ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ვარჯიში – რეკომენდაციები მაქსიმალური კომფორტისა და სარგებლისთვის 

უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მატებაა ნავარაუდევი. ამ პროგნოზის გათვალისწინებით, დავინტერესდით, რა საფრთხეებთან და სარგებელთანაა დაკავშირებული მზიან და სიცხიან ამინდებში ღია სივრცეში ვარჯიში.

Advertising

ღია ცის ქვეშ ვარჯიშის სარგებელზე არაერთი კვლევა მიუთითებს. 133 სამეცნიერო ნაშრომის სისტემატური მიმოხილვა, რომელიც National Library of Medicine-ში გამოქვეყნდა, ადასტურებს, რომ ჰაერზე ფიზიკური აქტივობა დადებით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე – აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ამცირებს გარკვეული სახეობების კიბოს განვითარების, ჭარბწონიანობისა და დიაბეტის რისკს, ზრდის ცხოვრების ხარისხის დონეს.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ასეთი შედეგები რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობას უკავშირდება. ესაა ვიტამინ D-ს გამომუშავება, ჟანგბადი, სოციალიზაცია და ა.შ. დიდ ბრიტანეთში 2500 ქალზე ჩატარებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ჰაერზე რამდენიმეწუთიანი ინტენსიური ვარჯიშების შესრულება ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს იმ ქალებთან შედარებით, ვინც დახურულ სივრცეში ვარჯიშობენ.  თუმცა იგივე მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ბუნებაში ვარჯიშს თავისი მინუსები აქვს, რომელიც განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში უნდა გავითვალისწინოთ. კერძოდ, ჰაერის მაღალი ტემპერატურა და კანზე ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენა.  მზიან ამინდში ორგანიზმი იძულებულია, მეტი ენერგია დახარჯოს თერმორეგულაციაზე, რაც აუცილებლად აისახება ვარჯიშის პროდუქტიულობაზე და ადამიანის შეგრძნებებზე. აქტიურდება ოფლის გამოყოფა და იზრდება არტერიული წნევა, სისხლი სქელდება სითხის დაკარგვის გამო, რაც გულზე ზეწოლას ზრდის.

ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად და ღია სივრცეში ვარჯიშით მეტი სარგებლის მისაღებად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

შეარჩიეთ სავარჯიშოდ მზის ამოსვლის ან  ჩასვლის პერიოდი, როცა ჰაერის ტემპერატურა და მზის აქტივობა მინიმალურია. სპორტული მედიცინის ამერიკული კოლეჯის რეკომენდაციის თანახმად, ფიტნესისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 20-23 გრადუსია 20-60%-იანი ტენიანობის პირობებში.

უარი თქვით ვარჯიშზე ან გადაიტანეთ ის კონდიცირებულ ფართში იმ შემთხვევაში, როცა ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსს აჭარბებს. დადასტურებულია, რომ სტრესის ბიომარკერები 30 გრადუსის პირობებში უკვე მნიშვნელოვნადაა გამოხატული.

გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი სხეულის ღია ნაწილებზე. არ დაგავიწყდეთ მისი წასმა ყურებზე, კისრის უკანა ნაწილზე, თითებზე.

შეარჩიეთ მსუბუქი და ღია ფერის ტანსაცმელი, ასევე ფეხსაცმელი ტენისგან დაცვის ფუნქციით.

დალიეთ წყლის ან იზოტონიკის რამდენიმე ყლუპი ვარჯიშისას, ყოველ 15 წუთში ერთხელ.

აკონტროლეთ საკუთარი მდგომარეობა. პულსის მკვეთრი გახშირება, გონების დაბინდვა, კანის უეცარი სიმშრალე, სიმკრთალე – ეს ყოველივე სითბური დარტყმის სიმპტომებია. მათი გამოვლენისთანავე რეკომენდებულია კონდიცირებულ სივრცეში ან ჩრდილში გადანაცვლება, წყლის დალევა და, თუკი ამის შესაძლებლობაა – გრილი შხაპის მიღება.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

 

Check Also

ქალები ვარჯიშების შედეგებს უფრო მარტივად „იმკიან,“ ვიდრე მამაკაცები – ახალი კვლევა

სპორტული წესით ცხოვრება ნაადრევი გარდაცვალების რისკებს ამცირებს, განსაკუთრებით გულთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზით. თუმცა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვარჯიშების ეფექტი განსხვავდება სქესის მიხედვით. როგორც პორტალი LiveScience წერს, ქალები ვარჯიშების შედეგებს უფრო მარტივად „იმკიან,“ ვიდრე მამაკაცები.