ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კიბეზე ასვლა შესანიშნავი ვარჯიშია ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფეხის კუნთებისთვის. მას ხშირად აქებენ, როგორც ფიზიკური აქტივობის სწრაფ და მარტივ საშუალებას, როცა დრო ცოტაა ან სავარჯიშო დარბაზი მიუწვდომელია. Onlymyhealth-ი წერს, რომ ამ მარტივ აქტივობას შეუძლია გაცილებით მეტი მოგვცეს, ვიდრე ძლიერი გული და მკვრივი დუნდულები.
გამოცემასთან საუბარში ზოგადი მედიცინის კონსულტანტი და ექიმი ბჰუმეშ ტიაგი განმარტავს, რომ კიბეზე ზემოთ და ქვემოთ სიარული, შესაძლოა, ტვინის ჯანმრთელობის საიდუმლო იარაღიც იყოს.
„წლების განმავლობაში, ტვინის ფუნქციის გამაძლიერებელ აქტივობებზე ყურადღება ძირითადად კონცენტრირებული იყო რთულ გონებრივ სავარჯიშოებზე, როგორიცაა თავსატეხების ამოხსნა, ახალი ენის სწავლა ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა. ცხადია, ეს ყველაფერი ნამდვილად სასარგებლოა, მაგრამ გონებისა და სხეულის ურთიერთკავშირის შესახებ ცოდნის გაფართოებასთან ერთად სულ უფრო მეტად იკვეთება ფიზიკური აქტივობის გავლენა ჩვენს კოგნიტურ პროცესებზე. და ამ სფეროში, კიბეზე ასვლა საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტია,“ — აღნიშნა ექიმმა ტიაგიმ.
ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ფიზიკური აქტივობა ტვინის სასარგებლოდ მოქმედებს, არის სისხლის ნაკადის გაზრდა. როდესაც კიბეზე ავდივართ, გულისცემა ჩქარდება და ტვინს ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი მიეწოდება. ეს გაუმჯობესებული ცირკულაცია გადამწყვეტია საჭირო ნივთიერებების მიწოდებისა და ნარჩენი პროდუქტების გამოდევნისთვის, რაც ტვინის უჯრედების ოპტიმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. სისხლის ნაკადის გაუმჯობესება ასევე ხელს უწყობს ნეიროგენეზს — ტვინის ახალი უჯრედების წარმოქმნას, განსაკუთრებით ისეთ უბნებში, როგორიც არის ჰიპოკამპი, რომელიც სწავლისა და მეხსიერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
გარდა სისხლის მიმოქცევის დაუყოვნებელი გაუმჯობესებისა, კიბეზე ხშირი ასვლა, როგორც ზომიერი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა, დადებითად მოქმედებს ზოგად გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე. ტვინი და გული ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი — რომლებიც ხშირად ფიზიკური უმოქმედობით ძლიერდება — დროთა განმავლობაში ტვინის ფუნქციონირებას ზიანს აყენებს. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნებით, კიბეზე ასვლა არაპირდაპირ იცავს ჩვენს ტვინს ამ მავნე ზეგავლენისგან და შესაძლოა შეამციროს კოგნიტური დაქვეითებისა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების, როგორიცაა ალცჰაიმერი, განვითარების რისკიც კი.
კიბეზე ასვლა მხოლოდ ფიზიკური ძალისხმევა არ არის, ის მოითხოვს მოტორული დაგეგმვის უნარს, ბალანსს და სივრცის შეგრძნებასაც. ყოველი ნაბიჯი კოორდინაციასა და პროპრიოცეფციას (სხეულის მდებარეობის აღქმა სივრცეში) მოითხოვს. ეს კი რეალურად ეხმარება ნეირონულ ქსელებს აქტიურ მდგომარეობაში დარჩენაში და შესაძლოა ახალი კავშირების ფორმირებასაც კი უწყობდეს ხელს. განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში, ბალანსისა და კოორდინაციის მსგავსი ვარჯიშები, როგორიც არის კიბეზე ასვლა, ძალიან მნიშვნელოვანია დაცემის თავიდან ასაცილებლად და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის.
ამიტომ, შემდეგში, როცა დაფიქრდებით, ლიფტით ისარგებლოთ თუ კიბით, გაიხსენეთ ის კოგნიტური სარგებელი, რომელსაც კიბეზე ასვლა გაძლევთ. დღეში მხოლოდ რამდენიმე სართულის გავლაც კი ჯამში დიდ შედეგს იძლევა — სისხლის უკეთეს მიმოქცევას, გაძლიერებულ ნერვულ კავშირებს, განწყობის გაუმჯობესებას და ჯანმრთელ ტვინს. ეს არის დაბალბიუჯეტიანი, მაგრამ მაღალი სარგებლის მქონე სტრატეგია, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს თქვენი ტვინის გრძელვადიან სიჯანსაღეს.
* * *
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”