ფიზიკური აქტივობის ზრდა არ მოითხოვს ყოველდღიურ ცხოვრებაში კარდინალურ ცვლილებებს – ახალი კვლევა

კომპლექსური კვლევით, რომელიც Oxford Population Health-ისა და პეკინის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარდა, ფიზიკურ აქტივობასა და მთელი რიგი დაავადებების რისკის შემცირებას შორის კავშირი კიდევ ერთხელ დადასტურდა.

Advertising

The Innovation-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ ფიზიკურ აქტივობას შეუძლია ჩვენი დაცვა 65 დაავადებისგან და 19 სხვადასხვა მიზეზით გარდაცვალებისგან.

შედეგები ხაზს უსვამს ჯანმრთელობაზე ფიზიკური აქტივობის არარსებობის კრიტიკულ საფრთხეს და იმის აუცილებლობას, რომ ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყონ მოსახლეობაში ფიზიკური აქტივობის დონის გაზრდას.

მასშტაბურმა კვლევამ 500 ათასი ადამიანი მოიცვა, რომლებიც ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში, 2004-დან 2008 წლამდე პერიოდში შეარჩიეს. მათ ფიზიკურ აქტივობას სპეციალური კითხვარის საშუალებით, 12 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ასევე სწავლობდნენ მათ ელექტრონულ სამედიცინო ბარათებს.

კვლევის ავტორებმა შეისწავლეს კავშირი ფიზიკურ აქტივობასა და ჯანმრთელობის 425 სხვადასხვა მდგომარეობას, ასევე გარდაცვალების 53 მიზეზს შორის.

შედეგად, დადგინდა, რომ ზრდასრული მოსახლეობის ფიზიკურად აქტიურ ნაწილში ნებისმიერი დაავადების რისკი 14%-ით შემცირდა ნაკლებად აქტიურ ჯგუფთან შედარებით. უფრო მაღალი ფიზიკური აქტივობა კი უკავშირდება 65 სხვადასხვა დაავადების განვითარების უფრო ნაკლებ რისკებს.

კვლევის ერთ-ერთი აღმოჩენა ისაა, რომ ჯანმრთელობაზე ფიზიკური აქტივობის დადებით გავლენა, ვარჯიშის გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ, აღარ იზრდება. კვლევის ერთ-ერთი შედეგი ისაა, რომ ძალიან დაბალი ფიზიკური აქტივობის მქონე ადამიანები დარწმუნდებიან, რამდენად სასარგებლოა ფიზიკური აქტივობის გაზრდა მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.

„აღნიშნული კვლევა წარმოადგენს დღეისათვის ყველაზე მოცულობით მტკიცებულებას იმისას, რომ ფიზიკური აქტივობა, მისი ინტენსივობისა და ტიპის მიუხედავად, არის უნივერსალური რეცეპტი თქვენი ჯანმრთელობისთვის,“ – განაცხადა პროფესორმა ცანცინ იუიმ,  რომელიც პეკინის უნივერსიტეტში მუშაობს და არაინფექციურ დაავადებებზეა სპეციალიზებული.

 

„ფიზიკური აქტივობის დონის ზრდა არ მოითხოვს ყოველდღიურ ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებების შეტანას. რუტინულ ქმედებებს, როგორიცაა სეირნობა ან სამსახურში ველოსიპედით სიარული, სახლის საქმეების კეთება – მაგალითად, იატაკის მოწმენდა, ასევე კიბით სარგებლობა ლიფტის ნაცვლად, ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია,“ – აცხადებს სპეციალისტი.

ოქსფორდის უნივერსიტეტის დოცენტის, მოსახლეობის ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტის ჰუაიდუნ დუს თქმით, კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ აუცილებელია ფიზიკური აქტივობის წახალისება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, რათა შემცირდეს ქრონიკული დაავადებების მზარდი ტვირთი მთელს მსოფლიოში.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

ფიზიკური აქტივობა ფიტნეს-დარბაზებში სიარულისა და ვარჯიშის გარეშეც შესაძლებელია

სიდნეის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ უყვართ ორგანიზებული ვარჯიშები, ყოველდღიური საოჯახო საქმეების კეთება და ინტენსიური აქტივობა მათი ჯანმრთელობისთვის, კონკრეტულად კი გულისთვის, მაინც დადებითი შედეგის მომტანია.