგნი პირველი ნაბიჯი იყო. ახალი პორტალი კი თანამედროვე თაობას მისცემს შესაძლებლობას, აღმოაჩინოს ეს საოცარი სამყარო იმ რაღაც დამალული წიგნებისა და ცოდნების მიღმაც.

თუ ჩვენ მცირე მარცვალს მაინც დავთესავთ, დავანახებთ ადამიანებს, რა საოცარ სამყაროში, უნიკალურ სხეულში მოხვდნენ, რა საოცარი სული აქვთ და როგორ შეუძლიათ ჰარმონიული განვითარება, ჩვენი მისია შესრულებული იქნება.

სხეულზე და სულზე მუშაობა – ეს გრძელვადიანი პროცესია.

და თქვენ აქ სწორედ ამიტომ ხართ – იყოთ მაგალითი ბევრისთვის და შეცვალოთ!

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

უარი თქვით გაჭიმვებზე – გაიგეთ, რეალურად რა მოგიხსნით მხრების დაჭიმულობას

როცა მხრები დაძაბული გვაქვს, გაჭიმვა შესაძლოა ყველაზე ლოგიკური პასუხი იყოს. თუმცა ბევრ შემთხვევაში გაჭიმვები პრობლემის …