6 ყოველდღიური მოძრაობა, რომლებიც ვარჯიშებად ითვლება

ახალმა კვლევამ, რომელიც აკვირდებოდა არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის, ასევე თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების ჯანმრთელობაზე გავლენას, დაადგინა, რომ ადამიანებზე ამ ჩვევების შედეგები უკვე 36 წლის ასაკიდან აისახება. ინფორმაციას uk.yahoo.com ავრცელებს.

Advertising

კვლევის ფარგლებში ადამიანებს 30 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და აღმოაჩინეს, რომ თუ მათ ცხოვრების არაჯანსაღი წესის სამივე ჩვევა ჰქონდათ, მათში დეპრესიის რისკი უფრო მაღალია, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა კი უფრო დაბალ დონეზე ფიქსირდება. ასევე საკმაოდ დაბალია თვითშეფასების მაჩვენებელი, მეტაბოლური რისკები კი გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ეს ნეგატიური სიმპტომები ამ ადამიანებში უკვე 36 წლის ასაკიდან ფიქსირდებდა.

ფიზიოთერაპევტი, ფოქტორი ესტერ ფოქსი ამბობს, რომ კვლევის შედეგებში უცნაური არაფერია და ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვარჯიში და ჯანსაღი ჩვევების გამომუშავება ჯერ კიდევ ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ.

„ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტში ჩართულობა, რათა ნერვულ-კუნთოვანი და ჩონჩხის სისტემები განუვითარდეს. კუნთოვანი ქსოვილი, რომელსაც მოზარდობის ასაკში არ განავითარებთ, თქვენთან მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩარჩება,“ – განაცხადა ფოქსმა.
კარგი ამბავია ის, რომ არ არის აუცილებელი, ვარჯიშები ტრადიციული ვარჯიშების ფორმით ვაკეთოთ ან მათზე ბევრი ფული ვხარჯოთ სატრენაჟორო დარბაზების აბონემენტებისა და სხვადასხვა აღჭურვილობისთვის. ფოქსი ამბობს, რომ ნებისმიერი მოძრაობა სასარგებლოა და უბრალოდ, ოდნავ უნდა გავოფლიანდეთ.

სპეციალისტი ამბობს, რომ თითოეული ჩვენგანი, სავარაუდოდ, ყოველდღიურად აკეთებს რამდენიმე ისეთ მოძრაობას, რომლის მნიშვნელობაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის გაცნობიერებულიც არ გვაქვს.

მებაღეობა

„მე ხშირად ვხუმრობ, რომ ვმართავ არა ფიზიოთერაპევტულ კლინიკას, არამედ მებაღეობის ტრავმატოლოგიურ კლინიკას, რადგან ბაღის საქმეების კეთებისას ძალიან ბევრი კუნთი მოდის მოძრაობაში,“ – ამბობს ფოქსი. მისი თქმით, მებაღეობა არის ვარჯიშის შესანიშნავი სახეობა. მისივე განმარტებით, ადამიანის სხეული ვერ არჩევს, სპორტდარბაზში ხართ და იქ სწევთ სიმძიმეებს თუ ბაღში იმყოფებით და ბუქნებს აკეთებთ.

მიწის თხრა, ადგომა და ჩაჯდომა მცენარეების მოვლის მიზნით – ეს ვარჯიშის შესანიშნავი ფორმებია. ამას ემატება სუფთა ჰაერზე ყოფნის ბენეფიტებიც.

სახლის დალაგება

სახლის დალაგება, თუკი ამას ენერგიულ ტემპში აკეთებთ, ასევე შესაძლოა ვარჯიშად ჩაითვალოს. „თუ თქვენ მხოლოდ აწვებით მტვერსასრუტს, ეს თქვენს სხეულს ბევრ სარგებელს არ მოუტანს, თუმცა თუ ჩაჯდომების კეთება გიწევთ, მაგალითად, პლინტუსების წმენდისას, ეს კუნთებს ამუშავებს, განსაკუთრებით კვადრიცეფსებსა და დუნდულებს,“ – განმარტავს ფოქსი.

მისივე თქმით, მძიმე კალათების აწევას მოძრაობაში მოჰყავს ბიცეფსები. თუმცა სპეციალისტი გვაფრთხილებს, რომ მოძრაობასა და სპორტული მიზნით ვარჯიშებს შორის განსხვავება მაინც არსებობს.

სიარული

ფოქსი მოგვიწოდებს, ფეხით ვიაროთ. ეს სასარგებლოა ჩვენი ნერვული სისტემისთვის, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და კუნთებისთვის. ასაკთან ერთად ჩვენ ვკარგავთ ძვლებისა და კუნთების სიძლიერეს, სიარული კი მათი შენარჩუნების ერთ-ერთი საშუალებაა. გარდა ამისა, კვირაში 5 დღის განმავლობაში 30-30 წუთით სიარული არაერთი დაავადების რისკს ამცირებს.

შვილების ან შვილიშვილების ხელში აყვანა

„როცა იხრებით იმისთვის, რომ პატარა ბავშვი აიყვანოთ, თქვენ ავტომატურად აკეთებთ ბუქნს და შემდგომ დგებით. ეს შესანიშნავად ავარჯიშებს თქვენს კვადრიცეფსებს, ასევე დუნდულისა და ხელების კუნთებს,“ – აღნიშნავს ფოქსი. მისი თქმით, ვისაც ოჯახში ორი ან სამი ბავშვი ჰყავს, სავარაუდოდ, მათი აწევა დღის განმავლობაში ხშირად უწევს, რაც ბევრ ადამიანს წონის დაკლებაშიც ეხმარება.

საყიდლებიდან ჩანთების მოტანა

როცა ადამიანს სიმძიმე მიაქვს, იქნება ეს სავსე ჩანთები თუ რაიმე სხვა, ამ დროს კუნთები აქტიურდება და ფორმაში მოდის.

ფოქსს თავისი ბებიის მაგალითი მოჰყავს, რომელიც 78 წლისაა და მანქანა აღარ ჰყავს. ამიტომ რეგულარულად გადის ერთი მილის მანძილს სუპერმარკეტიდან სახლამდე, სავსე ჩანთებით ხელში. „მას შესანიშნავი ბიცეფსები აქვს, ასე რომ ეს კლასიკური მაგალითია,“ – აღნიშნავს ფოქსი.

კიბეზე ასვლა

თუ ისეთ სახლში ცხოვრობთ, რომელსაც რამდენიმე კიბე აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ფიზიკური მომზადების დონეს ავტომატურად იუმჯობესებთ, რადგან პულსის სიხშირე იზრდება, ასევე მოძრაობაში მოდის ფეხისა და სხვა კუნთები.

რაც შეეხება „ნამდვილ“ ვარჯიშებს, ფოქსი ამბობს, რომ დაწყება არასდროსაა გვიან.

„დაიწყეთ დღეში 5 წუთით, შემდეგ გაზარდეთ ეს დრო 10 წუთამდე და თანდათანობით შეეცადეთ ეს დრო დღეში ერთ საათამდე აიყვანოთ. თუმცა ჯობია დღეში 5 წუთი ივარჯიშოთ, ვიდრე არაფერი აკეთოთ,“ – ამბობს ფიზიოთერაპევტი.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

თბილ ამინდებში წონის კლება მარტივდება

ზამთრის თვეებში ადამიანების უმეტესობა ნოყიერ საკვებს იღებს, რომლებიც ნახშირწყლებსა და ცხიმებს დიდი რაოდენობით შეიცავს. მაგრამ დათბობისთანავე, უფრო მსუბუქი საკვების მიღების სურვილი ძლიერდება. ამ პერიოდში უპირატესობას ვანიჭებთ ცივ სასმელებს, ხილს, სალათებს და ისეთ საკვებს, რომლებიც მარტივად გადამუშავდება. გრძელი, თბილი დღეები კი ფიზიკური აქტივობისთვის მეტ შესაძლებლობებს გვაძლევს.