ქალები ვარჯიშების შედეგებს უფრო მარტივად „იმკიან,“ ვიდრე მამაკაცები – ახალი კვლევა

სპორტული წესით ცხოვრება ნაადრევი გარდაცვალების რისკებს ამცირებს, განსაკუთრებით გულთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზით. თუმცა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვარჯიშების ეფექტი განსხვავდება სქესის მიხედვით. როგორც პორტალი LiveScience წერს, ქალები ვარჯიშების შედეგებს უფრო მარტივად „იმკიან,“ ვიდრე მამაკაცები.

Advertising

კვლევამ მოიცვა 27-დან 61 წლამდე ასაკის 412 ათასზე მეტი ზრდასრული ამერიკელი, რომელთაგან 55% ქალია. მკვლევრები აგროვებდნენ მონაცემებს მონაწილეების ფიზიკური აქტივობის შესახებ 1997-დან 2017 წლამდე პერიოდში, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული გამოკითხვის დახმარებით.

კითხვარი შედგებოდა კითხვებისგან ვარჯიშის ტიპების შესახებ, რომლებსაც ეს ადამიანები ასრულებდნენ. ასევე ვარჯიშების სიხშირის, ხანგრძლივობისა და ინტენსივობის თაობაზე.

მკვლევრებმა ასევე შეისწავლეს გარდაცვალების ბაზები. შემდეგ მათ ეს ორი სახის მონაცემები ერთმანეთს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ კვლევის პროცესში 40 ათასამდე მონაწილე გარდაიცვალა, მათ შორის გარდაცვალების 11670 შემთხვევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უკავშირდება, ისეთებს, როგორიცაა გულის დაავადებები, გულის შეტევები და ინსულტები.

გამოკითხული მამაკაცების 43% და ქალების 32% აცხადებს, რომ რეგულარულად აკეთებდნენ აერობულ ვარჯიშებს, ვარჯიშების ჯამური ხანგრძლივობა კი კვირაში 150 წუთს შეადგენდა. იმავე სქესის არააქტიურ ადამიანებთან შედარებით, ქალებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობდნენ, ჰქონდათ გარდაცვალების 24%-ზე ნაკლები რისკი ნებისმიერი მიზეზით. იგივე კატეგორიის მამაკაცებში კი ეს რისკი მხოლოდ 15%-ით იყო შემცირებული

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ქალებმა ვარჯიშების შედეგად უპირატესობები უფრო მალე მიიღეს, ვიდრე მამაკაცებმა. კერძოდ, მამაკაცებში ყველა მიზეზით გარდაცვალების რისკი 18%-ით შემცირდა კვირაში 300-წუთიანი ზომიერი ან ინტენსიური ვარჯიშის შედეგად. ქალებში კი იგივე შედეგი კვირაში 140-წუთიანი ვარჯიშის შედეგად იქნა მიღწეული. შესაბამისად, ერთი და იგივე შედეგისთვის ქალებს მამაკაცებთან შედარებით ნახევარზე ნაკლები ძალისხმევა დასჭირდათ.

ეს უპირატესობები კიდევ უფრო მეტად იყო გამოხატული იმ შემთხვევებში, როცა საქმე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს ეხებოდა.

არააქტიურ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც აერობული ფიზიკური აქტივობით იყვნენ დაკავებულები, ქალებს აღნიშნული დაავადებებით გარდაცვალების 36%-ით ნაკლები რისკი ჰქონდათ იმ დროს, როცა მამაკაცების შემთხვევაში მხოლოდ 14%-იანი შემცირება დაფიქსირდა.

ეს შედეგები თანხვედრაშია 2011 წლის მეტაანალიზის შედეგებთან, რომელთა თანახმად, ფიზიკურ დატვირთვასა და გარდაცვალების რისკის შემცირებას შორის ქალებში უფრო ძლიერი კავშირი არსებობს, ვიდრე მამაკაცებში.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

 

Check Also

იოგა სიარულის დროს – პრაქტიკა, რომელიც თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს

“იოგა სიარულისას მოსახერხებელი ინსტრუმენტია, რომელსაც იოგის ვარჯიშების მიღმა, სიარულის დროს ვიყენებ. თუ აღგზნებულობას ვგრძნობ, ახლა უკვე ვიცი, როგორ გავუმკლავდე ამას. სამსახურამდე ამის კეთებით სიმშვიდის ადრიან დოზას ვიღებ, რომელიც მეხმარება, დილა პროდუქტიულად და ნათელი გონებით გავატარო. ადრე ასევე ვებრძოდი ცუდ ხასიათს, ახლა კი, მხოლოდ გარეთ გასვლა და სახის მზისთვის შეშვერა მნიშვშნელოვან დამამშვიდებელ ეფექტს იძლევა“