15-წუთიანი სირბილი თუ 30 წუთიანი სწრაფი სიარული – რომელი ვარჯიშია უკეთესი გულის ჯანმრთელობისთვის?
ამ კითხვას timesofindia სვამს და სპეციალისტებზე დაყრდნობით რამდენიმე დასკვნას გვიზიარებს.
გამოცემა წერს, რომ როდესაც საქმე გულის ჯანმრთელობას ეხება, მოძრაობა უპირველესი წამალია. თუმცა, ყოველთვის არსებობს დისკუსია: ყურადღება უნდა გავამახვილოთ სწრაფ და ინტენსიურ ვარჯიშზე, როგორიცაა 15-წუთიანი სირბილი, თუ სტაბილურ და უფრო ხანგრძლივ ვარჯიშზე, როგორიცაა 30-წუთიანი სწრაფი სიარული? ორივე კარგად ჟღერს. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ რეაგირებს სხეული და სწორედ აქ ხდება ყველაზე საინტერესო.
ადგილზე სირბილი ხშირად დროის ეკონომიის საშუალებას გვაძლევს. ერთ ადგილას მხოლოდ 15-წუთიანი ხტუნვა პულსს აჩქარებს, რაც სრული ვარჯიშის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა ბევრი ფიტნეს ექსპერტი ამტკიცებს, რომ სირბილი კალორიებს სიარულის დროს უფრო სწრაფად წვავს და სისხლის მიმოქცევას აჩქარებს.
ადგილზე სირბილი მართლაც აჩქარებს პულსს, მაგრამ ამ დროს სხეულს არ გააჩნია წინ გადაადგილების ბუნებრივი რიტმი. გარეთ სირბილისგან განსხვავებით, კუნთები ერთნაირად კოორდინირებულად არ ერთვებიან. გულისთვის მოკლე „აფეთქებები“ სასარგებლოა, მაგრამ ისინი არ ქმნიან იმავე გამძლეობას, რასაც უფრო ხანგრძლივი, თანმიმდევრული აქტივობა უზრუნველყოფს. სინამდვილეში, საკმარისია კვირაში მინიმუმ 150-წუთიანი ზომიერი აქტივობა.
სწრაფი სიარული: ნელი და სტაბილური, მაგრამ ძლიერი
სიარული, როგორც წესი, არასაკმარისად არის შეფასებული. ნახევარსაათიანი სწრაფი სიარული გულს ძალიან მნიშვნელოვან რამეს აძლევს: მუდმივ აქტივობას. როდესაც გული 30 წუთის განმავლობაში სტაბილურად მუშაობს, არტერიები დუნდება, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და არტერიული წნევა ნელ-ნელა ეცემა.
კვლევები აჩვენებს, რომ რეგულარული სწრაფი სიარული ამცირებს გულის შეტევების, ინსულტების და მე-2 ტიპის დიაბეტის რისკს. ეს ჰგავს იმას, რომ გულს ვასწავლოთ მოთმინება და თანმიმდევრულობა და არ მივაყენოთ მას შოკი აქტივობის მოკლე „აფეთქებებით.“
დრო vs ინტენსივობა
ერთი შეხედვით, 15 წუთი სირბილი შეიძლება 30 წუთიან სიარულს უტოლდებოდეს. თუმცა, გულისთვის მხოლოდ კალორიების წვა არაა მნიშვნელოვანი, მისთვის მნიშვნელოვანია ჟანგბადის მიწოდება, სისხლის მიმოქცევა და გამძლეობა. სწრაფი სიარული, თუმცა უფრო ხანგრძლივი, აერობულ შესაძლებლობებს ავითარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გული დროთა განმავლობაში ჟანგბადის უფრო ეფექტიანად გამოყენებას სწავლობს.
ადგილზე სირბილი, თუნდაც ძუნძულით, უფრო ანაერობული, ხანმოკლე და მკვეთრია და ვერ უზრუნველყოფს ენერგიის ხანგრძლივი ნაკადის მიწოდებას, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემას აძლიერებს. მათთვის, ვისაც გულის ჯანმრთელობის რეალური გაუმჯობესება სურს, ხანგრძლივობა ხშირად ინტენსივობაზე მნიშვნელოვანია.
დრო vs ინტენსივობა
კიდევ ერთი ჭეშმარიტება, რომელიც ხშირად იგნორირებულია, ეს სტაბილურობაა. შენობაში სირბილი შეიძლება ერთხელ ან ორჯერ საინტერესოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მისი ყოველდღიური შესრულება მუხლებისა და სახსრებისთვის ადვილი არ არის. სწრაფი სიარული კი ორგანიზმისთვის უფრო ბუნებრივად და ნაკლებად სტრესულად გამოიყურება. ჯანმრთელ გულს თანმიმდევრულობა სჭირდება და არა მხოლოდ ენერგიის პერიოდული მოზღვავება. პარკში ან ქუჩაში სეირნობა უფრო მარტივია და გრძელვადიან პერსპექტივაში მეტ მნიშვნელობას იძენს.
ვერდიქტი
ორივეს შედარებისას, გულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, 30 წუთიანი სწრაფი სიარულის მნიშვნელობა 15-წუთიან ძუნძულით სირბილს აჭარბებს. ის აერობული აქტივობის უფრო ხანგრძლივ ეფექტს იძლევა, სახსრებისთვის უფრო ნაზია და თანაც, მისი ყოველდღიური რიტუალის სახით ჩამოყალიბება უფრო ადვილია. ძუნძულით სირბილს თავისი ადგილი აქვს, დატვირთულ დღეებში მას შეუძლია ენერგიის სწრაფი მოზღვავება, მაგრამ უფრო ძლიერი და ჯანსაღი გულის ჩამოსაყალიბებლად სიარულის უპირატესობა უდავოა.
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”