ცუდი ტანადობა შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს, ვიდრე ის თქვენი ცხოვრების ხარისხზე არ აისახება.
სიმპტომები კი თავს იჩენს მხრების დაძაბულობით ან კისრის ტკაცუნის მოთხოვნილების სახით.
ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ ხანგრძლივი ჯდომა შესაძლოა ტანადობაზე უარყოფითად აისახოს, თუმცა სხვადასხვა ყოველდღიური ფაქტორი, ასევე შესაძლოა იყოს რისკის შემცველი.
ფიზიოთერაპევტი მელორი ბეჰენა საკუთარ პაციენტებს შორის გავრცელებულ, ცხოვრების წესის 4 თვისებას აღნიშნავს, რომლებიც ტანადობის გაუარესებას იწვევს.
ამ ფაქტორების შესახებ ის გამოცემა Fit&Well-თან საუბრობს.
Doomscrolling
Doomscrolling — ესაა მოვლენა, როცა ადამიანი ინტერნეტში ნეგატიური ინფორმაციის კითხვის უწყვეტ ციკლშია ჩართული. ეს შესაძლოა ნეგატიურად აისახოს როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
„მოხრილ მხრებს შეუძლია კისერში ტკივილის გამოწვევა ან გაძლიერება, რადგან კუნთებს, რომლებიც ბეჭებს აკონტროლებენ, ამ მდგომარეობაში გააქტიურება არ შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ ბეჭების ზედა ნაწილის კუნთებმა, რომლებიც კისერში გადადის, უფრო ძლიერად უნდა იმუშაონ, რათა ხელებმა საკუთარი მდგომარეობა შეინარჩუნოს, რაც დაძაბულობას ქმნის. ამას მოჰყვება თავისა და კისრის ტკივილი, “ – ამბობს ბეჰენა.
მძიმე ჩანთების ტარება
სიმძიმეების ტარება, მათ შორის – ერთ მხარეს, სასარგელოა და მას კუნთების გაძლიერება შეუძლია, თუმცა, როგორც ბეჰენა ამბობს, ეს შესაძლოა, საზიანოც იყოს, თუ ადამიანი საკუთარ წონასთან მიმართებით ნეიტრალურ მდგომარეობას ვერ ინარჩუნებს. შედეგად კი კისერზე, მხრებსა და ხერხემლის გულმკერდ-წელის მონაკვეთზე დიდ ზეწოლას ახდენს, რაც ტკივილს იწვევს ან უკვე არსებულ ტკივილს აძლიერებს.
მუცელზე ძილი
მუცელზე ძილის დროს კისერი მოტრიალების ბოლო წერტილში ფიქსირდება და ამ წერტილში რჩება რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც კუნთებზე, სახსრებსა და კისერში არსებულ დისკებზე დიდ ზეწოლას ახდენს. ამიტომ, ბევრად უსაფრთხოა ძილი გვერდზე ან ზურგზე, ბალიშებით, რომლებიც კისერს სწორ მდგომარეობაში ამყოფებს.
არასწორი ზომის კლავიატურის გამოყენება
იმ ადამიანებმა, რომლებიც მაგიდასთან მუშაობენ, ოფისი საკუთარ სხეულთან შესაბამისობაში უნდა მოაწყონ.
ბეჰენას თქმით, არასწორი ზომის კლავიატურის გამოყენებას ჯანმრთელობისთვის გრძელვადიანი ზიანის მიყენება შეუძლია. კერძოდ, შესაძლოა განვითარდეს მაჯის გვირაბის სინდრომი, რომელსაც ახასიათებს თითების, მტევნის ან მკლავის დაბუჟება, სისუსტე, ჩხვლეტის შეგრძნება. გარდა ამისა, შესაძლოა, შეგექმნათ ხერხემლის პრობლემები. პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელია ოფისის მოწყობა ერგონომიული იყოს. ტერმინი ერგონომიული (ინგლ. ergonomic) ნიშნავს ისეთ დიზაინსა და მოწყობას, რომელიც ადაპტირებულია ადამიანის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მოთხოვნებზე – არის მოსახერხებელი, კომფორტული და ეფექტური გამოყენებისას.
ერგონომიული ნიშნავს ისეთ ნივთს, ხელსაწყოს ან სამუშაო გარემოს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანი ნაკლებად დაიღალოს, დაზიანების რისკი შემცირდეს და მუშაობის პროდუქტიულობა გაიზარდოს. მაგალითად, ერგონომიულია ისეთი სკამი, რომელიც ზურგს სწორად აფიქსირებს და ამცირებს ხერხემლის ტკივილის რისკს. ერგონომიული კლავიატურა – დაგეგმილია ისე, რომ ხელს უწყობს თითის ბუნებრივ მოძრაობას. ერგონომიული ხელსაწყოები – მათი ტარი უკეთ ჯდება ხელში და ამცირებს დაღლილობას ხანგრძლივი გამოყენებისას. ამ რეკომენდაციების შესრულების გარდა, მნიშვნელოვანია გარკვეული ვარჯიშების შესრულებაც, რომლებსაც თქვენი ტანადობის გაუმჯობესება შეუძლია.
მათ შორისაა „ფიცარი“, რომელიც სხეულს აძლიერებს და ზოგად წონასწორობას უწყობს ხელს, იცავს ხერხემალს. ასევე ეფექტიანია ვარჯიში „ნაბიჯი წინ“ და ბარძაყის უკან გაწევა, გვერდზე წოლის მდგომარეობაში.
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”