ფიზიკური აქტივობის მინიმალური დონის გაორმაგებით ჰიპერტენზიას თავიდან აიცილებთ

მაღალი წნევა მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რადგან ის ადამიანების გარდაცვალების გამომწვევი არაერთი დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორია.

Advertising

გამოცემა sciencealert.com წერს, რომ ხანდაზმულ ასაკში ამ პრობლემისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა, ცხოვრების განმავლობაში ფიზიკური აქტივობა შევინარჩუნოთ.

თუმცა გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ 5,000-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელმაც ოთხი ამერიკული ქალაქი მოიცვა, ამ პროცესში ხელისშემშლელი სოციალური ფაქტორებიც არებობს.

„თინეიჯერები და 20 წელს გადაცილებული ადამიანები შესაძლოა ფიზიკურად აქტიურები იყვნენ, მაგრამ ეს ასაკთან ერთად იცვლება,“ – განმარტა კვლევის ავტორმა და ეპიდემიოლოგმა კირსტენ ბიბინს-დომინგომ (კალიფორნიის უნივერსიტეტი, სან-ფრანცისკო).

მისივე თქმით, მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ვარჯიში ამცირებს არტერიულ წნევას, მაგრამ მასშტაბური კვლევა მიუთითებს, რომ „ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება ახალგაზრდობის პერიოდში – უფრო მაღალი დონით, ვიდრე მანამდე იყო რეკომენდებული – შესაძლოა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს ჰიპერტენზიის თავიდან ასაცილებლად.“

ჰიპერტენზია სერიოზული მდგომარეობაა, რომელიც მთელს მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს აზიანებს. ის შეიძლება გულის შეტევისა და ინსულტის მიზეზი გახდეს, აგრეთვე ზრდის დემენციის განვითარების რისკს ხანში შესულ ასაკში.

ჯანმოს მონაცემებით, ყოველი ოთხი კაციდან ერთზე მეტი და თითქმის ყოველი მეხუთე ქალი ჰიპერტენზიით იტანჯება. მაგრამ უმეტესობა მათგანმა არ იცის, რომ მაღალი წნევა აქვს — სწორედ ამიტომ უწოდებენ მას ხშირად “ჩუმ მკვლელს”.

თუმცა, არსებობს გზები, რომ მაღალი წნევა კონტროლის ქვეშ მოექცეს — მათ შორის მთავარი, ამ კვლევის თანახმად, ვარჯიშია.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 5,100-ზე მეტმა ზრდასრულმა ადამიანმა, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგი სამი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობდა. კვლევები მოიცავდა როგორც ფიზიკურ გამოკვლევებს, ისე კითხვარებს ვარჯიშის ჩვევებზე, მოწევასა და ალკოჰოლის მოხმარებაზე.

მკლევრების დაკვირვებით, იმ ადამიანებში, ვინც ახალგაზრდა ასაკში კვირაში ხუთ საათს ატარებდა ზომიერი ინტენსივობის ვარჯიშში — რაც ორჯერ მეტია, ვიდრე რეკომენდებული მინიმუმია — აღმოჩნდა, რომ ამ დონეზე ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად ამცირებდა ჰიპერტენზიის რისკს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები ამ ჩვევას 60 წლამდე ინარჩუნებდნენ.

„ფიზიკური აქტივობის ამჟამინდელი მინიმალური რეკომენდაციების ორჯერ გადაჭარბება შეიძლება უფრო სასარგებლო იყოს ჰიპერტენზიის პროფილაქტიკისთვის, ვიდრე უბრალოდ ამ მინიმუმის დაკმაყოფილება,“ — წერენ ავტორები ნაშრომში.

ამასთან, კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ასეთი აქტივობის შენარჩუნებას ხელს სოციალური ფაქტორები უშლის. კერძოდ, ცვლილებები სკოლის დამთავრების შემდეგ იწყება — როცა ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობები მცირდება, რადგან ახალგაზრდები უნივერსიტეტში, სამსახურში იწყებენ სიარულს ან მშობლები ხდებიან და თავისუფალი დრო სულ უფრო უმცირდებათ.

თუმცა, ზემოთ დასახელებული კვლევის მნიშვნელოვანი შედეგების გათვალისწინებით, ნამდვილად ღირს, მოვძებნოთ საკმარისი დრო ფიზიკური აქტივობის შესანარჩუნებლად ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Edit

Check Also

5 ცვლილება ძალისმიერი ვარჯიშების პროგრამაში, რომლებსაც პროგრესის მოტანა 2 კვირაში შეუძლია

ფიტნეს-მწვრთნელი იან სმითი გვაძლევს რჩევებს, რა ცვლილებები უნდა შევიტანოთ ძალისმიერი ვარჯიშების პროგრამაში, რომ პროგრესი უკვე …