სადაც უნდა ვარჯიშობდეთ – კორტებზე, მინდორზე, სახლის სარბენ ბილიკზე თუ აუზზე, თუკი სათანადო რაოდენობის ვარჯიშებს აკეთებთ, ეს უდიდეს დადებით გავლენას მოახდენს თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
ამ თემაზე სტატიას გამოცემა livescience.com აქვეყნებს. სტატიაში მკითხველს საკუთარ მოსაზრებებს ფსიქოლოგი ჟოზეფინა პერი უზიარებს. იგი ხსნის, თუ როგორ აუმჯობესებს ფიზიკური ვარჯიშები ფსიქიკურ ჯანმრთელობას და საერთო კეთილდღეობას.
ვარჯიშები გვაძლევს სტრუქტურას, მიზანს, ენერგიას და მოტივაციას. ისინი გვეხმარება ემოციების „გადამუშავებასა“ და რეაგირებაში, ამცირებს ჩვენში ჭარბ ფიქრებს, აძლიერებს სტრესის მიმართ ჩვენს გამძლეობას. შედეგად, მცირდება დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომები და ჩვენი ქცევა იცვლება, იზრდება თვითშეფასება, სუსტდება მარტოობის განცდა, ჩვენ უფრო კომუნიკაბელურები ვხდებით.
პერის თქმით, ის ამ უპირატესობებს საკუთარ კლიენტებზე დაკვირვების პროცესში, მუდმივად ამჩნევს. მისივე განმარტებით, 20-წუთიანი ვარჯიშებსაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დეპრესიის სიმპტომების შემცირება
დეპრესიასთან გამკლავება მართლაც რთულია. მისი შემოტევის პერიოდებში თავს ძალიან დათრგუნულად ვგრძნობთ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, მას შეუძლია ზოგადად, ცხოვრების ხარისხის გაუარესება და მისი ხანგრძლივობის შემცირებაც კი, რადგან ქრონიკული დაავადებების რისკს ქმნის.
ფარმაცევტული პრეპარატები ამ დროს დიდად ეფექტიანი არ არის, ფიზიკური აქტივობები კი შესაძლოა, მნიშვნელოვანი ალტერნატივა იყოს.
პირველ რიგში, ფიზიკურ ვარჯიშებს დეპრესიული პერიოდების პრევენცია შეუძლია. საინტერესოა კვლევა, რომელიც American Journal of Psychiatry-ში გამოქვეყნდა და რომელშიც 33 ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. კვლევამ აჩვენა, რომ დეპრესიის ახალი შემთხვევების 12%-ის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, მოსახლეობა რომ კვირაში ერთი საათის განმავლობაში მაინც ვარჯიშობდეს.
თუ დეპრესია უკვე დიაგნოსტირებულია, ფიზიკური ვარჯიშები არის ეფექტიანი საშუალება სიმპტომების შემცირებისთვის როგორც რთულ, ისე მსუბუქ შემთხვევებში.
დიუკის უნივერსიტეტის კვლევამ კი დაადასტურა, რომ ფიზიკური ვარჯიშები შესაძლოა, ისეთივე შედეგიანი აღმოჩნდეს, როგორც ანტიდეპრესანტების მიღება. ზოგ შემთხვევაში ადამიანებს დეპრესიის სიმპტომები ამ გზით მთელი 70%-ით შეუმცირდა.
შფოთვის შემცირება
შფოთვა და დეპრესია ხშირად პარალელურად მიმდინარეობს. აღმოჩნდა, რომ ფიზიკური ვარჯიშები შფოთვის დროსაც ეფექტიანია. 13 სხვადასხვა კვლევის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ მათ, ვინც სპორტით აქტიურადაა დაკავებული, შფოთვის სიმპტომების განვითარებისგან უფრო ძლიერი დაცვა აქვთ მათთან შედარებით, ვინც ამას არ აკეთებს.
