გაზაფხულის მზიანი დღეები, ცხადია, კარგი მოტივატორია ფიზიკური აქტივობის დასაწყებად ან კიდევ უფრო გასააქტიურებლად. თუმცა, არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც სპორტულ ფორმაში ჩადგომაში კიდევ უფრო დაგვეხმარება. ესაა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. თემაზე CNN-ის ვებ-გვერდს ფიტნეს-გამოცემა წერს. ამერიკელი კლინიკური ფსიქოლოგი ბარბარა გრინბერგი გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ მოტივაციის ამაღლებასა და ტანისამოსს შორის კავშირი მეცნიერულადაა დადასტურებული.
მისი რჩევაა, თუ გსურთ მეტად იყოთ ჩართული სპორტში, მეგობრებთან დრო ხშირად გაატაროთ ან, უბრალოდ, რუტინას დააღწიოთ თავი, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მცირე რამის გაკეთება: გაღვიძება და ფეხსაცმლის ჩაცმა.
იგივე თემაზე საუბრობს ვაშინგტონელი ექსპერტი მარისა ნელსონი და ამბობს: „როცა ფეხსაცმელს ან ტანსაცმელს იცვამთ, ახალ როლში შედიხართ და საკუთარი თავის ახალ ვერსიას ქმნით. ის, რაც თქვენ გაცვიათ, ძალიან დიდ გავლენას ახდენს თქვენს განწყობაზე.“
მისივე განმარტებით, სპორტული შარვალი და ფეხსაცმელი თქვენს ტვინს მოდუნების სიგნალს აძლევს. ექსპერტის თქმით, სწორედ ქცევის შეცვლას ემსახურება სკოლების ნაწილის მოთხოვნა, რომ მოსწავლეებმა ფორმები ატარონ – ეს გავლენას ახდენს ადამიანის განწყობაზე, ეხმარება მას სწავლაზე კონცენტრირებაში.
„არ არის აუცილებელი, ბოტასები იყოს ის ნივთი, რომელიც თქვენ გაძლევთ შეტყობინებას, რომ კალაპოტიდან უნდა გახვიდეთ. ეს შეიძლება სრულიად სხვადასხვა რამ იყოს ყოველდღე. შესაძლოა, თქვენ გჭირდებათ შარვალი იოგასთვის. ან საყვარელმა სვიტერმა აგიმაღლოთ თავდაჯერებულობა,“ – აღნიშნა სპეციალისტმა.
მისი კიდევ ერთი რჩევაა, არ დაელოდოთ, როდის იგრძნობთ თავს უკეთ, რათა დაიწყოთ რაიმის კეთება.
„ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ ჯერ დამოკიდებულებები უნდა შევიცვალოთ და შემდეგ – ქცევა. რეალურად ეს ასე არაა. ეს საპირისპიროდ მუშაობს: თავდაპირველად ცვლით ქცევას და შემდეგ თავს უკეთ გრძნობთ,“ – აცხადებს გრინბერგი.
ამასთან, მან დააზუსტა, რომ მხოლოდ ფეხსაცმლის ჩაცმა არ მოგიტანთ პოზიტიურ ემოციებს ყველა მიმართულებით, და თუ დეპრესია გაქვთ, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს უნდა მიმართოთ. ამის შემდეგ კი სპორტდდარბაზში წასვლის ძალებსაც იგრძნობთ.
სპეციალისტი ამბობს, რომ ქცევაში მცირე ცვლილებასაც კი, როგორიცაა გაღვიძება და ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჩაცმა, გარდა პირდაპირი საჭიროებისა, კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: ისინი ხსნიან ბარიერებს რეალურად სასარგებლო საქმეების კეთების გზაზე – ისეთების, როგორიცაა ფიზიკური ვარჯიშები და ურთიერთობები.
გრინბერგი შეგვახსენებს, რომ ფიზიკური ვარჯიშები არა მხოლოდ გვეხმარება განწყობის გაუმჯობესებაში, არამედ გვაძლევს ძალებსა და მოტივაციას, გავიდეთ სახლიდან და შევამციროთ საკუთარი თავის იზოლაცია.
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”