თუ დილიდან თქვენი გრძელი სამოქმედო სია ოფისში წასვლის შიშს იწვევს, დროა, პროდუქტიულობისადმი თქვენს მიდგომას გადახედოთ.
თემაზე cnbc.com წერს და მოჰყავს ველნესზე ორიენტირებული მწვრთნელისა და Nourished Life Coaching & Consulting-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალისონ თიბსის სიტყვები, რომლის თქმითაც, გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანის პროდუქტიულობის გაუმჯობესებას დადებითი ჩვევების „ძალიან კარგი საფუძველი“ სჭირდება.
მისი თქმით, პროდუქრიულობაზე ფიქრისას ჩვენ ხშირად ვგულისხმობთ უშუალოდ მუშაობის პროცესს, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ვიწყებთ დღეს.
ძალიან ხშირად, წარმატებული ადამიანები ცდილობენ თავიანთი პროდუქტიულობის მაქსიმალიურად გაზრდას ძილისა და შესვენებების ხარჯზე.
„ისინი მიიჩნევენ, რომ პროდუქტიულობის გამო გვიან ღამით უნდა დაიძინონ, დილაადრიან გაიღვიძონ და სადილიც გამოტოვონ,“ – ამბობს ის.
თიბსის თქმით, ასეთი დამოკიდებულება ხშირად იწვევს გადაწვას. მისი აზრით, საკუთარ თავზე ზრუნვა ფოკუსირებისა და გამძლეობის შენარჩუნების გასაღებია.
თიბსის ყველაზე წარმატებული კლიენტები თანაბრად სერიოზულად უყურებენ სამუშაოსაც და კეთილდღეობასაც. „მათი შესრულება, კრეატიულობა, ლიდერობა, თავდაჯერებულობა და ურთიერთობები ნამდვილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ზრუნავენ ისინი საკუთარ თავზე, “ – ამბობს სპეციალისტი.
ეს არის მისი საუკეთესო რჩევები, თუ როგორ ჩამოვაყალიბოთ მდგრადი პროდუქტიულობის ჩვევები:
დაგეგმეთ დილის რუტინა
„თუ თქვენი ტიპიური დილა საწოლიდან ადგომას და სამსახურში გაქცევას გულისხმობს, პროდუქტიულობის კუთხით თქვენ „საკუთარ ფეხებს ესვრით,“ – ამბობს თიბსი.
მისი თქმით, ადამიანების უმეტესობა დილით ჩქარობს – ისინი უბრალოდ ყავას დალევენ და ოფისში მიჰქრიან, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ თავზე საერთოდ არ ზრუნავენ.
სანამ გონებრივად დაიწყებთ თქვენი სამოქმედო სიის დალაგებას, თიბსი გვირჩევს, გარკვეული დრო დავუთმოთ სუნთქვას და საკუთარ თავზე ვკონცენტრირდეთ. ის თავად დღეს მედიტაციით, 15 წუთიანი იოგას კეთებით და შემდეგ სწრაფი გასეირნებით იწყებს.

„ეს უბრალოდ ძალიან მარტივი რუტინაა, რომლის გაკეთებაც ნებისმიერ ადგილას შემიძლია და რომელიც ადვილად ინტეგრირდება ჩემს ცხოვრებაში, – ამბობს ის, – როდესაც მაგიდასთან ვჯდები, ვგრძნობ, რომ მზად ვარ და გონებრივად, ემოციურად და ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში ვარ“.
თიბსის თქმით, იდეალური დილის რუტინა მარტივი და მდგრადია: ის გაჯანსაღებს, გამაგრებს და ენერგიას გაძლევს, თანმიმდევრული ჩვევების შენარჩუნება კი ხსნის კარს, რომ დილით სუპერპროდუქტიული ვიყოთ.
გამოიყენეთ თქვენი „ენერგიული საათები“
ადამიანების უმეტესობა პროდუქტიულობის პიკს დღეში რამდენიმე საათით აღწევს. თიბსის თქმით, ეს „ენერგიული საათები“ მნიშვნელოვან საქმეებზე კონცენტრირების საუკეთესო დროა.
სპეციალისტი შენიშნავს, რომ ყველაზე უკეთ თავს დილის 10 საათიდან შუადღემდე გრძნობს, ამიტომ ცდილობს, ეს საათები მაღალი ინტენსივობის სამუშაოსთვის გამოყოს.
„ეს ის დროა, როდესაც იცი, რომ ნამდვილად შეგიძლია კონცენტრირებული იყო. სწორედ ამ დროს მუშაობს შენი ტვინი საუკეთესოდ და შეგიძლია შენი დღე ამის გარშემო ააწყო,“ – ამბობს ის.
მისივე თქმით, „ენერგიული საათებიდან“ მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, საჭიროა გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები.
ის გვირჩევს, რომ ყურადღების გამფანტველი ყველა ელექტრონული ფაქტორი თავიდან მოვიშოროთ: გამოვრთოთ ტელეფონი, არ ვიკითხოთ შეტყობინებები და მხოლოდ ერთი გვერდი გვქონდეს გახსნილი.
ასევე სასარგებლოა მაგიდის დალაგება და ნებისმიერი საჭირო ნივთის, როგორიცაა წყალი, საჭმელები ან საოფისე ნივთები – მომზადება.
შეზღუდეთ პრიორიტეტები
თიბსის ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია: „ადამიანებს დროის მენეჯმენტის პრობლემა არ აქვთ, მათ პრიორიტეტების მენეჯმენტის პრობლემა აქვთ“.
მისი კლიენტები ხშირად ძალებს ფანტავენ იმით, რომ ერთდროულად რამდენიმე ამოცანის შესრულებას ცდილობენ, რაც მათ გონებრივ ენერგიას წვავს და კოგნიტურ ფუნქციებს აქვეითებს.
თიბსის თქმით, მაღალპროდუქტიულმა ადამიანებმა ზუსტად იციან, რაზე უნდა იმუშაონ ყოველდღიურად.
ის პროფესიონალებს მოუწოდებს, დაალაგონ თავიანთი პრიორიტეტები პრინციპით: „გააკეთე, დელეგირება გაუკეთე, წაშალე.“
თქვენი ამოცანაა, გააკეთოთ ის, რაც საქმეებს წინ წასწევს და სწორედ აქ გჭირდებათ ყველაზე მეტი ენერგია, დრო და ყურადღება.
ყველა სხვა დავალება სხვებს უნდა გადასცეთ ან საერთოდ ამოიღოთ თქვენი საქმეების სიიდან.
თიბსის თქმით, მის ყველაზე წარმატებულ კლიენტებს შორის საერთო თვისება ის არის, რომ მათ აქვთ თავიანთი პრიორიტეტების მკაფიო საზღვრები.
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”
ჯანსაღი ცხოვრების პორტალი