ფიტნესისა და ჯანმრთელობის აპლიკაციები მსოფლიოში 311 მილიონ ადამიანს აქვს ჩამოტვირთული. მათი საშუალებით შესაძლებელია ნაბიჯებისა და კალორიების თვლა და ფიტნესში სხვადასხვა მიზნის დასახვა და მიღწევა. თუმცა, უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ სარგებლის გარდა, ამ ტექნოლოგიებს ზიანის მოტანაც შეუძლია.
ამის შესახებ გამოცემა sbs.com.au წერს და მოჰყავს ფლინდერსის უნივერსიტეტის ახალი კვლევა, რომელიც აღნიშნული ტექნოლოგიების დადებით შედეგებს ადასტურებს. კვლევის თანახმად, ასეთი ციფრული ინსტრუმენტები ხელს უწყობს ადამიანებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, მაგრამ ამავდროულად, მათ შეუძლია გამოიწვიოს კვებითი დარღვევები, აკვიატებული ჩვევები ფიზიკური ვარჯიშების მიმართ და სხვა პრობლემები.
რადგანაც მილიონობით ადამიანი ამ ტექნოლოგიების დირექტივებს ეყრდნობა, ექსპერტების ნაწილი უკვე გამოთქვამს შეშფოთებას მათი „გვერდითი მოვლენების“ გამო. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 38 ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევა, რათა დადგენილიყო, არსებობს თუ არა კავშირი დიეტისა და ფიტნესის აპლიკაციებსა და წონაში კლების დაუოკებელ სურვილს, ასევე კალორიების დაუსრულებელ თვლასა და გადაჭარბებულ ფიზიკურ ვარჯიშებს შორის.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებში, რომლებიც ამ აპლიკაციებს რეგულარულად იყენებენ, უფრო მაღალია პრობლემური ჩვევების ჩამოყალიბების რისკი. კერძოდ, საუბარია კვებასთან და ვარჯიშთან დაკავშირებულ ჩვევებზე.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ახალგაზრდებში, რომლებიც დიეტისა და ფიტნესის აპლიკაციებს იყენებენ, უფრო გამოხატულადაა კვებითი ქცევების დარღვევების სიმპტომები, ისეთები, როგორიცაა მავნე დიეტები. მათ მეტად აქვთ ნეგატიური აზრები საკუთარი სხეულის ფორმების შესახებ მათთან შედარებით, ვინც ამგვარი აპლიკაციებით არ სარგებლობენ,“ – განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა იზაბელა ანდერბერგმა. თუმცა, მისივე თქმით, არსებობს იმის მტკიცებულებებიც, რომ ეს ინსტრუმენტები შესაძლოა ეფექტიანი იყოს ფიზიკური აქტივობის გაზრდის კუთხით.
მკვლევარების თქმით, დიეტისა და ფიტნესის ზოგიერთი აპლიკაცია მომხმარებელმა თავად უნდა ჩამოტვირთოს, თუმცა ზოგ შემთხვევაში, მაგალითად ესაა Apple Fitness-ი, ისინი მოწყობლობაში ავტომატურადაა ჩამონტაჟებული. ისინი მომხმარებელს რეგულარულად ატყობინებენ მის ადგილმდებარეობასა და აქტივობის დონეს დღის განმავლობაში.
მეცნიერები არ ამბობენ, ესა თუ ის მოწყობილობა კარგია თუ ცუდი. მათი თქმით, ეს დამოკიდებულია ადამიანზე, რომელიც მათ იყენებს.
ბევრი ადმიანისთვსის დიეტისა და ფიტნეს-აპლიკაციები სიკეთეების მომტანია და მათი მომხმარებლები უფრო ჯანსაღ კვებასა და მეტ მოძრაობას იწყებენ.
თუმცა ზოგიერთ მომხმარებელში – ვინც მიდრეკილია კვებითი დარღვევებისკენ და ამ საკითხისადმი მოწყვლადია, მაგალითად მოზარდებში, ამ ტექნოლოგიებმა შესაძლოა სიმპტომები დაამძიმოს.
საქველმოქმედო ფონდ The Butterfly Foundation-ის ექსპერტის სარა სქვაიარის განცხადებით, მთლიანობაში, მოსახლეობისთვის ჯანმრთელობისა და ფიტნეს-აპლიკაციების გამოყენებას ფიზიკური ვარჯიშებისა და სწორი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში დადებითი გავლენის მოტანა შეუძლია, თუმცა ამბობს იმასაც, რომ მოწყვლადი ადამიანები დიდი რისკის წინაშე დგანან. კერძოდ, ისინი მუდმივად აკონტროლებენ რიცხვებს, როგორიცაა კალორიები, წონა ან ნაბიჯები და კონკრეტული მაჩვენებლის მიღწევა უკვე თვითმიზნად იქცევა.
თუმცა სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ კვებითი დარღვევების მქონე ადამიანები ზოგადად, რთული ფსიქოლოგიის მატარებლები არიან და ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ მათი მდგომარეობა აპლიკაციების მოხმარების შედეგია. ესპერტის თქმით, ასეთი დარღვევების უკან ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები დგას.
საინტერესოა, რომ აპლიკაციების გავრცელებასთან ერთად სულ უფრო მეტი არგუმენტი ისმის ამ სფეროში რეგულაციების ამოქმედების სასარგებლოდ.
ამიტომაც, სქვაიარი ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად პოპულარულია ესა თუ ის მოწყობილობა. ის გვირჩევს, ასეთი აპლიკაციის ჩამოტვირთვამდე რამდენიმე ფაქტორი გავითვალისწინოთ: ვინ შექმნა ეს აპლიკაცია? ესაა არაკომერციული ორგანიზცია თუ კომპანია, რომელსაც კომერციული მიზნები აქვს? იყვნენ თუ არა მის შექმნაში ჩართული ექსპერტები? გამოქვეყნებულია თუ არა ამ აპლიკაციის კვლევების შედეგები რომელიმე რეცენზირებად ჟურნალში?
მისივე თქმით, ფიზიკური თუ ქვებითი რეჟიმის ჩამოყალიბებისთვის უმჯობესია, მხოლოდ აპლიკაციებს არ მივენდოთ და მივმართოთ სპეციალისტებს – ფიზიოლოგებსა და დიეტოლოგებს, რომლებიც ინდივიდუალურ რეკომენდაციებს მოგვცემენ.
სპეციალისტი აპლიკაციების მომხმარებლებს ურჩევს, ყურადღება მიაქციონ იმას, თუ რას გრძნობენ ამ ინსტრუმენტის გამოყენებისას.
„თუ ადამიანები გრძნობენ დანაშაულს ან სირცხვილს იმის გამო, რომ ვერ მიაღწიეს დასახულ მიზანს, ისინი იწყებენ საკუთარი თავის სხვებთან შედარებას ნეგატიური კუთხით,“ – აღნიშნავს სქვაიარი და ასეთ შემთხვევაში მომხმარებლებს სპეციალისტისადმი მიმართვას ურჩევს.
* * *
უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქრონიკული დაავადებების ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შემთხვევაში, უმჯობესია, კონსულტაციები ექიმთან გაიაროთ, რათა ფიზიკური დატვირთვა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი იყოს.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”