ფიტნესის სფეროს არაერთი გავლენიანი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ სპორტდარბაზში სიარულის პერიოდში, ყოველ 4-8 კვირაში ერთხელ, განტვირთვის კვირეული უნდა ავიღოთ, რაც ფიტნესში მიღწეულ წარმატებებს გააუმჯობესებს.
თემაზე სტატიას CNN-ის ფიტნეს-გამოცემა აქვეყნებს და წერს, რომ განტვირთვის პერიოდი გულისხმობს ვარჯიშების ინტენსივობის შემცირებას. ეს, როგორც წესი, ვარჯიშების დატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანებს ეხება.
განტვირთვის კვირეულის მთავარი მიზანია, ორგანიზმს ვარჯიშების შედეგად დაღლისგან და დაზიანებებისგან აღდგენის საშუალება მისცეს.
სპეციალისტების თქმით, ინტენსიური და ხანგრძლივი ვარჯიშები კუნთოვან მასაში დაზიანებებს წარმოშობს, რაც ფიზიკური ფორმის გაუმჯობესების პროცესის შემადგენელი ნაწილია. თუმცა გაუმჯობესების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ორგანიზმს აღდგენის საშუალებასაც მივცემთ.
აღდგენის პერიოდი ასევე აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, როცა ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შედეგად კუნთებში მცირე ნახეთქები ჩნდება, რასაც შესაძლოა ანთებითი პროცესები მოჰყვეს.
ექსპერტები ამბობენ, რომ განტვირთვის პერიოდი მნიშვნელოვანია თქვენს კუნთებში მიმდინარე დადებითი ცვლილებების სტიმულირებისთვის, რაც ფიზიკურ ფორმას კიდევ უფრო აუმჯობესებს.
სატრენაჟორო დარბაზების ბევრ აქტიურ ვიზიტორს შესაძლოა, ეშინოდეს შესვენების აღების, რადგან ფიქრობდეს, რომ ეს მიღწეული შედეგების დაკარგვას გამოიწვევს, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის და პირიქით – კუნთები მზად არიან, სწრაფად და უკეთ მოახდინონ რეაგირება მომავალ ვარჯიშებზე.
სპეციალისტები გვეუბნებიან იმასაც, რომ შესვენების გარეშე შესაძლოა, კუნთების ტკივილი დაგვეწყოს, ზედმეტმა ვარჯიშმა, ადეკვატური შესვენების გარეშე კი ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებაც კი გამოიწვიოს. ესაა სინდრომი, როდესაც ვგრძნობთ გადაღლას, შომისუნარიანობის დაქვეითებას და განწყობის გაუარესებას.
სწორედ ამიტომ, გონივრული დასვენება ვარჯიშების აუცილებელი ნაწილია.
სპეციალისტების რეკომენდაციაა, განტვირთვის პერიოდში სტანდარტული ვარჯიშების 50 ან 20% შეასრულოთ და მხოლოდ დასვენების რეჟიმზე არ გადახვიდეთ.
მართალია, რეკომენდებულია, განტვირთვის კვირეულები 4-8 კვირაში ერთხელ ავიღოთ, თუმცა თუ გრძნობთ, რომ თქვენი შედეგები არ უმჯობესდება და უარესდება კიდეც – შესაძლოა, განტვირთვის პერიოდი საკუთარ თავს 4 კვირის გასვლამდეც მისცეთ.
ვარჯიშების არცერთი გეგმა არ უნდა იყოს იმდენად მკაცრი, რომ ვერ შეძლოთ ნაბიჯის უკან გადადგმა, როცა ეს აუცილებელია. განტვრთვის კვირეები სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ვარჯიშების შედეგების კუთხით, არამედ თქვენ ჯანმრთელობისთვისაც.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”