ვარჯიში ოჯახთან ერთად ზრდის სარგებელს მოზარდების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

მოზარდებს, რომლებიც ფიზიკურ აქტივობებში მშობლებთან ერთად არიან ჩართულები, მომავალში, დიდი ალბათობით, უკეთესი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა ექნებათ.
ამის შესახებ გამოცემა theravive.com წერს და აღნიშნავს, რომ ასეთ ბავშვებში ცხოვრებით კმაყოფილების დონეც მაღალია.

Advertising

კვლევის თანახმად, ბავშვები, რომლებიც ფიზიკურ აქტივობაში ოჯახთან ერთად არიან ჩართულები, დიდი ალბათობით, დაიცავენ ფიზიკური აქტივობის რეკომენდებულ ნორმებს, რაც დღეში მინიმუმ 60-წუთიან ვარჯიშს და ეკრანის წინ გატარებული დროის 2 საათამდე და მეტად შემცირებას გულისხმობს.

გარდა ამისა, ბავშვები, რომლებიც მშობლებთან ერთად ვარჯიშობენ, აღნიშნავენ ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, მათ შორის შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების შემცირებას, ცხოვრებით კმაყოფილებას და სტრესის შესუსტებას.

„ცნობილია, რომ აქტიურ მშობლებს აქტიური შვილები ჰყავთ, თუმცა კვლევების უმეტესობა კონცენტრირებულია მშობლების როლურ მოდელირებაზე ან ბავშვობის ფიზიკური აქტივობის მხარდაჭერაზე. ჩვენი კვლევა კი არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც სწავლობდა ოჯახის ერთობლივი აქტივობის გავლენას მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე,“ – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

ჯანმოს მონაცემებით, მოზარდების 80% არ იღებს საკმარის ფიზიკურ აქტივობას, ყოველი მეხუთე კი ეკრანებთან დღეში სულ მცირე 4 საათს ატარებს.

კვლევის განმავლობაში მკვლევრებმა კანადაში მცხოვრები 8 ათასზე მეტი მოზარდის პასუხები გააანალიზეს, რომელთა ასაკი 12-დან 17 წლამდეა.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს,  რომ იმ მოზარდებს შორის, რომლებიც ხშირად იყვნენ სპორტით დაკავებულები ოჯახთან ერთად, 74% იცავდა ეკრანთან ყოფნის დროის ლიმიტს და გაჯეტებთან დღეში 2 საათზე მეტს არ ატარებდა.

81%-მა კი განაცხადა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესახებ. 67%-მა ცხოვრებით კმაყოფილება გამოთქვა, ხოლო 86 %-მა სტრესის დონის შემცირებას აღნიშნა.

სპეციალისტების თქმით,მართალია, მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშები აუმჯობესებს მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, თუმცა ამ აქტივობების ოჯახთან ერთად კეთება ამ შედეგებს ბევრად აძლიერებს. ეს ხდება ემოციური კავშირების გამყარებისა და სოციალური მხარდაჭერის განცდის წყალობით.

ოჯახური აქტივობები, როგორიცაა სეირნობა, სპორტი ან ლაშქრობა არა მხოლოდ სასიამოვნოს ხდის ვარჯიშებს, არამედ მათ ეფექტს რამდენჯერმე აუმჯობესებს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

ამასთან, სპეციალისტების რჩევაა, მშობლებმა ბავშვები ერთობლივ ვარჯიშში არა ძალდატანებით, არამედ მშვიდი ტონით და დაინტერესების გზით, სხვადასხვა სასიამოვნო აქტივობის შეთავაზებით ჩართონ.

* * *

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ” წყარო: www.goodlife.ge ”

გადადით ლინკზე – მნიშვნელოვანი გაფრთხილება მკითხველისთვის 

Check Also

4 საუკეთესო ვარჯიში მოწყობილობების გარეშე, სხეულის ზედა ნაწილის გაძლიერებისთვის

სხეულის იატაკიდან აწევა შესაძლოა საკმაოდ რთული იყოს, განსაკუთრებით თუ ამას სისტემატურად არ აკეთებდით. ხოლო თუ ახლა ვარჯიშების კეთებას რეგულარულად დაიწყებთ,  სხეულის ზედა ნაწილს ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე გაიძლიერებთ. ერთადერთი, რაც დაგჭირდებათ - სკამი და იოგის ხალიჩაა.