რეგულარული ფიზიკური აქტივობა ფართოდ არის აღიარებული, როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესების ერთ-ერთი ეფექტიანი გზა, თუმცა მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს არ აქვს ვარჯიშის თანაბარი შესაძლებლობები. ბოლოდროინდელი გლობალური კვლევები აჩვენებს, რომ უსაფრთხო და ნებაყოფლობით ფიზიკურ აქტივობაზე წვდომა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შემოსავალზე, სქესსა და ცხოვრების პირობებზე. ამ უთანასწორობას კი შეიძლება ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს.
კვლევა, სახელწოდებით „ფიზიკური აქტივობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის 21-ე საუკუნეში“ ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა და ის ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ მოქმედებს სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა ვარჯიშზე. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებისა და წინა კვლევების მტკიცებულებების ანალიზით, მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ფიზიკურ აქტივობაზე არათანაბარი წვდომა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევაა, რომელიც ყურადღების მიღმაა დარჩენილი და რომელიც სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს.
მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ ფიზიკური უმოქმედობა უკვე მნიშვნელოვან გლობალურ ჯანმრთელობის პრობლემას წარმოადგენს. შეფასებების თანახმად, ის მსოფლიოში სიკვდილიანობის დაახლოებით 7.2 პროცენტს შეადგენს, რაც ყოველწლიურად ხუთ მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალებას ნიშნავს. ვარჯიში ჩვეულებრივ ასოცირდება სიმსუქნისა და გულის დაავადებების პრევენციასთან, თუმცა მისი სარგებელი კარდიომეტაბოლურ ჯანმრთელობას გაცილებით სცილდება. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ რეგულარულ მოძრაობას შეუძლია გააძლიეროს იმუნური პასუხები, ხელი შეუწყოს ფსიქიკურ კეთილდღეობას და გააუმჯობესოს გადარჩენის შანსები რამდენიმე დაავადების დროს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის დაცვის კამპანიები ხშირად ფოკუსირებულია ინდივიდების უფრო აქტიური ცხოვრების წახალისებაზე, კვლევა ხაზს უსვამს, რომ ყველას არ აქვს ვარჯიშის თანაბარი შესაძლებლობა.
ვარჯიში ბევრისთვის პრივილეგიად რჩება
ანალიზის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა არის ის, რომ ადამიანებს შორის, ფიზიკური აქტივობის შერჩევისას, მკვეთრი უთანასწორობა არსებობს. საუბარია ისეთ აქტივობებზე, როგორიცაა სირბილი, სპორტული ან სავარჯიშო დარბაზში ვარჯიში.
მკვლევარებმა გააანალიზეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების მონაცემები, რომლებიც 2008-2019 წლებში 68 ქვეყანაში შეგროვდა. მათ ფიზიკური აქტივობა სამი კატეგორიის მიხედვით შეისწავლეს:
დასასვენებელი აქტივობა: ვარჯიში ან სპორტი ნებაყოფლობით
აქტიური ტრანსპორტი: ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილება სამსახურში
პროფესიული საქმიანობა: ფიზიკური შრომა, რომელიც სამუშაოს ნაწილია.
შედეგებმა გამოავლინა დიდი უფსკრული ყველაზე უზრუნველყოფილ და ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის. მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მცხოვრებ მდიდარ მამაკაცებს თავისუფალ დროს ვარჯიშის ყველაზე მაღალი დონე ჰქონდათ, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მცხოვრებ ქალებს – ყველაზე დაბალი მონაწილეობის მაჩვენებელი.
საერთო ჯამში, ამ ჯგუფებს შორის თავისუფალ დროს აქტივობის მაჩვენებლის სხვაობა დაახლოებით 40 პროცენტით შეფასდა, რაც ხაზს უსვამს, თუ როგორ აყალიბებს სიმდიდრე და სქესი ვარჯიშის შესაძლებლობებს.
როდესაც მოძრაობას აუცილებლობა განაპირობებს
კვლევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა ის არის, რომ ყველა ფიზიკური აქტივობა არ ხორციელდება ჯანსაღი ან ნებაყოფლობითი გარემოებებით.
მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ფიზიკური აქტივობის 30 პროცენტზე მეტი, როგორც წესი, დასვენების ვარჯიშებზე მოდის, როგორიცაა სპორტული ან გასართობი ვარჯიშები. ამის საპირისპიროდ, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში აქტივობის მხოლოდ 10 პროცენტია დასვენებაზე დაფუძნებული, ხოლო მოძრაობის უმეტესი ნაწილი სამუშაო ან ტრანსპორტირების საჭიროებებს უკავშირდება..
ეს ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი აქტიური რჩება მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უწევთ დიდი მანძილის გავლა ან ფიზიკური შრომის შესრულება, და არა იმიტომ, რომ აქვთ უსაფრთხო სივრცეები ან ვარჯიშის დრო.
მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ასეთი აქტივობა შეიძლება ყოველთვის არ იძლეოდეს ერთსა და იმავე სარგებელს, რადგან ის ხშირად ხდება ისეთ გარემოში, სადაც არ არის უსაფრთხოება, დასვენება ან საკმარისი ხელსაყრელი პირობები. კვლევა ასევე ხაზს უსვამს რეგულარული ფიზიკური აქტივობის უფრო დიდ მნიშვნელობას ჯანმრთელობაზე. მრავალი მტკიცებულება აჩვენებს, რომ სტაბილურად აქტიურ ადამიანებში მძიმე ინფექციური დაავადებების გართულების რისკი შედარებით დაბალია, მათ აქვთ უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა და დეპრესიის შემცირებული რისკი, ისევე როგორც რამდენიმე სახეობის კიბოს განვითარების დაბალი ალბათობა. მაგალითად, 1.8 მილიონი ზრდასრული ადამიანის პანდემიის პერიოდის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ფიზიკურად აქტიურ პირებს Covid-19-ით ჰოსპიტალიზაციის, მძიმე ავადმყოფობის და სიკვდილის უფრო დაბალი რისკი ჰქონდათ არააქტიურ პირებთან შედარებით.
კვლევის თანახმად, ადამიანებს, რომლებიც იცავენ ფიზიკური აქტივობის რეკომენდაციებს, დეპრესიის განვითარების დაახლოებით 25 პროცენტით დაბალი რისკი აქვთ.
ეს დასკვნები აძლიერებს იმ აზრს, რომ რეგულარული მოძრაობა ხელს უწყობს ზოგად ჯანმრთელობას და არა მხოლოდ წონის კონტროლს.
გლობალური უთანასწორობის მოსაგვარებლად, მკვლევარები გვთავაზობენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საუბრის გადატანას ვარჯიშის წახალისებიდან „ფიზიკური აქტივობის უსაფრთხოების“ უზრუნველყოფაზე.
ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას უნდა ჰქონდეს უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და სასიამოვნო შესაძლებლობები მიზანმიმართული აქტივობისთვის, შემოსავლის, სქესის ან მდებარეობის მიუხედავად. ის ასევე მოუწოდებს პოლიტიკის შემქმნელებს, აღიარონ ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, როგორც სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემა და არა -ინდივიდუალური არჩევანი.
კვლევის ავტორების განცხადებით, პარკებზე, უსაფრთხო სასეირნო ბილიკებზე, დასასვენებელ სივრცეებსა და აქტიურ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე წვდომის გაუმჯობესებას შეუძლია ხელი შეუწყოს ამ უთანასწორობის შემცირებას.
კვლევა ვარაუდობს, რომ ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა არ შეიძლება მხოლოდ ინდივიდების მოტივაციაზე იყოს დამოკიდებული. ამის ნაცვლად, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მოძრაობა უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და სამართლიანია, შეიძლება მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების ეფექტიანი გზა იყოს.
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”
ჯანსაღი ცხოვრების პორტალი