ფიზიკური აქტივობა მეხსიერებას აუმჯობესებს და შფოთვას ამცირებს – ახალი კვლევა

ესპანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ზომიერ ან ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას მისდევენ, მეხსიერება და სივრცითი ნავიგაცია უკეთ აქვთ განვითარებული, ვიდრე არააქტიური ცხოვრებით მცხოვრებ მათ თანატოლებს.

Advertising

კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ფიზიკურად აქტიურ ახალგაზრდებს ჰიპოკამპის დიდი მოცულობა აქვთ. სწორედ ტვინის ეს ნაწილია პასუხისმგებელი მეხსიერებისა და სივრცითი ნავიგაციის უნარზე.
კვლევის შედეგები ჟურნალ Brain Imaging and Behavior-ში გამოქვეყნდა.

ჰიპოკამპი ესაა ტვინის სიღრმეში განთავსებული, მოხრილი სტრუქტურა, რომელიც მთავარ როლს ასრულებს მეხსიერების ორგანიზებაში, ფორმირებასა და წამოწევაში. ის ეხმარება სივრცით მეხსიერებას, რომელიც გარე სამყაროში ორიენტირებაში გვეხმარება.


ბევრი წლის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ბავშვობის შემდეგ ტვინი ახალი ნეირონების გამომუშავებას წყვეტს, თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნეიროგენეზი უფროს ასაკშიც გრძელდება, განსაკუთრებით ჰიპოკამპში.

კერძოდ, კვლევის თანახმად, ზრდასრულ ადამიანებში, ჰიპოკამპის თითოეულ ნახევარსფეროში დღეში 700-მდე ახალი ნეირონი გამომუშავდება, თუმცა მათი სიცოცხლისუნარიანობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ახდენენ ისინი ინტეგრირებას ტვინის არსებულ ჯაჭვებში.
თუ ეს პროცესი ნეირონების წარმოქმნისთანავე არ იწყება, ისინი, როგორც წესი, იღუპებიან. ინტეგრაციის პროცესის წარმატება დამოკიდებულია დასწავლაზე, განსაკუთრებით ისეთზე, რომელიც შრომატევადია.

იგივე ეფექტზე მიანიშნებს ადამიანებზე ჩატარებული კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 84-მა ჯანმრთელმა ახალგაზრდა ადამიანმა – ქალებისა და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობით. მათი საშუალო ასაკი 23 წელი იყო.

კვლევის მონაწილეები სპეციალურ მოწყობილობას ატარებდნენ, რომლებზეც 7-დღიანი მონიტორინგის მონაცემები გროვდებოდა.

შედეგებმა აჩვენა, რომ იმ მონაწილეებში, რომლებიც ზომიერ ან ინტენსიურ ვარჯიშებს აკეთებდნენ, ჰიპოკამპის კონკრეტული სუბრეგიონის  გაცილებით მაღალი მოცულობა დაფიქსირდა.

მსუბუქი ფიზიკური აქტივობით დაკავებულ ადამიანებში კი ტვინის აღნიშნულ სტრუქტურაში შედარებით მცირე ზრდა აღინიშნა.

ამასთან, ადამიანებმა, რომლებიც მაღალი ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობაში იყვნენ ჩართულები, აღნიშნეს შფოთვისადმი მიდრეკილების შემცირება.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

Just Do It – საკუთარ თავთან საუბარი ვარჯიშების დაწყებაში დაგეხმარებათ

მართალია, მანტრები „უბრალოდ, გააკეთე ეს“ ან „დიახ, შენ შეგიძლია!“ ძალიან პოპულარულია, თუმცა ისინი ყოველთვის არ მუშაობს. თითოეულმა ადამიანმა უნდა მოძებნოს ის განსაკუთრებული ფრაზა, რომელიც უშუალოდ მასზე ზემოქმედებს. საუკეთესო ვარიანტია მოკლე, დასამახსოვრებელი ფრაზის შერჩევა, რომელიც კონკრეტული ადამიანისთვის იქნება განკუთვნილი.