რამდენად ეფექტიანია „მუცლის ვაკუუმის“ ვარჯიშები, რომლებიც ბოლო პერიოდში სოცქსელებში ძალიან პოპულარული გახდა და ადამიანებისთვის ასობით ბუქნისა თუ აზიდვის გარეშე მუცლის კუნთების გაძლიერების იმედად იქცა.
თემაზე everydayhealth.com წერს და აღნიშნავს, რომ თავის დროზე ამ ვარჯიშმა TikTok-ზე 90 მილიონამდე ნახვა დააგროვა. გამოცემას მოჰყავს ფიზიოთერაპევტისა და ფიზიოთერაპიის დოქტორის, ფიტნეს ტრენერის ჯენი ბრენეკეს მოსაზრებები, რომელმაც ამ სავარჯიშო „ტრიუკთან“ დაკავშირებით დეტალური სახელმძღვანელო შექმნა. ტრენერი ამბობს, რომ ესაა იზომეტრიული ვარჯიში (სადაც კუნთი იძაბება, მაგრამ არ იკუმშება ან იწელება – კუნთი მუშაობს, მაგრამ სხეული არ მოძრაობს), რომელსაც შეუძლია წელის ტკივილის შემცირება და მუცლის კუნთების გაძლიერება, თუკი მას სწორად შევასრულებთ.
ღირს თუ არა ამ „ტრიუკის“ გამოყენება პრესის გაძლიერებისთვის და ჩვენი ვარჯიშების პროგრამაში მისი ჩართვა? აი, რა უნდა იცოდეთ ამის შესახებ:
ბრენეკეს თქმით, ეს ვარჯიში მოქმედებს მუცლის სიღრმეში არსებულ გრძივ კუნთზე, რომელიც ნეკნებიდან მენჯამდეა განთავსებული და მოქმედებს როგორც ბუნებრივი კორსეტი, რომელიც ამაგრებს გულმკერდის ქვედა და მენჯის ზედა ნაწილს.
ვაკუუმ ვარჯიშების შესასრულებლად ბრენეკეს რეკომენდაციები ასეთია:
შეასრულეთ ვარჯიში დილით, უზმოზე.
დაიწყეთ წინ გადახრილი მდგომარეობიდან. დროის გასვლასთან ერთად შეძლებთ ამ ვარჯიშის შესრულებას წელში გამართულ მდგომარეობაშიც.
ამოისუნთქეთ და თან მუცელი ღრმად შესწიეთ შიგნით ისე, თითქოს ჭიპი ხერხემლამდე მიღწევას „ცდილობს“. წარმოიდგინეთ, რომ ცივ ტბაში შედიხართ და წყალი მუცელზე გეხებათ.
შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა დაახლოებით 10-15 წამით (შემდგომში შეგიძლიათ თანდათან გაზარდოთ დრო), შემდეგ მოდუნდით.
გაიმეორეთ ვარჯიში ხუთჯერ, კვირაში 3-4-ჯერ.
მისი თქმით, ეს მეთოდიკა ფიზიოთერაპიაში გამოიყენება, როგორც უსაფრთხო და ეფექტიანი, რასაც არაერთი კვლევა ადასტურებს.
მართალია, ეს ვარჯიში დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ბოლო პერიოდში მისი პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა. მიზეზი მისი შესრულების ტექნიკის სიმარტივეა დამღლელ ვარჯიშებთან შედარებით.
ექსპერტების თქმით, ეს ვარჯიში მუცლის ძირითადი კუნთებისკენაა მიმართული და რეალურად შეუძლია, დაგვეხმაროს ტანადობისა და კორპუსის სიძლიერის გაუმჯობესებაში, თუმცა მისი კეთება თანმიმდევრულად, ზედმეტი დაძაბვის გარეშეა საჭირო.
ექსპერტების განცხადებით, მუცლის ვაკუუმის ვარჯიშებისგან ცხიმების დაწვასა და წელის გარშემოწერილობის შემცირებას მყისიერად არ უნდა ველოდოთ, თუმცა ის მუცლის კუნთებს ნამდვილად აძლიერებს.
ვარჯიშები უმეტეს შემთხვევებში უსაფრთხოა, თუმცა თუ ტკივილი ან ქოშინი დაგეწყებათ, უმჯობესია შეწყვიტოთ მისი კეთება. ასევე ჯობია ეს ვარჯიში არ აკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც მალთაშუა დისკის თიაქარი, კისრის დაავადებები ან სხვა რაიმე პრობლემა აქვთ.
ისევე როგორც TikTok-ის არაერთი ვირუსული ტრენდი, მუცლის ვაკუუმის ვარჯიშების დაპირებული შედეგებიც, შესაძლოა, გადაჭარბებული იყოს. გაითვალისწინეთ, რომ ბევრი ინფლუენსერი, რომელიც აცხადებს, რომ მათი ბრტყელი მუცელი ვაკუუმის ვარჯიშების დამსახურებაა, დიდი ალბათობით, სხვა არაერთ ვარჯიშსაც აკეთებს და ჯანსაღ კვებას მისდევს. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ არ უნდა დაელოდოთ, რომ თქვენი წელი ერთ ღამეში ჯადოსნურად შემცირდება. მუცლის პრესის მიღწევა რომ ასე მარტივი იყოს, როგორც ყოველდღიურად რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა, ადამიანებს აღარ მოუწევდათ ყოველდღიურად საათობით ვარჯიში. თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ვაკუუმ ვარჯიშების დილის რუტინაში ჩართვით ჯანმრთელობას გარკვეულ სარგებელს ნამდვილად მოუტანთ.
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”