თუ ბუქნების კეთება მუხლების ტკივილის გამო გიჭირთ, შეგიძლიათ სცადოთ ესპანური ბუქნები, რომლებიც დაგეხმარებათ ფეხებისა და დუნდულების გაძლიერებაში და ამავდროულად, თქვენს სახსრებს ტრავმებისგან დაიცავს. აღნიშნულ მეთოდიკაზე Tom’s Guide-თან ონლაინ-მწვრთნელი სტივენ კოლინზი საუბრობს.
რა არის ესპანური ბუქნები (ჩაჯდომა)?
კოლინზი გვიხსნის, რომ ესპანური ბუქნები საშუალებას იძლევა, იზოლაციაში მოექცეს კვადრიცეფსები (ბარძაყის კუნთი) და მუხლები სწორ მდგომარეობაში დაფიქსირდეს ისე, რომ მათზე ზეწოლა შემცირდეს.
ტერფების ერთმანეთთან ახლოს დადგმა საშუალებას იძლევა, აქცენტი კუნთების ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და დიდ ჯგუფზე – კვადრიცეფსებზე გაკეთდეს.
ბუქნების ეს ვერსია მორბენლებს ფეხების გაძლიერებისა და ტრავმების თავიდან აცილებაში ეხმარება, რადგანაც ჩაჯდომებისას მუდმივი დაძაბულობა ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს ქმნის და ამცირებს მუხლების ტკივილს. ეს ეფექტი კი ვარჯიშების დამთავრებიდან გარკვეული დროის განმავლობაში გრძელდება. ამ ბუქნების გაკეთება შეგიძლიათ სირბილის დროსაც და ძალისმიერი ვარჯიშისას.
როგორ კეთდება ესპანური ბუქნები?
ორი სავარჯიშო ლენტი მოახვიეთ სავარჯიშო ძელს ან რაიმე ანალოგიურ მოწყობილობას და ფეხები მათში ცალ-ცალკე ჩადგით. ფეხები დადგით თეძოების სიგანეზე, შემდეგ თეძოები უკან გასწიეთ, რათა მჯდომარე მდგომარეობა მიიღოთ.
.ვარჯიშისას ძალიან დაბლა არ ჩაჯდეთ, ზურგი კი აუცილებლად სწორად უნდა შეინარჩუნოთ.
დროთა განმავლობაში შეგიძლიათ უფრო მსხვილი ლენტი გამოიყენოთ, რათა დატვირთვა გაზარდოთ. ჩაატარეთ ექსპერიმენტი, რამდენ ხანს შეძლებთ მჯდომარე მდგომარეობაში გაძლებას. შესაძლოა, ეს 30-დან 45 წამამდე პერიოდიც კი იყოს.
* * *
უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქრონიკული დაავადებების ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შემთხვევაში, უმჯობესია, კონსულტაციები ექიმთან გაიაროს, რათა ფიზიკური დატვირთვა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი იყოს.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”
გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის