როგორ შეიძლება ვარჯიშების საშუალებით ჩვენი ბედნიერება გავზარდოთ? ამ თემას CNN-ის სპეციალური რუბრიკა „ფიტნესი“ აშუქებს და მკითხველს მოუწოდებს, გაიხსენონ ბავშვობა, როცა მოძრაობა ინსტინქტური, ცხოვრება კი გულწრფელი სიხარულით იყო სავსე.
თუმცა, ზრდასრულობაში შესვლასთან ერთად, ბევრი ადამიანისთვის მოძრაობასა და სიხარულს შორის კავშირი გაწყდა და ისინი რეალობამა და ყოველდღიური ცხოვრების ვალდებულებებმა ჩაანაცვლა.
მოძრაობა უკვე გარკვეულ ვალდებულებად იქცა – უნდა გავაკეთოთ ეს, რათა გავაუმჯოვესოთ ჩვენი ჯანმრთელობა ან საკუთარი თავი ფორმაში მოვიყვანოთ. ეს დროს მოითხოვს, ადამიანთა ნაწილისთვის კი მტკივნეულიცაა დაავადებებისა და ტრავმების გამო.
არადა, როგორც CNN წერს, მოძრაობა არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ მჭიდროდაა დაკავშირებული ფსიქიკურ მდგომარეობასა და განწყობასთან.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ ვარჯიში იმედის ვენაში გადასხმას ჰგავს. ესაა მოძრობის ნებისმიერი ფორმა, რომელსაც საკუთარი სხეულის ნებისმიერი იმ ნაწილისთვის აკეთებთ, რომლის მოძრაობაც ჯერ კიდევ შეგიძლიათ,“ – განაცხადა ფსიქოლოგმა კელი მაკჰონიგალმა.
მისი თქმით, ვარჯიშის დროს წარმოიქმნება და თავისუფლდება „იმედის“ მოლეკულები, მიოკინები. ეს ხდება, მაგალითად, როცა ვვარჯიშობთ ან თუნდაც უბრალოდ გადავაადგილდებით. მიოკინებს ანტიდეპრესიული მოქმედებაც ახასიათებს.
„ჩვენი კუნთები უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე ჩვენი ძვლების გადაადგილება და ჩონჩხის სტაბილიზაციაა. ჩვენი კუნთები თითქმის ენდოკრინული ორგანოებია. ისინი წარმოქმნიან ამ მოლეკულებს, რომლებიც სისხლის ნაკადში გადაიდის და შემდეგ ყველა ჩვენს ორგანოზე გავლენას ახდენს. ზოგიერთ მათგანს ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვა და ჩვენს ტვინზე ზემოქმედება შეუძლია, მათ შრის ჩვენს განწყობაზე და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე,“ – განაცხადა სპეციალისტმა.
კელი მაკჰონიგალის თქმით, ვარჯიში შესაძლებლობას გვაძლევს, საკუთარ სხეულში ჩვენივე მოკავშირე დავინახოთ.
„ეს ჩვენი პარტნიორია და არა ის, რის კონტროლსაც ან გამოსწორებას მოძრაობის საშუალებით ვცდილობთ,“ – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ფიზიკური ვარჯიში ტვინში სხვა ქიმიურ ნივთიერებებსაც ათავისუფლებს, რომლებსაც ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, მაგალითად, მორბენალს „კაიფის“ განცდა და ეიფორიაც კი მიანიჭოს.
ახლა კი გთავაზობთ ხუთ კონკრეტულ გზას, რომელიც თქვენში ბედნიერების განცდის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
გადით ბუნებაში
„ჩვენ ვიცით, რომ მოძრაობის გააზრებულ ფორმებსა და სუფთა ჰაერზე გადაადგილებას ტვინი მიმდინარე მომენტის გააზრების მდგომარეობაში შეჰყავს. ეს კი იგრძნობა, როგორც სასიცოცხლო ძალა და სიცოცხლესთან კავშირი,“ – განმარტა მაკჰონიგალმა.
მისი თქმით, ადამიანები ხშირად გრძნობენ სტრესისა და შფოთვის შემსუბუქებას შინაგანი საუბრის საშუალებით, რასაც ისინი მედიტაციის მსგავს მდგომარეობაში შეჰყავს.
ხმის გაძლიერება
ჩართეთ თქვენი საყვარელი „ფლეილისტი“ და საქმეს შეუდექით.
თუ თქვენ ვარჯიშობთ და თან ენერგიულ, საყვარელ მუსიკას უსმენთ, რითმულად მოძრაობთ და აკეთებთ ისეთ რამეებს, რაც თქვენს გულისცემას ახშირებს. ხშირად კი ეს ეიფორიას გავს.
„თქვენ თავს არაჩვეულებრივად გრძნობთ, თქვენ გაქვთ ენდორფინები, ეს ქიმია კი რეალურად გეხმარებათ, იგრძნოთ კავშირი სხვა ადამიანებთან,“ – აღნიშნა მაკჰონიგალმა.
შეუერთდით ჯგუფს
ურთიერთობა სპორტში ჩართვაში დაგეხმარებათ.
„გახადეთ მოძრაობა სოციალური. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები მეგობრობას და გაერთიანებებს მოძრაობის საშუალებით ქმნიან, იქნება ეს ვარჯიში თუ სირბილი,“ – განაცხადა მაკჰონიგალმა.
მისი თქმით, სპორტში ჩართული ადამიანები აღნიშნავენ, რომ მარტოობის განცდა შეუმცირდათ, გაუუმჯობესდათ ურთიერთობა სხვა ადამიანებთან. მაკჰონიგალის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ფიზიკური ვარჯიშის დროს ტვინში მიმდინარე ქიმიური პროცესები ადამიანებს უფრო კომუნიკაბელურს ხდის და სხვებთან ურთიერთობის ხარისხს უუმჯობესებს.~„თუ თქვენ სოციალურად დაძაბული ხართ და ამავდროულად სპორტით ხართ დაკავებული, ვარჯიშის ბოლოს საკუთარი თავის ექსტრავერტული ვერსია გახდებით,“ – აღნიშნა მან.
შეუერთდით საწყისებს
მოძებნეთ ისეთი რამ, რისი კეთებაც ნამდვილად გიყვართ.
„დაფიქრდით თქვენი ცხოვრების დადებით გამოცდილებაზე. შესაძლოა, თქვენ დაუბრუნდეთ იმას, რაც გაკლიათ, ან ამ მიზნით ახალ მეთოდს მიმართავთ,“ – აღნიშნა მაკჰონიგალმა.
შეცვალეთ თქვენი მიდგომები მადლიერების აზროვნებით
მოძრაობისას მოძებნეთ საშუალება, დააფასოთ და მადლიერება გამოხატოთ თქვენი სხეულის მიმართ იმის გამო, რომ მას შეუძლია მოძრაობა. შეფასებებს შესაძლოა ასეთი ფორმა ჰქონდეს: „ყოჩაღ, ჩემო სხეულო, ეს არაჩვეულებრივი იყო!“
ან: „მადლობა, ჩემო სხეულო, იმისთვის, რომ გაქვს ენერგია, გამაკეთებინო ეს.“
სტატიის ბოლოს ავტორი წერს, რომ იმედოვნებს, ეს 5 რჩევა დაეხმარება მკითხველს, მოძრაობისგან სიხარული მიიღოს.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”