Srout – ახალი აპლიკაცია აქტიური მოგზაურებისთვის

ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი ადამიანებისთვის დასვენება და მოგზაურობაც ფიზიკურ აქტივობასთან ასაცორდება.

Advertising

პლაჟზე წამოწოლა და „არაფრის კეთება“ – ეს მათი დასვენების სტილი არ არის.
ახალი ადგილების აღმოჩენა, ლაშქრობები, ტურისტული ბილიკებით სარგებლობა, მთამსვლელობა, ექსტრემალური თავგადასავლები – ეს მათ არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მენტალურ ჯანმრთელობასაც აუმჯობესებს.

ასეთი მოგზაურობის დაგეგმვაში ადამიანები სულ უფრო ხშირად იყენებენ სხვადასხვა აპლიკაციას. ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება ინფორმაციის მიღება ერთ-ერთ ასეთ სიახლეზე, სახელწოდებით Safe Rout (Srout) – ესაა უსაფრთხო მარშრუტისთვის საჭირო აპლიკაცია, რომელიც ბაზარზე თებერვლის ბოლოს გამოჩნდება. ამის შესახებ ბიზნეს-გამოცემა “ბიზნესპარტნიორი” წერს.

გამოცემის ცნობით, სტარტაპი პირველ ეტაპზე საქართველოს ბაზარს მოიცავს, 2026 წლიდან კი უცხოურ ბაზრებზე გასვლას გეგმავს.

“Srout აპლიკაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია მოგზაურებისთვის, მთამსვლელებისთვის თუ ტურისტებისთვის. სხვადასხვა ადამიანთან გვქონდა შეხვედრა, გავესაუბრეთ როგორც ამ სფეროს წარმომადგენლებს, რომელიც ჩვენს კონტიგენტად მოიაზრებიან, ასევე ვესაუბრეთ იმ ადამიანებს, ვინც გადაუდებელი დახმარების სამსახურში მუშაობენ და უშუალოდ ტესტირების პროცესში ჩვენ თავად ვართ ჩართული. ბაზარზე დაინტერესება არის და ძირითადად, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ბუნებაში დიდ დროს ატარებენ”,-განაცხადა სტარტაპის დამფუძნებელმა ანანო ფილფანმა.

Srout-ის მუშაობის პრინციპი შემდეგია: აპლიკაციაში მომხმარებელი ქმნის მარშრუტს, ნიშნავს გადაადგილების წერტილებს, წერს მის სახელწოდებას და იწვევს მეგობრებს. მარშრუტის დაგეგმვის შემდეგ მომხმარებელი უთითებს თუ რამდენ ხანში ერთხელ უნდა გააქტიურდეს ხმოვანი სასიგნალო სასწრაფო დახმარების შეტყობინება. Srout-ს აქვს 2-ეტაპიანი სასწრაფო დახმარების სისტემა: პირველი – სიგნალის 5 წთ-ში არ გამორთვის შემთხვევაში ლოკაცია ეგზავნება ჯგუფის ყველა წევრს, თუ შემდეგ 10 წთ-ში არ გამოირთო სიგნალი ინფორმაცია ეგზავნება გადაუდებელ დახმარებას.

თუ მომხმარებელი ვერ მოძრაობს და საუბარი არ შეუძლია, ან რისკის ქვეშ არის, ლოკაცია ავტომატურად ციკლის დასრულების შემდეგ ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე გაზიარდება გადაუდებელ დახმარებასთან და 24-48 სთ-ის ნაცვლად 15 წთ-ში იქნება გადარჩენის სამუშაოები დაწყებული. აპლიკაციის შემქმნელების ინფორმაციით, Srout-ი მინიმუმ 96-ჯერ ზრდის სიცოცხლის გადარჩენის შანსს.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

უარი თქვით გაჭიმვებზე – გაიგეთ, რეალურად რა მოგიხსნით მხრების დაჭიმულობას

როცა მხრები დაძაბული გვაქვს, გაჭიმვა შესაძლოა ყველაზე ლოგიკური პასუხი იყოს. თუმცა ბევრ შემთხვევაში გაჭიმვები პრობლემის …