სათხილამურო სპორტი მთელს მსოფლიოში ზამთრის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. მსოფლიოს 67 ქვეყანაში 2000-ზე მეტი სამთო-სათხილამურო კურორტი არსებობს.
თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი არა მხოლოდ სპორტის შესანიშნავი სახეობებია, არამედ ასევე არის ფსიქიკური კეთილდღეობის მიღწევის ძალიან ძლიერი საშუალება. მთის სუფთა ჰაერის, ლამაზი პეიზაჟებისა და ადრენალინის მოზღვავების ერთობლიობა – ეს ადამიანის გონებისთვის უნიკალური კოქტეილია. ამის შესახებ გამოცემა abalancedlifetahoe.com წერს და სპორტის ამ სახეობების ყველაზე მნიშვნელოვან შედეგებს გვთავაზობს:
“ჩახუტება” ბუნებასთან
თხილამურებზე ან სნოუბორდზე სრიალის დროს მომხიბვლელი პეიზაჟით ტკბობა და სუფთა ჰაერი ადამიანზე დამამშვიდებლად მოქმედებს, ხელს უწყობს სტრესის მოხსნას და განწყობის გაუმჯობესებას. ასევე ცნობილია, რომ დიდებული ხედები საშუალებას გვაძლევს, თავი რაღაც დიდის ნაწილად ვიგრძნოთ, რაც მადლიერებისა და სიმშვიდის განცდას გვანიჭებს.
ენდორფინების აფეთქება
ფიზიკური აქტივობა, რომელიც თხილამურებით სრიალს უკავშირდება, ენდორფინების გამოყოფას იწვევს. ესაა ჯადოსნური მოვლენა – ენდორფინებს „ბედნიერებისა“ და „სიხარულის ჰორმონებსაც“ კი უწოდებენ. ამიტომ მათი გამოყოფა ეიფორიისა და ბედნიერების განცდას გვანიჭებს.
სრიალი ააქტიურებს კუნთების სხვადასხვა ჯგუფს, რაც მთელ სხეულს ავარჯიშებს და ამავდროულად აუმჯობესებს ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობას.
გააზრებული მოძრაობა
თხილამურებსა და სნოუბორდზე სრიალი მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას, განსაკუთრებით რთული რელიეფის პირობებში. „მიმდინარე მომენტში დარჩენის“ აუცილებლობა მოთხილამურეს საშუალებას აძლევს, დროებით თავიდან აიცილოს ყოველდღიურობის ზეწოლა და მთლიანად სრიალის სიამოვნებაში გადაეშვას. თანამედროვე მსოფლიოში, ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
სოციალური კავშირები
თხილამურებზე თუ სნოუბორდზე სრიალი სოციალური ქმედებაა, რომელიც მეგობრებთან, ოჯახთან, ზოგჯერ კი უცნობებთან დაახლოებაშიც გვეხმარება. სხვებთან ერთად სრიალი ერთობის განცდას გვანიჭებს, ამცირებს იზოლაციის გრძნობას და ქმნის პოზიტიურ სოციალურ გარემოს. ეს კი მნიშვნელოვანი პირობაა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
გამოწვევა და ტრიუმფი
მთების „დაპყრობა“ მიღწევის, წარმატების განცდას გვანიჭებს და თვითშეფასებას გვიძლიერებს. მთებში სირთულეების გადალახვა თავდაჯერებულლობას გვმატებს, რაც ცხოვრების სხვა სფეროებზეც ახდენს დადებით გავლენას, აძლიერებს ჩვენში გადაწყვეტილების მიღების უნარს და შინაგან სიძლიერეს.
ზამთრის მზის შუქი და ვიტამინი „დე“
მზის სხივების ზეგავლენას, მათ შორის ზამთარში ვიტამინ „დეს“ გამომუშავებას უწყობს ხელს, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
რუტინისგან გაქცევა
თხილამურებზე და სნოუბორდზე სრიალი გვაძლევს საშუალებას, დავისვენოთ ყოველდღიური რუტინის მონოტონურობისგან. გარემოს ცვლილება, მძაფრი შეგრძნებები და თავგადასავლები ესკაპიზმის („გაქცევა, თავის გადარჩენა“) განცდას გვანიჭებს და გონების გადატვირთვის შესაძლებლობას გვაძლევს. ეს ყველაფერი კი ბედნიერებით გვავსებს.
ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესოა Journal of Exercise and Rehabilitation-ში გამოქვეყნებული კვლევა, რომლის თანახმადაც, თხილამურებზე სრიალი მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს სტუდენტებში. ისეთი საქმიანობები კი, რომლებიც სტრესს მართავს და ასუსტებს მას, დაბალანსებული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია.
* * *
უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქრონიკული დაავადებების ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შემთხვევაში, უმჯობესია, კონსულტაციები ექიმთან გაიაროს, რათა ფიზიკური დატვირთვა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი იყოს.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”