სიცივე, არდადეგები, შვებულებები, ვირუსები – ესაა ნაწილი იმ მიზეზებისა, რომელთა გამოც ზამთარში ფიზიკური ფორმის შენარჩუნება გვიჭირს.
დეიმონ სვიფტი, ვირჯინიის უნივერსიტეტის დოცენტი, ჯანმრთელობაზე ფიზიკური აქტივობის გავლენას იკვლევს.
ის ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ვარჯიშებში თანმიმდევრულობა. ამიტომ აქტიური ცხოვრებიდან მჯდომარე ცხოვრების წესზე გადასვლამ შესაძლოა კუნთების სიძლიერე დაგვაკარგინოს და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები შეგვიქმნას.
თუმცა, საბედნიეროდ, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს – რეკომენდაციებს სვიფტი გამოცემა UVA Today-ს უზიარებს.
არ იფიქროთ მხოლოდ წონაზე. სვიფტი გვირჩევს, ფიზიკური ვარჯიშების მრავალრიცხოვან უპირატესობებზე გავაკეთოთ აქცენტი.
„ზოგჯერ ისმის ასეთი მოსაზრება: „თუ არ ვხდები, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება. თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ, რომ წონის კონტროლის გარდა სხვა უპირატესობებიც არსებობს,“ – ამბობს ექსპერტი.
სვიფტი იმაზეც საუბრობს, რომ ფიზიკურ ვარჯიშებს სარგებელი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც მოაქვს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზის სინათლის ნაკლებობის პერიოდში.
კვლევები ადასტურებს, რომ ფიზიკური აქტივობა ამცირებს დეპრესიის რისკს და ასევე ამსუბუქებს დეპრესიის სიმტპომებს.
საინტერესოა, რომ ფიზიკური ვარჯიშები ამყარებს იმუნურ სისტემას, რაც მნიშვნელოვანი უპირატესობაა გრიპისა და გაციების სეზონზე.
დაბალმა ტემპერატურამ შესაძლოა თქვენი ვარჯიშების გრაფიკი ჩაშალოს.
სვიფტის თქმით, სიცივეში ვარჯიშის დროს მეტაბოლიზმი უფრო აქტიური ხდება, რათა ამით თქვენი სხეულის ტემპერატურის დარეგულირებას შეეწყოს ხელი.
თუ თქვენ მოგწონთ ჰაერზე ვარჯიში, აუცილებლად უნდა ჩაიცვათ ტანსაცმელი, რომელიც „სუნთქავს“.
რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, სუფთა ჰაერზე ივარჯიშოთ. თუ სიცივესა და თოვლში ვარჯიში არ მოგწონთ, გადაინაცვლეთ შენობაში.
სვიფტი გვირჩევს, ფიზიკური აქტივობის გაზრდისთვის გამოვიყენოთ სხვადასხვა სტიმული. მაგალითად, ნაბიჯების მთვლელი ან აქტივობის მონიტორინგის სისტემები.
კიდევ ერთი რჩევაა გეგმის შედგენა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჯანმრთელობისთვის ოპტიმალური სარგებლის მიღებისთვის საჭიროა კვირაში 150 წუთიანი საშუალო დატვირთვის ან 75-წუთიანი ინტენსიური დატვირთვის ვარჯიშები (ჯამურად). თუმცა მნიშვნელოვანია, შეადგინოთ გეგმა, თუ როდის უნდა აკეთოთ ვარჯიშები.
„ადამიანები, რომლებიც, ჩვენი კვლევების მიხედვით, ყველაზე კარგ შედეგებს აღწევენ, როგორც წესი, ერთსა და იგივე დროს, ყოველდღიურად ვარჯიშობენ, რადგან ეს მათი დღის განრიგის ნაწილი ხდება,“ – განაცხადა მან.
„თუ თქვენ შეძლებთ, თქვათ „ეს იქნება ჩემი ვარჯიშის დრო“ და ამ გრაფიკს შეასრულებთ, თქვენ უკეთ იგრძნობთ თავს, ვიდრე მაშინ, როცა უბრალოდ იმედოვნებთ, რომ ამას რაღაც მომენტში გააკეთებთ,“ – განაცხადა ექსპერტმა.
მორიგი რჩევაა მოქნილობა. სვიფტი აღიარებს, რომ საუკეთესო გეგმაც კი შესაძლოა ჩაიშალოს. მთავარია გვახსოვდეს: ვარჯიში – ესაა ყველაფერი ან არაფერი. ყოველდღიურად თუნდაც მცირეოდენ ვარჯიშსაც კი შეუძლია ჯანმრთელობისთვის ფასდაუდებელი სარგებელი მოგიტანოთ.
ჩამოთვლილი რეკომენდაციების მოკლე შეჯამება
როცა ზამთრის თვეები ვარჯიშში ხელს გიშლით, კონცენტრირება მოახდინეთ სხეულის მოძრაობაზე, რადგან რაღაცის კეთება ყოველთვის სჯობს არაფერს.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს არ იყო იდეალური კვირა, თქვენი საქმეები მაინც უკეთ წავა, ვიდრე იმის, ვინც მთელი ეს დრო დივანზე იწვა,“ – ამბობს სვიფტი.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”