mat

როგორ და რა პერიოდულობით უნდა ვწმინდოთ სავარჯიშო ხალიჩა

Covid-19-ის პანდემიის დროს ტრენაჟორების წმენდა ნორმა იყო. თუმცა დღეს შესაძლოა, უფრო ნაკლებ დროს ვუთმობდეთ მიკროორგანიზმებისგან დაცვის საკითხს ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის ფიტნეს-ცენტრებში.

Advertising

ეს კი, ექსპერტების აზრით, პრობლემაა, რადგან სპორტული დარბაზები საკმაოდ კარგ ნიადაგს ქმნის საშიში მიკრობების გავრცელებისთვის.

CNN-ის ვებგვერდის ფიტნეს-რუბრიკა ამ თემას საინტერესო სტატიას უძღვნის, სადაც მოჰყავს ჯერ კიდევ 2018 წლის კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, ფიტნეს-დარბაზებიდან (ჰანტელებიდან, სარბენი ბილიკებიდან, სავარჯიშო ხალიჩებიდან) აღებული ნიმუშების 75%-ში Staphylococcus aureus-ის (ოქროსფერი სტაფილოკოკი) არსებობა დადასტურდა. დაინფიცირება შესაძლებელია ინფექციის მატარებლებთან კონტაქტით, საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით, ჰაერწვეთოვანი და საკვებისმიერი გზებით. ზოგადად, ესაა ინფექცია, რომელიც არაერთ დაავადებას იწვევს.

მართალია, ოქროსფერი სტაფილოკოკი სპორტულ დარბაზში არსებული ნივთების ზედაპირებზე გვხვდება, თუმცა ყველაზე დიდ საფრთხეს სავარჯიშო ხალიჩები წარმოადგენს. ამის მთავარი მიზეზი ის მასალაა, რომლითაც ეს ხალიჩებია დამზადებული: კანადელი სპეციალისტის ჯეისონ ტეტროს თქმით, თოთოეულ მათგანს აქვს მიკრობული „ღრუბლები“.
მისი განმარტებით, ჩვენს სხეულს ყოველ საათში მილიონი მიკრობი და მკვდარი უჯრედი ტოვებს, რომლებსაც ვერ ვხედავთ.

ტეტროს თქმით, სავარჯიშო ხალიჩები მსუბუქი, ღრუბლოვანი მასალისგან მზადდება, რომლებშიც, ვარჯიშის დროს, ცხიმი, უჯრედები და ოფლის ნაწილაკები ადვილად რჩება. ბაქტერიებისა და სოკოებისთვის ეს გარემო არის კარგი საკვები, რომელშიც, ტენიანობის პირობებში, ისინი „იფურჩქნებიან“

ეს პათოგენები ორგანიზმში ხალიჩიდან უმცირესი ნაკაწრების ან დამწვრობის საშუალებით ხვდება. ისინი ასევე შეიძლება აღმოჩნდეს თქვენს ხელებზე, შემდეგ კი ეს ხელი სახეზე მიიდოთ, რასაც, Annals of Global Health-ის თანახმად, ადამიანები საათში დაახლოებით 50-ჯერ აკეთებენ.


სპორტულ მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, მიკროორგანიზმებმა, რომლებითაც სავარჯიშო ხალიჩიდან შეიძლება დაავადდეთ, შესაძლოა გამოიწვიოს გაციება, გრიპი, კუჭის გრიპი, კონიუნქტივიტი და ტერფის მიკოზი.

ყველაზე დიდ შეშფოთებას მეტიცილინი, რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი იწვევს, რომელიც გარკვეული ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეა.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების შეფასებით, ეს ვირუსი შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს კლუბური ტიპის დაწესებულებებში, სხვადასხვა მოწყობილობის ერთობლივი მოხმარებით ან კანით კონტაქტის გზით.

მართალია, ეს ინფორმაცია უსიამოვნოა, მაგრამ არ მისცეთ მას საშუალება, უარი გათქმევინოთ ვარჯიშზე. უსაფრთხოებისთვის მარტივი ქმედებაც საკმარისია – ესაა ხალიჩის გაწმენდა და დეზინფენქცია.

ფიტნეს-ცენტრების უმრავლესობას ამ მიზნით სადეზინფექციო ხელსახოცები და სპრეი აქვს მომარაგებული. სპეციალისტების რჩევაა, სპრეი ხალიჩის მთელ ზედაპირს დავასხუროთ და შემდეგ გავწმინდოთ, გამოყენებამდე კი გაშრობა დავაცადოთ.

სპეციალისტების რჩევაა, სპორტდარბაზში სადეზინფექციო ხელსახოცები თავად მივიტანოთ და მათი საშუალებით გავწმინდოთ ხალიჩა. ეს მიკრობების გასანადგურებლად სავსებით საკმარისია. ამასთან, სადეზინფექციო ხსნარი ხალიჩაზე საშუალოდ ერთიდან სამ წუთამდე უნდა დარჩეს.
მიკრობებისგან თავის დაცვის კიდევ ერთი მეთოდია ხალიჩაზე პირსახოცის გადაფარება, თუმცა, ცხადია, ამ პირსახოცის მეორედ გამოყენება არ შეიძლება. ის მაშინვე უნდა გარეცხოთ.

ექსპერტების რჩევაა, ხალიჩა იმ შემთხვევაშიც გავასუფთაოთ, თუკი ის ჩვენი საკუთრებაა და მხოლოდ ჩვენ ვიყენებთ. თუმცა მისი ხშირი დეზინფენქციის საჭიროება ასეთ შემთხვევაში არ არსებობს და შეგვიძლია ეს ყოველი 10 გამოყენების შემდეგ გავაკეთოთ. მის გასარეცხად შეგვიძლია ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებები გამოვიყენოთ.

გარდა ამისა, არსებობს სპეციალური, ანტიმიკრობული ხალიჩები, რომლებიც ეფექტიანად ებრძვის მიკრობების გამრავლებას. თუმცა პერიოდულად მათი გასუფთავებაც აუცილებელია.
ბაქტერიებისგან დაცვის უნივერსალური მეთოდი კი ვარჯიშის შემდგომ ხელების დაბანაა, მაშინაც კი, თუკი საკუთარ ხალიჩას იყენებთ.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

უარი თქვით გაჭიმვებზე – გაიგეთ, რეალურად რა მოგიხსნით მხრების დაჭიმულობას

როცა მხრები დაძაბული გვაქვს, გაჭიმვა შესაძლოა ყველაზე ლოგიკური პასუხი იყოს. თუმცა ბევრ შემთხვევაში გაჭიმვები პრობლემის …