მეცნიერების განმარტებით, ასეთი ეფექტი იმას უკავშირდება, რომ ფიზიკური აქტივობა ჩვენს ორგანიზმში არსებულ საფრთხეების სისტემაზე ახდენს გავლენას. მექანიზმი ასეთია: ჩვენი ტვინის გარკვეული ნაწილი ემოციების გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი. ის მუდმივად ახდენს საფრთხეების სკანირებას და როცა რომელიმე მათგანს აღმოაჩენს, ორგანიზმს ადრენალინითა და კორტიზოლით ავსებს, რათა შფოთვას უფრო ეფექტიანად უპასუხოს.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სუნთქვა უფრო ხშირი ხდება, ძლიერდება სისხლის მიმოქცევა, კუჭის მოქმედება ხშირდება. ფიზიკური ვარჯიშები ძალიან ეფექტიანი საშუალებაა კუნთების მოსადუნებლად, ჩვენი ყურადღება სხვა რამეებზე გადადის, რათა შემცირდეს როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური გავლენა შფოთვაზე.
ბავშვების ქცევის გაუმჯობესება
როცა სპეციალისტები აკვირდებიან ფიზიკური ვარჯიშის გავლენას ბავშვებზე, მათ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის, რომ პატარების ქცევა უმჯობესდება – მათ შორის კომუნიკაცია უმჯობესდება, ხდებიან ნაკლებად აგრესიულები და საკუთარ ქმედებებზე მეტ პასუხისმგებლობას იღებენ.
მეტი ურთიერთობა, ნაკლები მარტოობა
ჩვენთვის აუცილებელია, გვქონდეს კავშირი გარშემომყოფებთან, რათა ენთუზიაზმი და მოტივაცია ვიგრძნოთ. ამის გარეშე ჩვენ ვერ დავამარცხებთ მარტოობასა და სოციალური კავშირების გაწყვეტას. აღმოჩნდა, რომ ფიზიკური ვარჯიში ამ კავშირის გაუმჯობესების შესანიშნავი საშუალებაა. რეგულარული ფიზიკური აქტივობა გვანიჭებს სტრუქტურისა და მიზნის განცდას. როცა ვართ აქტიურები და გვაქვს ურთიერთქმედება სხვა ადამიანებთან, ჩვენი სიცოცხლის ხარისხი უმჯობესდება. მეტიც – იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა.
თვითშეფასების გაზრდა
თქვენი თვითშეფასება ყალიბდება შეუსაბამობის გამო ორ ფაქტორს შორის – ერთი ფაქტორია ის, რაც გინდათ იყოთ, მეორე კი ის, რაც ხართ სინამდვილეში. რაც უფრო ახლოს ხართ იმასთან, რაც გინდათ რომ იყოთ, მით მაღალია თქვენი თვითშეფასება. თვითშეფასება უფრო მაღალი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც სპორტით რეგულარულად არიან დაკავებულები. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ შეუძლიათ დაინახონ, რომ არიან ფიზიკურად ამტანები და საკუთარ თავს პოზიტიურად აღიქვამენ. ეს ყველაფერი მათ საშუალებას აძლევს, საკუთარი თავის იდეალურ მოდელს მაქსიმალურად მიუახლოვდნენ.
_____
მაღალი თვითშეფასება ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს, რადგან ეს ზრდის რწმენას საკუთარ თავში, ჩვენი სხეულის მიმღებლობას.
რაც შეეხება ვარჯიშის ხანგრძლივობას, რაც აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი ბენეფიტების მისაღებად. Health Psychology-ს მკვლევარების დასკვნით, ესაა კვირაში 150 წუთი ჯამურად, რაც კვირის 5 დღეზე შეგვიძლია გავანაწილოთ. უფრო ხანგრძლივი ვარჯიში კი დადებით შედებებსაც აძლიერებს.
ნეგატიური სიმპტომების შემცირება ვარჯიშის დაწყებიდან უკვე 6 თვეში ხდება საგრძნობი. ამასთან, აუცილებელია ვარჯიშის გაგრძელება, რათა დადებითი ტენდენციები გრძელვადიანი იყოს.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”