1988 წელს, Nike-მა თავისი ცნობილი სლოგანი „უბრალოდ გააკეთე ეს“ („Just Do It”) წარმოადგინა, რომელმაც სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ კომპანიას მსოფლიო მასშტაბის ცნობადობა და აღიარება მოუპოვა. ამ ფრთიანი ფრაზის გამოყენება ადამიანებმაც დაიწყეს, რათა საკუთარ თავს შეუქმნან მოტივაცია რთული ამოცანების შესრულებისთვის, მათ შორის – ვარჯიშების დაწყებისთვის.
ეს არ უკვირთ იმ მკვლევრებს, რომლებმაც იციან, რამდენად ეხმარება ადამიანებს სამოტივაციო ციტატები და პოზიტიური შინაგანი დიალოგი.
თემაზე CNN-ის ფიტნეს-რუბრიკა წერს. გამოცემის თანახმად, ყველამ ვიცით, რომ რთულია, ჯანმრთელობა პრიორიტეტულ საკითხად ვაქციოთ – ამისთვის დრო და დისციპლინაა საჭირო.
დროა საჭირო იმისთვის, რომ მოძებნოთ ინდივიდუალურად თქვენთვის შესაფერისი ვარჯიში. „ველოდები შესაბამის დროს“ – ეს არაა არგუმენტი, არგუმენტი კი შესაძლოა, უბრალოდ დახურული სივრცე ან თქვენი მისაღები ოთახი გახდეს.
ურიცხვი ონლაინ-რესურსების პირობებში თქვენზე მორგებული ვარჯიშის მოძებნა და დაწყება გაცილებით მარტივია, ვიდრე – ოდესმე.
ჟურნალ Perspectives on Psychological Science-ში გამოქვეყნებული მეტაანალიზის თანახმად, შინაგანი დიალოგის სტრატეგიები სპორტული შედეგების გაუმჯობესებას ხელს უწყობს.
მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს დადებითი კავშირი ადამიანის ჯანმრთელობასა და მანტრებით მედიტაციას შორის. ესაა გონების კონცენტრაციის პრაქტიკა მანტრების მრავალჯერადი გამეორების გზით.
ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდია, თუმცა მას ხშირად არ აქცევენ სათანადო ყურადღებას.
მისი უპირატესობები უსასრულოა, საკუთარ ცხოვრებაში მისი ჩართვის მეთოდები კი – მრავალრიცხოვანი. მიუხედავად ისეთი ბარიერებისა, როგორიცაა დრო, ენერგია ან მოტივაცია, მათი დაიგნორებით უმოქმედობის რისკები ძალიან სერიოზულია.
მანტრები და დევიზები იმდენად სასარგებლოა, რომ ბევრი ფიტნეს-ტრენერი მათ თავიანთ კლიენტებთან მუშაობაში იყენებენ.
მათი თქმით, ეს მიდგომა ადამიანებს ეხმარება საკუთარი გონების „გადაორიენტირებაში“ და მდგრადი ჩვევების ჩამოყალიბებაში.
მართალია, მანტრები „უბრალოდ, გააკეთე ეს“ ან „დიახ, შენ შეგიძლია!“ ძალიან პოპულარულია, თუმცა ისინი ყოველთვის არ მუშაობს. თითოეულმა ადამიანმა უნდა მოძებნოს ის განსაკუთრებული ფრაზა, რომელიც უშუალოდ მასზე ზემოქმედებს.
საუკეთესო ვარიანტია მოკლე, დასამახსოვრებელი ფრაზის შერჩევა, რომელიც კონკრეტული ადამიანისთვის იქნება განკუთვნილი.
ეს უნდა იყოს ფრაზა, რომელიც ადამიანს „შეეხება,“ მაგალითად, ახალგაზრდა ქალები ხშირად იყენებენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა „მე შემიძლია რთული საქმეების კეთება,“ 35 – 45 წლის ქალების მანტრები კი უფრო მადლიერების, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის, ყურადღებისა და გაგების შინაარსს ატარებს.
ფიტნეს-ტრენერები ასევე ამბობენ, რომ შესაძლოა, სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა შინაარსის მანტრა გესაჭიროებოდეთ, რადგან კომფორტის ზონიდან გასვლა პერიოდულად აუცილებელია, რათა ვარჯიში მოსაწყენი არ გახდეს.
ზოგადად, ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებისთვის დევიზების გამოყენების არსი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი შინაგანი დიალოგი შესაძლოა გახდეს მძლავრი აქტივი თქვენი ქცევის შესაცვლელად.
„ჩვენ ყველას შეგვიძლია სიტყვების გამოყენება ჩვენივე გონების სავარჯიშოდ ისევე, როგორც სხეულს ვავარჯიშებთ,“ – აცხადებს ერთ-ერთი ფიტნეს-სპეციალისტი.
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”