5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც, 2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. პანდემია ოფიციალურად დღესაც არაა დასრულებული. ჯანმოს მონაცემებით, ამ 5 წლის განმავლობაში მსოფლიოში გამოჩენილი ახალი ვირუსით 777 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 7 მილიონზე მეტი. კოვიდ 19-თან ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვმა კი 15 მილიონს გადააჭარბა.
თემას BBC აშუქებს და იხსენებს, რომ პანდემიის პიკზე მთავრობებმა უპრეცედენტო ზომები მიიღეს, გამოაცხადეს ლოქდაუნები და მოსახლეობას, პრაქტიკულად, იძულებით კარანტინში აგზავნიდნენ, რომელიც ზოგჯერ თვეები გრძელდებოდა. საერთო ჯამში, ლოქდაუნები 2,6 მილიარდ ადამიანს შეეხო.
პანდემიის დამანგრეველი მიზეზები მთელ მსოფლიოში დღემდე შესამჩნევია, თუმცა სპეციალისტების ნაწილი ამ მძიმე პერიოდის დადებით შედეგებზეც საუბრობს.
გარღვევა ვაქცინების შექმნის ტექნოლოგიებში, განათლებისა და მუშაობის დისტანციური, ჰიბრიდული მოდელების დანერგვა, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის გადააზრება – ესაა ის დადებითი შედეგები, რომლებიც ამ ტრაგიკულმა პერიოდმა დაგვიტოვა.
ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრება, მარტოობა, გაურკვევლობა, შიში და სასოწარკვეთა მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ფსიქოლოგიური ტრავმის მიზეზი გახდა.
ფსიქოლოგ ლაურა როხას-მარკოსის თქმით, პანდემიამ გავლენა მოახდინა ჩვენს ემოციურ მეხსიერებასა და ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაზე. ეს იყო წყალგამყოფი მომენტი, რომელსაც თან ახლდა არა მხოლოდ ტანჯვა, არამედ სწავლა და ახალი ცოდნის მიღებაც.
სპეციალისტის თქმით, ახლა ჩვენ მეტად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, არა როგორც ჩვენი სხეულისგან დამოუკიდებელ ფენომენზე, არამედ ისეთ რამეზე, რაც სრულადაა მასთან დაკავშირებული.
პანდემიის დროს ადამიანებმა ფიზიკურ აქტივობას კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაქციეს. ლოქდაუნების პირობებში, პასიური ცხოვრების წესთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ჯანმოს არაერთხელ განუცხადებია. სპეციალისტების განსაკუთრებულ შეშფოთებას ბავშვების სახლში გამოკეტვა იწვევდა. მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, კატარის ჯანდაცვის სამინისტრომა და ფიფამ 2022 წელს წარმოადგინეს ახალი ციფრული აპლიკაცია, რომლის მიზანიც ახალგაზრდა მოსახლეობაში ფიზიკური აქტივობის დონის გაზრდა იყო.
აპლიკაცია GenMove-ი 8-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. ის მათ საშუალებას აძლევდა, ვიდეოთამაშების დროს ენერგიულად ემოძრავათ. ეს თამაშები მოითხოვდა მთელი რიგი მოძრაობების შესრულებას, რომლებიც სხვადასხვა ფიზიკურ უნარს ავითარებს.
ჯანმოს რეკომენდაციაა, ბავშვები და მოზარდები ზომიერი ფიზიკური დატვირთვით დღეში საშუალოდ 60 წუთი მაინც იყვენ დაკავებულები, კვირაში სამჯერ კი კუნთებისა და ძვლების გასამაგრებელი ვარჯიშები აკეთონ. თუმცა, ჯანმოს მონაცემებითვე, მოზარდების 80% ამ რეკომენდაციებს არ ასრულებს და ნაკლებად მოძრავ ცხოვრების წესს მისდევს. ამას ემატება ძილის დროის შემცირება.
2022 წელს, აპლიკაციის პრეზენტაციაზე გამოსვლისას, კატარის ჯანდაცვის მინისტრმა ხანან მოჰამედ ალ კუვარიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიამ მძიმედ იმოქმედა ახალგაზრდებზე, რადგან მათ ფიზიკური აქტივობები და სასკოლო სპორტის სახეობები შეუზღუდა, ამიტომ აუცილებელია ფიზიკური აქტივობის გაზრდაში ინვესტიციების ჩადება და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, რომლებიც ბავშვებისთვის სახალისო იქნება და მათ ფიზიკურ აქტივობასაც გააუმჯობესებს.
ამჟამად აპლიკაცია გაუქმებულია. როგორც ჩანს, მან პანდემიის პერიოდში საკუთარი მისია ამოწურა, თუმცა ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის გადააზრება იმ დადებით ტენდენციად იქცა, რომლითაც პანდემიამ „დაგვასაჩუქრა“.
2022 წელს, ბიბისის დაკვეთით, GlobeScan-ის მიერ 30 ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადამიანები თავს უკეთ გრძნობდნენ, ვიდრე პანდემიამდე. ბევრმა მათგანმა აღიარა, რომ ახლა ოჯახთან უფრო მეტ დროს ატარებს, უკეთ გრძნობს კავშირს თემთან, რომელთან ერთადაც ცხოვრობს, ასევე ბუნებასთან და ზოგადად, უკეთ აღიქვამს პრიორიტეტებს. გამოკითხვის თანახმად, ყველა ამ ცვლილებამ ზოგადად, პოზიტიური ეფექტი იქონია.
საბედნიეროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიზიკური აქტივობის მიმართ ინტერესი პანდემიის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგაც არ განელებულა. ადამიანებმა გაიაზრეს, რომ ცხოვრების ასეთი წესი მათ მენტალურ ჯანმრთელობასაც განაპირობებს. მათ მეტად დაიწყეს ზრუნვა პირად და საქმიან ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვაზე და საკუთარ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე. ამ კუთხით პანდემია ჯანსაღი და სრულფასოვანი ცხოვრების შესანიშნავი გზამკვლევი აღმოჩნდა.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”