რა ტემპით უნდა ვიაროთ, ჯანმრთელობას რომ მაქსიმალური სარგებელი მოვუტანოთ?

სიარულის მნიშვნელობის შესახებ ჩვენს საიტზე არაერთხელ დაწერილა. ზოგადად, ნებისმიერ ტემპში სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, თუმცა თუკი მეტი გვეცოდინება ფიზიკური აქტივობის ამ ფორმაზე, შევძლებთ, უფრო მეტი ბენეფიტი მოვუტანოთ ჩვენს სხეულსა და მენტალურ ჯანმრთელობას.

Advertising

რა ტემპში და რა ხანგრძლივობით სიარულია ყველაზე სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის?
ექსპერტების თქმით, ხანგრძლივი და სწრაფი (6,5 კმ/სთ და მეტი სიჩქარით) სიარული ორჯერ ამცირებს გულის რითმის დარღვევების რისკს.

გულის ისეთი დაავადებები კი, როგორიცაა წინაგულთა ფიბრილაცია, ტაქიკარდია და ბრადიკარდია, შესაძლოა, აქტიური სიარულით საერთოდაც თავიდან ავიცილოთ.

გამოცემა Express წერს, რომ ნელ ტემპს მიეკუთვნება 4,8 კმ/სთ-ზე დაბალი სიჩქარით სიარული, საშუალოს – 4,8-დან 6,5 კმ/სთ-მდე, ხოლო მაღალს 6,5 კმ/სთ-ით და უფრო სწრაფად სვლა.
კვლევის ფარგლებში გაანალიზდა დიდ ბრიტანეთში მცხოვრები 80 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემი. მათი სიარულის სიჩქარისა და ხანგრძლივობის მონიტორინგმა აჩვენა, რომ გულის ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლოა სწრაფი სიარული. ასეთ ტემპს შეუძლია გულის რითმის დარღვევების რისკის 43%-ით შემცირება ნელ სიარულთან შედარებით.

„სწრაფმა სიარულმა შეამცირა ჭარბი წონისა და ანთების რისკები, რამაც, თავის მხრივ, შეამცირა არითმიის რისკი. ერთობლივმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ სიარულის ტემპი კავშირშია მეტაბოლურ ფაქტორებთან, ისეთებთან, როგორიცაა ჭარბი წონა, გლუკოზის დონე უზმოზე, დიაბეტი, მაღალი წნევა და სხვა,“ – განაცხადეს კვლევის ავტორებმა.

სიარული ეფექტიანია წონის კლებისთვის, თუმცა შედეგი სწრაფი ვერ იქნება. ამასთან, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია სიარულის ტემპი და ხანგრძლივობა. მაგალითად, 30-წუთიანი სწრაფ ტემპში სიარული 200-მდე კალორიის დაწვას უწყობს ხელს, რაც წონის კლების წინაპირობაა.
ამასთან, ბევრი კამათობს იმაზე, სასარგებლოა თუ არა დილაობით, უზმოზე ვარჯიში? თუ ასეთი დატვირთვა ადამიანს დისკომფორტს არ უქმნის, საუზმის წინ 20-წუთიანი სეირნობა შესაძლოა არცთუ ცუდი შედეგების მომტანი იყოს.

თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს, დილით ერთსაათიანი სეირნობა ძალიან სასარგებლო იქნებოდა.

 

რაც შეეხება პოპულარულ საკითხს – რამდენი ნაბიჯი უნდა გადავდგათ ყოველდღიურად? ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ზრდასრულ ადამიანს ყოველდღიურად 6-8 ათასი ნაბიჯის გადადგმას ურჩევს. ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის კი ეს რაოდენობა 3500-დან 5500-მდე უნდა იყოს.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

ფიზიკური აქტივობა და აქტიური მოგზაურობა ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში – რეკომენდაციები

განსაკუთრებული ყურადღება მართებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცხელ ქვეყნებში მოგზაურობენ და მოგზაურობის აქტიურ ფორმებს ირჩევენ. სპეციალისტები მათ სხვადასხვა რეკომენდაციას უზიარებენ, რაც ჯანმრთელობის საფრთხეებს აარიდებთ თავიდან.