kids

სკოლაში ფეხით სიარული, ეკრანდამოკიდებულების შეზღუდვა – როგორ გავზარდოთ ბავშვების ფიზიკური აქტივობა

ბევრი ბავშვისთვის სკოლაში სიარული  ხანგრძლივად ჯდომას უკავშირდება.  უმეტესობა კი საკმარის ფიზიკურ აქტივობას ვერ ახერხებს, რაც ჯანსაღი ფიზიკური, სოციალური და გონებრივი განვითარების აუცილებელი ელემენტია.

Advertising

თემაზე UBC–ის (University of British Columbia) სამედიცინო ფაკულტეტის ოფიციალური ვებსაიტი med.ubc.ca წერს და პედიატრიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორის დოქტორ კრისტინ ვოსის  და ფიზიოთერაპიის სპეციალისტის დოქტორ ტარუ მანიანგას მოსაზრებები მოჰყავს.

ვოსი იკვლევს, თუ როგორ უკავშირდება ფიზიკური აქტივობა ბავშვების ჯანმრთელობის მიმდინარე და გრძელვადიან შედეგებს, ხოლო დოქტორი მანიანგა ფოკუსირებულია სოფლის და შორეულ თემებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ფიზიკურ აქტივობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობაზე.

რა უშლის ხელს ბავშვებს ფიზიკური აქტივობის რეკომენდაციების დაცვაში?

ვოისის თქმით, ფიზიკური აქტივობა მცირდება, როდესაც ბავშვები სკოლის ასაკს აღწევენ. ძალიან პატარა ბავშვების მშობლებმა იციან, რამდენად აქტიურები არიან ისინი – მათ მხოლოდ ღობეებსა და მოაჯირებზე ასვლა სურთ. ხოლო როდესაც ისინი სკოლაში მიდიან, ეს აქტივობა მცირდება და მოზარდი სტრუქტურირებულ აქტივობაზე ზედმეტად დამოკიდებული ხდება. საინტერესოა, რომ გოგონები ნაკლებად აქტიურები ხდებიან, ვიდრე ბიჭები.

მთავარი დამნაშავე კი, მისი შეფასებით, ჩვენი გარემო და ისაა, თუ როგორ ვატარებთ ჩვენს დღეს.

„ჩვენ ბევრს ვატარებთ ჩვენს შვილებს მანქანით და ვფიქრობთ, რომ მათთვის უსაფრთხო არ არის ტრანსპორტით, ფეხით ან ველოსიპედით მარტო მგზავრობა. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკაში მანქანის მართვა კულტურული ნორმაა, რომლის შეცვლა რთულია,“ – ამბობს ვოსი.

ტარუ მანიანგა კი აღნიშნავს, რომ ბავშვების აქტივობის განმსაზღვრელი ფაქტორების უმეტესობა ობიექტურია: მაგალითად, მუშაობენ თუ არა მშობლები რამდენიმე სამუშაოზე ან რამდენად დატვირთული რეჟიმი აქვთ? აქვს თუ არა სკოლას ფიზიკური აქტივობის კარგი  პროგრამები?

“მომწონს სკოლაში აქტიური მგზავრობის, მაგალითად, ფეხით ან ველოსიპედით სიარულის, პოპულარიზაცია. კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვები, რომლებიც ამას აკეთებენ, სხვა ადგილებშიც გადაადგილების აქტიურ საშუალებებს იყენებენ. ყველას არ შეუძლია სკოლაში ფეხით ან ველოსიპედით სიარული, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესანიშნავი ალტერნატივაა. ჩვენმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ, სკოლისკენ მგზავრობისას აქტივობის თითქმის ისეთივე დონეს იღებენ, როგორსაც ბავშვები, რომლებიც სასწავლებელში ფეხით დადიან. ხოლო თუ აუცილებლად გიწევთ თქვენი შვილის სკოლაში ან სხვა ნებისმიერ ადგილას მანქანით წაყვანა, გაიგეთ, არის თუ არა შენობამდე უსაფრთხო ადგილი,  სადაც შეგიძლიათ მისი ჩამოსმა,“ – ამბობს სპეციალისტი.
ტარუ მანიანგა კი გვიყვება, რომ ახალგაზრდებთან საუბარში მან ფიზიკური აქტივობის გაზრდისთვის რამდენიმე საინტერესო იდეა მოისმინა. მათ შორისაა

სპორტული ინვენტარის ბიბლიოთეკები და თანატოლების მიერ დაორგანიზებული პროგრამები, რომელთა მხარდაჭერაც მშობლებისა და თემის მოხალისეების მიერ იქნებოდა შესაძლებელი. მათ ასევე თქვეს, კარგი იქნება არაკონკურენტუნარიანი სპორტის წახალისება, რათა მათ შეეძლოთ ნაკლებად დაძაბულ გარემოში აქტივობით ტკბობა.

ვოსის თქმით, ბევრი ადამიანი ცხოვრების უმოძრაო წესში ეკრანდამოკიდებულებას ადანაშაულებს, მაგრამ ეს ასე ცალსახად არ არის.

„ამჟამად ხუთიდან ათ წლამდე ასაკის ბავშვებთან კვლევას ვატარებ და ვხედავთ, რომ ბიჭები გოგონებთან შედარებით უფრო მეტს იცავენ ფიზიკური აქტივობის რეკომენდაციებს, თუმცა ბიჭებს ასევე გაცილებით მეტი დრო აქვთ ეკრანთან გასართობად. ეკრანები ჩვენთან დარჩება და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათთან ერთად ცხოვრება. ეს მოიცავს ეკრანების გამოყენების შეზღუდვას ჩვენს მიერ და ჩვენი შვილებისთვის იმის დემონსტრირებას, რომ ეკრანთან დრო გაცნობიერებულად უნდა გავატაროთ,“ – ამბობს დოქტორი ვოსი.

 

მანიანგას აზრით, ეკრანთან ხანგრძლივად  ყოფნამ შეიძლება ხელი შეუშალოს ძილს, რაც გავლენას ახდენს ენერგიაზე, შემეცნებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ამიტომ მშობლებმა შვილებს მაგალითი უნდა მისცენ. ერთ-ერთი იდეაა, მათ ჰქონდეთ სოციალური კონტრაქტი იმის შესახებ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ოჯახის წევრებმა ეკრანებთან ყოფნისგან თავი შეიკავონ. ამ კონტრაქტს ხელი ოჯახის ყველა წევრმა უნდა მოაწეროს.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

დილის 12-წუთიანი რუტინა, რომელიც კუნთებს გაგიძლიერებთ

ფიზიკური აქტივობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კუნთების გაძლიერება, გარკვეული ასაკის შემდეგ კი მათი დაკარგვის პრევენციაა. თუმცა ყველას არ შეუძლია სპორტდარბაზში ყოველდღიური ინტენსიური ვარჯიში, ამიტომ ადამიანები ეძებენ მეთოდებს, შედარებით მარტივი აქტივობებით მიაღწიონ სასურველ შედეგს.