ოდესმე დაფიქრებულხართ იმაზე, რომ საკუთარი სახლის ეზო ან მისი ნაწილი ფიტნეს-მოედნად გექციათ? არადა „ბაღში ვარჯიშს“ თქვენი ჯანმრთელობისთვის საკმაოდ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.
მებაღეობა მხოლოდ ლამაზი ყვავილების გამოყვანა არ არის, ესაა მთელი სხეულის ვარჯიში, რომელსაც გარემოს გალამაზებასთან ერთად თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეუძლია.
ამ თემას გამოცემა journee-mondiale.com აშუქებს და წერს, რომ ბევრმა არ იცის, რამდენად ეხმარება ადამიანს ბაღში მუშაობა კალორიების დაწვაში. სპეციალისტების თქმით, ეფექტი სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშის შედეგებს უტოლდება. ექიმი ემილი გრინი, რომელიც ოსტინის გამაჯანსაღებელი ცენტრის სპორტული მედიცინის სპეციალისტია, ამბობს, რომ ბაღში 30-წუთიან საქმიანობას 150 კალორიამდე დაწვა შეუძლია, რითიც აერობიკას და იოგას უწევს კონკურენციას.
ბაღში მუშაობას მოქმედებაში მოჰყავს კუნთების ძირითადი ჯგუფები. ისეთი მოქმედებები, როგორიცაა მიწის ამოთხრა, მოფოცხვა, მასალების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, ძალისმიერი ვარჯიშის ტოლფასია.
ბაღი არის ბუნებრივი სატრენაჟორო დარბაზი, სადაც უნიკალური ვარჯიშების კეთების შესაძლებლობა გაქვთ.
ჩაჯდომები გამარგვლის დროს, დახრა მორწყვისას – ბაღის სამუშაოსთან დაკავშირებული ეს მოძრაობები ფიზიკური აქტივობების სახეობებია.
გარდა ამისა, ბაღში მუშაობა მედიტაციის ფორმაცაა. ფიზიკური უპირატესობების გარდა, მებაღეობა სტრესის მოხსნის უნიკალურ მეთოდს წარმოადგენს.
ესაა მოძრავი მედიტაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, კონცენტრირდეთ აწმყოზე, ამ მომენტზე, და ბუნებასთან გაერთიანდეთ.
ამ პრაქტიკას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს შფოთვა და გაგიუმჯობესოთ ზოგადი ფსიქიკური კეთილდღეობა. სწორედ ამ თვისებებით გავს მებაღეობა იოგას.
ისეთი მოძრაობები, როგორიცაა დათესვა, გასხვლა, მოსავლის აღება ზუსტ მოძრაობებს მოითხოვს, რომლებიც ბალანსსა და კოორდინაციას აუმჯობესებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ადამიანებისთვის, რადგან დაცემის რისკებს ამცირებს.
არაერთი მებაღე აღნიშნავს ბალანსის გაუმჯობესებას – ისეთს, რომლებიც ბალანსის ვარჯიშების მიზნობრივ პროგრამებით მიიღწევა.
გარდა ამისა, ბაღში რეგულარულ მუშაობას შეუძლია ძილისა და კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესება. ფიზიკური აქტივობის, სუფთა ჰაერის და სტრესის შემცირების ერთობლიობა ქმნის იდეალურ რეცეპტს საუკეთესო დასვენებისთვის. მებაღეების ნაწილი ასევე აღნიშნავს ძილის გაუმჯობესებას.
მზად ხართ, თქვენი ეზო ფიტნეს-ოაზისად გადააქციოთ? სცადეთ ეს 30-დღიანი პროგრამა:
პირველი კვირა: 15 წუთით ბაღში მუშაობა კვირაში 3 დღის განმავლობაში.
მეორე კვირა: 20 წუთით ბაღში მუშაობა კვირაში 4 დღის განმავლობაში.
თვის ბოლოს შესაძლოა იგრძნოთ მეტი ძალა, მოქნილობა და უკეთესი ზოგადი მდგომარეობა, რომელიც ტრადიციული ფიტნეს-გეგმების შედეგებს გაუწევს კონკურენციას.
ბაღში საქმიანობის უპირატესობები განსაკუთრებით ფასეულია 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის. შეგიძლიათ თქვენი ბაღი აქციოთ არა მხოლოდ ლამაზ ადგილად, არამედ თქვენს სავარჯიშო დარბაზად ღია ცის ქვეშ, გამაჯანსაღებელ ცენტრად.
ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქრონიკული დაავადებების ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შემთხვევაში, უმჯობესია, კონსულტაციები ექიმთან გაიაროს, რათა ფიზიკური დატვირთვა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი იყოს.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”