ხარისხიანი ძილი ფიზიკურ აქტივობას ზრდის – უახლესი კვლევის შედეგები

საკმარისი ძილი და აქტივობა ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანების უმეტესობას ორივეს მიღწევა უჭირს. ამიტომ შეგვიძლია, პრიორიტეტი ძილს მივანიჭოთ, რაც, თავის მხრივ მეტი მოძრაობის გასაღებია.

Advertising

ფლინდერსის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გააანალიზა წლების განმავლობაში შეგროვებული მონაცემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით 70 000-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ და მივიდა დასკვნამდე, რომ მათგან 13%-ზე ნაკლები აღწევს ძილისა და ფიზიკური აქტივობის რეკომენდებულ მიზნებს. კვლევა გამოქვეყნდა Communications Medicine-ში. შედეგები მიუთითებს, რომ ძილის ხარისხის გაუმჯობესება შეიძლება იყოს ყოველდღიური აქტივობის გაზრდის ეფექტური გზა.


კვლევითმა ჯგუფმა შეისწავლა სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები მომხმარებელთა ჯანმრთელობის მოწყობილობებიდან, რომლებიც აკონტროლებდნენ ღამის ძილს და ყოველდღიურ ნაბიჯებს. მათ აღმოაჩინეს, რომ ადამიანების უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს ფართოდ რეკლამირებულ სტანდარტებს – შვიდიდან ცხრა საათამდე ძილს და დღეში მინიმუმ 8000 ნაბიჯს.

საგანგაშოა, რომ მონაწილეთა თითქმის 17%-ში დაფიქსირდა საშუალოდ შვიდ საათზე ნაკლები ძილი და 5000 ნაბიჯზე ნაკლები – ესაა კომბინაცია, რომელიც დაკავშირებულია ქრონიკული დაავადებების, წონის მატებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მაღალ რისკებთან.

წამყვანი ავტორის, ფლინდერსის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ჯოშ ფიტონის თქმით, შედეგები აჩვენებს, რომ ძილის ხარისხი და ხანგრძლივობა უფრო დიდ გავლენას ახდენს მომდევნო დღის ფიზიკურ აქტივობაზე, ვიდრე – პირიქით.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ კარგი ღამის ძილი – განსაკუთრებით მაღალი ხარისხის – უფრო აქტიური დღისთვის გვამზადებს“, – ამბობს ბატონი ფიტონი, FHMRI Sleep Health-ის დოქტორანტი.

„ადამიანები, რომლებსაც კარგად ეძინათ, მეორე დღეს უფრო მეტად მოძრაობდნენ, მაგრამ დამატებითი ნაბიჯების გადადგმა იმ ღამით ძილს ნამდვილად არ აუმჯობესებდა. ეს ხაზს უსვამს ძილის მნიშვნელობას, თუ გვსურს ფიზიკური აქტივობის გაზრდა“, – აღნიშნავს ის.

„ჩვენმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ღამეში დაახლოებით ექვსიდან შვიდ საათის ძილი დაკავშირებული იყო მეორე დღეს ნაბიჯების ყველაზე მაღალ რაოდენობასთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ძილის დრო უნდა შევამციროთ, რადგან ხარისხი ასევე მნიშვნელოვანია,“ – ამბობს სპეციალისტი და აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებსაც უფრო ხარისხიანად ეძინათ, მეორე დღეს უფრო აქტიურები იყვნენ.

კვლევამ, როგორც მისი ავტორები ამბობენ, ცხადყო, რომ ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია ყოველდღიურად მიაღწიოს როგორც ძილის, ასევე აქტივობის რეკომენდებულ დონეს, ამიტომ სპეციალისტები ნამდვილად უნდა დაფიქრდნენ, თუ როგორ მუშაობს ეს რეკომენდაციები ერთად და რისი გაკეთება შეუძლიათ, რათა დაეხმარონ ადამიანებს, დააკმაყოფილონ ეს სტანდარტები რეალურ ცხოვრებაში.


სტატიის უფროსი ავტორი, პროფესორი დენი ეკერტი ამბობს, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აბალანსებენ სამსახურს, ოჯახს და ცხოვრების სხვა სფეროებს, ძილზე ფოკუსირება შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი უფრო ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისკენ.

„ძილის პრიორიტეტიზაცია შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტური გზა ენერგიის, მოტივაციისა და მოძრაობის უნარის გასაზრდელად. მარტივ ცვლილებებს, როგორიცაა ძილის წინ ეკრანთან გატარებული დროის შემცირება, ძილის თანმიმდევრული დროის დაცვა და მშვიდი ძილის გარემოს შექმნა, შეუძლია დიდი ცვლილებები გამოიწვიოს,“ – ამბობს პროფესორი ეკერტი.

როგორც ის აღნიშნავს, კვლევა აჩვენებს, რომ ძილი მხოლოდ პასიური მდგომარეობა არ არის და მას აქტიური წვლილი შეაქვს ადამიანის შესაძლებლობებში, იცხოვრონ ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებით.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

VILPA – ვარჯიშების მოკლე „აფეთქებების“ ტრენდი, რომელიც ჯანმრთელობას აუმჯობესებს

ყველამ ვიცით, რომ ჯანსაღი, ხანგრძლივი ცხოვრების გასაღები ვარჯიში და სწორი კვებაა. მაგრამ რა მოხდება, თუ უბრალოდ არ გაქვთ დრო, რომ სპორტდარბაზში ივარჯიშოთ ან დღეში 10,000 ნაბიჯი გადადგათ? როგორც BBC წერს, კარგი ამბავი ის არის, რომ ყოველდღიური აქტივობების მეტი მონდომებითა და ენერგიით შესრულებამ შეიძლება უდიდესი სარგებელი მოგიტანოთ - მათ შორისაა კიბეებზე სირბილი, სახლში ენერგიული სიარული ან შვილებთან ან შინაურ ცხოველებთან თამაში.