არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა არაინფექციური დაავადებებისა და ადრეული სიკვდილის მთავარ რისკ-ფაქტორებს შორის რჩება. ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. მისი ინფორმაციით, ჯანმოს ევროპის რეგიონში არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა დაკავშირებულია დაახლოებით მილიონი ადამიანის სიკვდილთან წლის განმავლობაში.
ამასთან, ევროპელების თითქმის მეოთხედი არ ასრულებს ჯანმოს რეკომენდაციას, კვირის განმავლობაში არანაკლებ 150 წუთისა დაკავდეს საშუალო ინტენსივობის ვარჯიშებით.
ჯანმო პოპულარიზაციას უწევს ფეხითა და ველოსიპედით სიარულს, რადგან ამ აქტივობებს მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს ჯანმრთელობისთვის, გარემოსა და ზოგადად, საზოგადოებისთვის.
კერძოდ, აქტიური მობილობა გვეხმარება ძირითადი არაინფექციური დაავადებების თავიდან აცილებაში, აუმჯობესებს ფსიქიკურ კეთილდღეობას, ამცირებს გარემოში ხმაურის დონესა და მავნე ნივთიერებების გამოყოფას.
კამპანია „მოდი, ვიმოძრაოთ“
კამპანია სახელწოდებით „მოდი, ვიმოძრაოთ“ გვთავაზობს 100 მიზეზს, რათა ფეხით და ველოსიპედით სიარული ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად ვაქციოთ. მისი მიზანია ცალკეული ადამიანებისა და საზოგადოებების, ასევე გადაწყვეტილებების მიმღებთა შთაგონება, რათა მათ მხარი დაუჭირონ აქტიური მობილობის ინიციატივებს. კაპმანია ორიენტირებულია ჯანდაცვის სფეროს, ტრანსპორტის, გარემოსა და ქალაქგეგმარებით სპეციალისტებზე, ასევე პოლიტიკოსებსა და ფართო საზოგადოებებზე.
ის მოიცავს უახლეს სამეცნიერო მონაცემებს ევროპის მცხოვრებლების პირადი გამოცდილებით, რითიც ახდენს იმის ილუსტრირებას, რამდენად დიდი გარდაქმნების მოტანა შეუძლია აქტიურ მობილობას.
კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა 30-წამიანი ვერტიკალური ვიდეოს ჩაწერა, რომელიც ასახავს პასუხს შეკითხვაზე: „რატომ გიყვართ ფეხით ან ველოსიპედით სიარული“?
3 ივნისიდან ადამიანებს უკვე შეუძლიათ ამ ვიდეოების გამოქვეყნება საკუთარ სოციალურ გვერდებზე ჰეშთეგით #LetsGetMoving, @whoeurope-ის აღნიშვნითა და სამი მეგობრის მიპატიჟებით.
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”