ფიზიკური აქტივობა და აქტიური მოგზაურობა ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში – რეკომენდაციები

goodlife.ge უკვე წერდა სიცხიან ამინდებში ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და რეკომენდაციებზე.

Advertising

ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა ბოლო დღეებში ევროპაში მაღალი ტემპერატურის ფონზე.

განსაკუთრებული ყურადღება მართებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცხელ ქვეყნებში მოგზაურობენ და მოგზაურობის აქტიურ ფორმებს ირჩევენ. სპეციალისტები მათ სხვადასხვა რეკომენდაციას უზიარებენ, რაც ჯანმრთელობის საფრთხეებს აარიდებთ თავიდან.

კერძოდ, მათი თქმით, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ ქრონიკული დაავადება გაქვთ და ამის გამო სისხლის მიმოქცევის გაუარესების რისკის წინაშე დგახართ, ძლიერი სიცხის პირობებში თავი აარიდეთ ლაშქრობას ან ფეხით ხანგრძლივ ექსკურსიას. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯანმრთელი ხართ, თავი არ დაიტვირთოთ.

სიცხეში ფეხით სიარულთან დაკავშირებულ ერთ-ერთ საფრთხეს თბური დარტყმა წარმოადგენს. ესაა მოვლენა, როცა ორგანიზმი ვეღარ აკონტროლებს საკუთარ ტემპერატურას, რადგან ოფლის გამოყოფა სხეულს ვერ აგრილებს, რაც ძალიან სწრაფი პროცესია, ამიტომ საკუთარ შეგრძნებებს ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ერთ-ერთი დიდი საფრთხეა გაუწყლოვანება, რომელმაც, შესაძლოა, თირკმლების უკმარისობაც კი გამოიწვიოს. ესაა მდგომარეობა, როცა ორგანიზმი უფრო მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე მოიხმარს. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, როცა ხართ ისეთ ადგილებში, სადაც სამედიცინო დახმარება არ არის ხელმისაწვდომი.

მართალია, სიმაღლესთან ერთად ჰაერის ტემპერატურა ეცემა, თუმცა შედარებით მცირე ზომის მთებზე შესაძლოა, სიცხე კიდევ უფრო ინტენსიური იყოს, ვიდრე დაბლობში. ამის მიზეზი ისაა, რომ დიდ სიმაღლეებზე ჰაერი უფრო გაუხშოებულია და ულტრაიისფერ გამოსხივებას უფრო ცუდად ფილტრავს.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, თუ დღის რომელი მონაკვეთია. ყველაზე ინტენსიური სიცხე 15:00-დან 18:00 საათამდე პერიოდშია. ასეთ დროს ჯობია, შენობაში ან ჩრდილში დაისვენოთ.

რაც შეეხება კონკრეტულ რჩვეებს:

არასდროს წახვიდეთ ლაშქრობაში ან ფეხით ექსკურსიაზე წყლის გარეშე. მხოლოდ ერთი ან ორი საათით გასვლის შემთხვევაშიც კი ლიტრიანი ბოთლით მაინც უნდა წაიღოთ წყალი. ასევე კარგი იქნება, თუ ელექტროლიტებსაც მოიმარაგებთ. ესაა სპეციალური აბები, რომლებიც ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ოფლის გამოყოფის პროცესში დაკარგული მიკროელემენტების მნიშვნელოვან ნაწილს აგინაზღაურებთ.

დაიფარეთ სხეული ტანსაცმლით. მართალია, ჩვენთვის ნორმაა, ცხელ ამინდში მაქსიმალურად გავიხადოთ, მაგრამ ცხელ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები არასდროს დადიან მაისურითა და შორტებით. პირიქით – ისინი მაქსიმალურად იფარავენ სხეულს ნაჭრით, და აქ საქმე რელიგიურ შეხედულებებში არაა. დაუფარავი კანის საშუალებით თქვენ მეტ ტენს კარგავთ, რომ აღარაფერი ვთქვათ მზის დამწვრობაზე.

არ დაივიწყოთ ქუდიც, თუმცა ეს უნდა იყოს არა კეპი, არამედ ისეთი რამ, რაც კეფასა და კისერსაც დაგიფარავთ. ეს აბსოლუტურად აუცილებელია.

რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, ჯობია, ამინდის ექსტრემალურ პირობებში ეს აქტივობები შესაბამისი კლიმატური ტექნიკით აღჭურვილ შენობებში გადაიტანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს გულზე დატვირთვა ძალიან გაიზრდება.

თუ ფიზიკური აქტივობა თქვენი ცხოვრების ნაწილია და, სადაც უნდა იყოთ, მასზე უარის თქმა გირთულდებათ, შეგიძლიათ მსუბუქი ალტერნატივებიდან ერთ-ერთი შეარჩიოთ. მაგალითად, უარი თქვათ სირბილსა და სხვა კარდიო-ვარჯიშებზე, რომლებიც გულს აიძულებს, აქტიურად იმუშაოს.

ღია ცის ქვეშ ვარჯიშისას შეგიძლიათ გაწელვები გააკეთოთ. უარი არ თქვათ იოგაზე.

აკონტროლეთ თქვენი შეგრძნებები. თუ დაღლას იგრძნობთ, ვარჯიშის ტემპი შეანელეთ ან საერთოდ უარი თქვით მასზე.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

მუცლის ცხიმის წვა, ენერგიულობის და კონცენტრაციის გაუმჯობესება – დანერგეთ ეს სიახლე თქვენს რუტინაში

"შევნიშნე მუცლის ცხიმის თვალსაჩინო კლება და სხეულის შუა ნაწილში თავი უფრო გამხდრად ვიგრძენი. ჩემი გამძლეობა გაუმჯობესდა, ფეხები და მუცლის კუნთები უფრო ძლიერი გახდა. მთელი დღის განმავლობაში თავს უფრო მოტივირებულად, კონცენტრირებულად და ენერგიულად ვგრძნობ. ჩემი აზროვნება შეიცვალა - დასვენების დღეებს უმოქმედოდ აღარ აღვიქვამდი და დავიწყე მათი გამოყენება პროგრესისთვის,“ წერს ფიტნეს-ავტორი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით.